...
16 დეკემბერი 2019
საერთაშორისო კონფერენციის - "სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები" შედეგები
ადვოკატირება

5-6 დეკემბერს, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI) ფინანსური მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჩაატარა კონფერენცია - „სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“. კონფერენციაში მონაწილეობდა 30 ქვეყნის წარმომადგენელი, ისტორიკოსები, არქივის მკვლევრები, იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო არქივების თანამშრომლები. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ ისტორიის და მეხსიერების კვლევების აღიარებული სპეციალისტები, რომლებიც წლებია მუშაობენ ისტორიოგრაფიასა და მეხსიერების კვლევებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მათი ავტორობით გამოიცა არაერთი პუბლიკაცია და კვლევა, განხორციელდა პროექტები თუ სხვადასხვა აქტივობები. მათი უმეტესობა ასწავლის ცნობილ უნივერსიტეტებში საერთაშორისო მასშტაბით და დაკავებული არიან კვლევითი საქმიანობით წამყვან კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუტებში. სწორედ ამ მკვლევრებთან საერთო პროექტების დაგეგმვა, ასევე ღია არქივების ქსელში ჩართვა იყო არა მხოლოდ კონფერენციის, არამედ მთელი საარქივო პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი.

 

ღია არქივების ქსელი შეიქმნა 2017-2018 წლებში განხორციელებული ანალოგიური პროექტის ფარგლებში. თავდაპირველად, ის აერთიანებდა 10 ქვეყანას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ხოლო 2019 წლიდან ქსელის წევრი, აღმოსავლეთის პარტნიორობის კიდევ 8 ქვეყანა გახდა. ღია არქივების ქსელი ითვალისწინებს თითო ქვეყანაში 2 სახელმწიფო არქივის შეფასებას. ამათგან ერთი არქივი არის ცენტრალური ან ისტორიული, ხოლო მეორე ინახავს ტოტალიტარული რეჟიმების ძალოვანი სტრუქტურების (მაგალითად ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, КГБ-ს) დოკუმენტებს. შეფასება ხდება უნივერსალური მეთოდოლოგიის საფუძველზე, რის შემდეგაც დგება რეიტინგი როგორც ცალკეული არქივების, ასევე ქვეყნების მიხედვით. რეიტინგისა და ამა თუ იმ არქივში გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, ქსელის წევრები ახორციელებენ საკუთარ ქვეყნებში არქივების ღიაობის ადვოკატირებას, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

 

 

მოწვეულმა საერთაშორისო სპეციალისტებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პროექტის მიზანი - წარმოაჩინოს სხვადასხვა ქვეყნების საარქივო სისტემის სპეციფიკა და განსაკუთრებით ის დაბრკოლებები, რაც შეიძლება მათ შეხვდეთ ნაკლებად ღია არქივებში ვიზიტისას, ძალიან დაეხმარებათ სამომავლო კვლევების დაგეგმვისას მათ და განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც კონკრეტულ არქივში პირველად აპირებენ ვიზიტს და მუშაობას. კონფერენციის მიმდინარეობისას დაიგეგმა არაერთი სამომავლო ინტერდისციპლინარული კვლევა და ღონისძიება, რომელსაც მონაწილეები ერთობლივად განახორციელებენ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია მეხსიერების პოლიტიკის მიმართულებით ერთობლივი კვლევის დაგეგმვა, რომლის მეთოდოლოგიასაც IDFI-ის ანალიტიკოსი, მეგი ქარცივაძე შეიმუშავებს.

 

კონფერენციის პირველი დღე მთლიანად დაეთმო სახელმწიფო არქივების ღიაობას. IDFI-ის არქივების, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე მიესალმა სტუმრებს და მადლობა გადაუხადა კონფერენციაზე დასწრებისთვის. ამის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივების დირექტორმა, ომარ თუშურაშვილმა გააკეთა მოხსენება, მიესალმა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა ამგვარი პროექტებისა და დისკუსიების მნიშვნელობას სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობისთვის. გარდა ამისა მან მონაწილეები მიიწვია მის დაქვემდებარებაში მყოფ შსს პარტიულ არქივში არამხოლოდ მათი მუშაობის პრინციპების, არამედ უშუალოდ დოკუმენტების გასაცნობადაც.

 

კონფერენციის პირველი დღე ოთხ პანელად იყო დაყოფილი და ეხებოდა ყოფილი საბჭოთა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების არქივების წვდომასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, სამართლებრივ რეგულაციებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებსა და არქივების როლს მეხსიერების კვლევებში. პირველ პანელზე, რომელსაც უძღვებოდა კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორობის კანდიდატი, სარა სლაი, ლინდა ნორისმა (Global Networks, International Coalition of Sites of Conscience-ის დირექტორი), პაველ ზაჩეკმა (ჩეხეთის პარლამენტის წევრი/CEVRO Institute-ის ლექტორი), გიორგი მამულიამ (მკვლევარი, Higher School of Social Sciences (EHESS) და გინტს ზელმენსმა (ლატვიის ეროვნული არქივი) განიხილეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები არქივების ხელმისაწვდომობის კუთხით.

 

ლინდა ნორისმა ისაუბრა მისი ორგანიზაციის, Coalition of Sites of Conscience-ის საქმიანობაზე, რომლის მიზანიცაა მეხსიერების ადგილების შექმნა-გაძლიერება იმისთვის, რომ გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა წარსულისა და აწმყოს დაკავშირებაში, რაც უფრო სამართლიანი და ჰუმანური მომავლის შექმნის საწინდარი გახდება. მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა კოალიციის გამოცდილება მუზეუმებისა და არქივების მოდერნიზების, რესტრუქტურიზაციისა და არქივების ღიაობის წახალისების კუთხით. ლინდა ნორისმა მოიყვანა არგენტინის, გვატემალას, სიერა ლიონეს, უკრაინის, სამხრეთ აფრიკის, შრი ლანკას, ავღანეთის, ლიბანის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ბანგლადეშის, კენიის, იტალიისა და აშშ-ის არქივებისა და მუზეუმის მაგალითები. მისმა პრეზენტაციამ აჩვენა თუ როგორ იყენებენ სხვადასხვა კონტინენტების ქვეყნები მეხსიერების ადგილებს უახლესი ისტორიის ტრავმულ გამოცდილებასთან გასამკლავებლად.

 

პაველმა ზაჩეკმა, რომელიც იყო ტოტალიტარული რეჟიმების შესწავლის ინსტიტუტისა და უშიშროების არქივების დირექტორი ჩეხეთში და დღესდღეობით ქვეყნის პარლამენტის წევრია, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება არქივების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ გახსნა ჩეხეთმა არქივების ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. ჩეხეთის საარქივო სისტემა რეგიონში ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ხელმისაწვდომობისა და ღიაობის კუთხით, შესაბამისად, პაველ ზაჩეკის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა არქივების ღიაობის გასაზრდელად ჩატარებულ აუცილებელ ღონისძიებებს, სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო აუდიტორიისთვის.

 

გიორგი მამულიამ ისაუბრა საფრანგეთის არქივებში დაცულ მასალაზე. მან მონაწილეებს გააცნო აღნიშნულ ინსტიტუციებში დაშვების წესები და რეგულაციები. მამულიამ მაგალითად მოიყვანა რამდენიმე კვლევა, რომელიც მას განუხორციელებია საფრანგეთის არქივებში. მისი პრეზენტაცია მოიცავდა ღირებულ ინფორმაციას ღია არქივების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, რაც შესაძლოა სამაგალითო მოდელად გამოდგეს სხვა ქვეყნებისთვის.

 

გინტს ზელმენისი არის ლატვიის სახელმწიფო არქივის ის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო 2018 წელს მათთან დაცული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (ყოფილი КГБ) მასალის გამოქვეყნებაზე. აღნიშნული ნაბიჯი ჯერ არც ერთ ყოფილ საბჭოთა ან აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყანას არ გადაუდგამს და ეს საარქივო ღიაობის საუკეთესო მაგალითია რეგიონში. მან ისაუბრა აღნიშნული პროცესის სირთულეებზე და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას.

 

მეორე პანელს, სამართლებრივი რეგულაციებისა და არქივებთან წვდომის პრაქტიკის შესახებ, უძღვებოდა IDFI-ის თანადამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი, ლევან ავალიშვილი. ევგენი სმირნოვმა (იურისტი, Команда 29, რუსეთის ფედერაცია) და ნინო მერებაშვილი-ფიშერმა (მთავარი იურისტი, IDFI) განიხილეს არქივებთან და მეხსიერების კვლევებთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართლებრივი პრაქტიკები, ელმირა ნოგოიბაევამ (ანალიტიკური ცენტრის „Policy Asia“ დირექტორი) კი დამსწრეებს გააცნო Esmide - პლატფორმა ისტორიისა და მეხსიერების კვლევებისთვის ყირგიზეთსა და ცენტრალურ აზიაში.

 

ევგენი სმირნოვმა, მისი პირადი და საკუთარი გუნდის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ისაუბრა არქივების წვდომასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებზე რუსეთის ფედერაციაში. მან აღწერა ის სირთულეები, რასაც მკვლევრები და მოქალაქეები აწყდებიან რუსეთში, კონკრეტულ დოკუმენტებზე დაშვების კუთხით. სახელმწიფო აქტიურად ზღუდავს დაშვებას დოკუმენტებზე, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო საიდუმლოებებს ან სხვა ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომელიც გასაიდუმლოებულია სახელმწიფოს მიერ. მისი პრეზენტაცია კარგი მაგალითი იყო იმ პრობლემების თვალსაჩინოებისთვის, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის არქივებში არსებობს და რომელიც უნდა გადაილახოს.

 

ნინო მერებაშვილი-ფიშერმა ისაუბრა სასამართლო დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც IDFI-მ მოუგო საქართველოს ეროვნულ არქივს და სასამართლომ დაავალა მოპასუხე მხარეს, რომ საჯარო გაეხადა ინფორმაცია იმ აპლიკანტების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც უარი ეთქვათ საარქივო დოკუმენტებზე წვდომაზე და ასევე საჯარო გაეხადა უარის თქმის იურიდიული დასაბუთება. გარდა ამისა, მან ისაუბრა IDFI-ის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა არ მიიღო პარლამენტმა, IDFI განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას და, შესაბამისად, ამაზე დისკუსია სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო.

 

ელმირა ნოგოიბაევამ გააკეთა პრეზენტაცია პლატფორმის Esmide შესახებ. Esmide-ს მიზნებია: ყირგიზეთისა და ცენტრალური აზიის ისტორიის გააზრება, ისტორიული სიმართლის დადგენა, ყიგრიზეთის XX-XXI საუკუნეების ისტორიის შესწავლის წახალისება, ახალი ინტერდისციპლინარული მეთოდებისა და მიდგომების აღმოჩენა მეხსიერების საკვლევად. ელმირა ნოგოიბაევას პრეზენტაცია საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია მეხსიერების კვლევების ახალი ინსტიტუციური მოდელის შესახებ ყირგიზეთში და გააჩინა სივრცე სამომავლო თანამშრომლობისთვის. 

 

 

მესამე პანელის მონაწილეებმა განიხილეს უშიშროების არქივების წვდომასთან დაკავშირებული გამოწვევები. პანელს უძღვებოდა ანა ოლიინიკი, უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის კვლევითი ცენტრის დირექტორი. ანდრეი კოჰუტი (უკრაინის SBU-ის (ყოფილი KGB-ის) არქივის დირექტორი), დმიტრი დროზდი (ბელარუსის დოკუმენტური ცენტრის წარმომადგენელი) და ელდარ ზეინალოვი (ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი და ჟურნალისტი, აზერბაიჯანი) მონაწილეობდნენ შესაბამის დისკუსიაში.

 

ანდრეი კოჰუტმა ისაუბრა 1980-იანი წლებიდან დრემდე უკრაინის არქივების წვდომასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ. მან ეს პროცესი დაყო 4 პერიოდად: 1980-იანი წლების ბოლოდან 1990-იანების ჩათვლით, 2004-დან 2010-მდე, 2010-დან 2014-მდე და 2014-დან 2019-მდე. უპირველეს ყოვლისა, კოჰუტმა აღწერა გარდამავალი პერიოდი და KGB-ის არქივების გადაცემა სახელმწიფო არქივებისთვის. შემდეგ ასევე ისაუბრა უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შესახებ, აღწერა მასალების დეკომუნიზაციის პროცესი. მან ასევე წარმოადგინა საინტერესო ინფორმაცია საარქივო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ IDFI-ის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების არქივებს შორის უკრაინის არქივები ღიაობის კუთხით მოწინავე პოზიციას იკავებს, კოჰუტის პრეზენტაცია მოიცავდა ღირებულ ინფორმაციას პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ გაზარდონ საკუთარი არქივების ღიაობა.

 

დმიტრი დროზდმა გააკეთა მოხსენება ბელარუსის არქივების წვდომასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო სირთულეებზე. მან წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია იმ საკანონმდებლო შეზღუდვების შესახებ, რის გამოც ბელარუსის არქივები ღიაობის კუთხით ერთ-ერთ დაბალ პოზიციას იკავებენ IDFI-ის რეიტინგში. ამგვარი შეზღუდვები მოიცავს დოკუმენტების კლასიფიკაციას სახელმწიფო და პირად საიდუმლოებად და რეგულაციას, რომელიც კრძალავს იმ დოკუმენტებზე წვდომას, რომლებიც შეიცავს პირად მონაცემებს და მათი შექმნიდანაც 75 წელი არ არის გასული. მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და ბელარუსის პრეზიდენტის და პოლიტიკური ელიტების პირად დამოკიდებულებაზე სტალინის ფიგურისა და სტალინიზმის მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს მეხსიერების ეფექტური პოლიტიკის გატარებას, რომლის საბოლოო მიზანიც საბჭოთა წარსულისა და მემკვიდრეობის ხელახალი გააზრებაა.

 

ელდარ ზეინალოვმა დამსწრეებს გააცნო მოხსენება და ისაუბრა აზერბაიჯანში წარმოქმნილ პრობლემებზე მეხსიერების ფორმირების კუთხით. არქივების აბსოლუტური დახურული ბუნება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის შეუძლებელს ხდის საბჭოთა წარსულის გააზრებას და მოვლენების ობიექტურ შეფასებას.

 

პირველი დღის ბოლო პანელი ეხებოდა არქივების როლს მეხსიერების კვლევებში. პანელს უძღვებოდა ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისა და კავკასიის კვლევების სრული პროფესორი. პანელისტებმა - იან რაჩინსკიმ („საერთაშორისო მემორიალის“ ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაცია), სტანისლავ კოლერმა (საარქივო კვლევების დეპარტამენტი, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი, პოლონეთი), ჰრანუშ ხარატიანმა ( სომხეთის ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი), ვიტაუტას სტარიკოვიჩიუსმა (ვილნიუსის უნივერსიტეტის ლექტორი, ისტორიის დეპარტამენტი და ლიტვის მუზეუმების საინფორმაციო ცენტრი, ლიტვა) და ანა ოლიინიკმა (უკრაინის გამათავისუფლებელი მოძრაობის კვლევითი ცენტრის დირექტორი) - დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება.

 

იან რაჩინსკიმ ისაუბრა რუსეთის ფედერაციაში ისტორიის, მეხსიერების კვლევებისა და არქივების პოლიტიზების მაღალ ხარისხზე. მან მოიყვანა არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს მთავრობა ისტორიულ მეხსიერებას და ხსოვნას საკუთარი ძალაუფლების გასამართლებლად. მისი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ღია არქივების განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ პოლიტიზებული ისტორიის გასააზრებლად. იან რაჩინსკიმ განიხილა სამართლებრივი და პროცედურული გამოწვევები არქივების ღიაობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ართულებს ქვეყნის ისტორიის გადახედვასა და გადაფასებას.

 

სტალისლავ კოლერის პრეზენტაცია ეხებოდა არქივებისა და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მნიშვნელობას ნაციზმისა და კომუნიზმის დანაშაულებისა და მათი მსხვერპლების შესახებ მეხსიერების აღსადგენად. მან აღწერა, თუ როგორ იკვლევს ინსტიტუტი ტოტალიტარული რეჟიმების დანაშაულებს, აგროვებს საარქივო მასალებს, მონაწილეობს ლუსტრაციის პროცესში და მსხვერპლების იდენტიფიკაციასა და რეაბილიტაციაში.  მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი პოლონეთში და ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ შეიძლება ღირებული იყოს რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც აკლიათ ინსტიტუციური მიდგომა მეხსიერების კვლევების მიმართ.

 

ჰრანუშ ხარატიანმა ისაუბრა სომხეთის არქივებზე, როგორც ერის მეხსიერების ფორმირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტზე. მისი თქმით, სომხეთის ეროვნული არქივი და ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივები უმთავრეს როლს თამაშობენ ამ მიმართულებით და ე.წ. „ეროვნული ნარატივის“ შექმნა საარქივო დოკუმენტების გარეშე შეუძლებელია.

 

ვიტაუტას სტარიკოვიჩიუსმა, ლიტვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ისაუბრა ციფრულ ეპოქაში არსებულ ახალ მიდგომებზე საარქივო მასალებთან მიმართებაში. მან გააჟღერა ინფორმაცია ვებგვერდებზე, რომლებიც ეხება „საერთაშორისო კომისიას ნაცისტური და საბჭოთა ოკუპანტური რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და შეფასებას ლიტვაში“, KGB-ის საქმიანობას ლიტვაში და KGB-ის საარქივო მასალების ონლაინ წვდომას. მისი პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ვირტუალური გამოფენების შესახებ, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს მეხსიერების ადგილების გავლენის გასაზრდელად საზოგადოებაში. ვიტაუტას სტარიკოვიჩიუსმა წარმოადგინა გაციფრულების ახალი პრაქტიკები, რომელიც შესაძლოა გამოსადეგი იყოს სხვა ქვეყნებისთვის, იმისათვის, რომ გახადონ არქივები მეტად ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.

 

ანა ოლიინიკმა წარადგინა პრეზენტაცია უკრაინის გამათავისუფლებელი მოძრაობის კვლევითი ცენტრის პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სპეციალური კურსი უკრაინელი, პოლონელი, ჩეხი და სლოვაკი ჟურნალისტებისათვის, მათთვის საარქივო საქმიანობის გასაცნობად. ამ კურსის ფარგლებში, ჟურნალისტებს ჩაუტარდათ ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა იმუშაონ საარქივო მასალებზე და გამოიყენონ ისინი მედიაში. შედეგად, 50-ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნდა და ზოგიერთმა ჟურნალისტმა ამ სფეროში მუდმივი საქმიანობაც კი განაგრძო. გარდა ამისა, ანა ოლიინიკმა ისაუბრა სპეციალური სახელმძღვანელოებისა და ონლაინ კურსის შექმნის შესახებ იმისათვის, რომ საარქივო მუშაობით დაინტერესებულმა ყველა პირმა მიიღოს ინფორმაცია სპეციფიკური პროცედურებისა და მიდგომების შესახებ. პრეზენტაცია საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც მსგავსმა ინიციატივებმა სხვა ქვეყნებში შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობა.

 

კონფერენციის მეორე დღე დაეთმო მეხსიერების კვლევებს, რაც IDFI-ის პროექტის ახალი კომპონენტია. ამ კომპონენტის მიზანია საარქივო მასალებზე დამყარებული კვლევების პოპულარიზაცია და ტოტალიტარული წარსულის გადააზრება. მეორე დღე გაიხსნა პანელით ინსტიტუციური და სახელმწიფო მეხსიერების პოლიტიკაზე ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში. პანელს უძღვებოდა ნუცა ბათიაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ალექსანდრუ-მურად მირონოვი (ბუქარესტის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის წევრი, საიდ გაზიევი (ბერლინის ჰუმბოლტის უნიევრსიტეტის აზიისა და აფრიკის კვლევების ინსტიტუტის სტუდენტი, უზბეკეთი), ევა ოხმანი (აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლექტორი მანჩესტერის უნივერსიტეტში), მეგი ქარცივაძე (IDFI-ის არქივების, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების ანალიტიკოსი) და იგორ კაშუ (ისტორიკოსი, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოტალიტარული რეჟიმებისა და ცივი ომის კვლევების ცენტრი).

 

ალექსანდრუ-მურად მირონოვმა გააკეთა მოხსენება რუმინეთში, კომუნიზმის დაცემის შემდეგ გატარებულ მეხსიერების პოლიტიკაზე. მისი პრეზენტაცია ეხებოდა რუმინეთის აკადემიისა და ისტორიის კვლევების ინსტიტუტების, ყოფილი იდეოლოგიზებული აკადემიური ცენტრების, მუზეუმების, უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და არქივების საქმიანობას. მირონოვის მოხსენება მოიცავდა საინტერესო ინფორმაციას რუმინული მეხსიერების პოლიტიკის შესახებ, რაც შემდგომში შეიძლება სასარგებლო იყოს სხვა ქვეყნებში შედარებითი ანალიზის გასაკეთებლად.

 

საიდ გაზიევმა ისაუბრა ბოლო დროს უზბეკეთის არქივებში განხორციელებულ ცვლილებებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად საბჭოთა არქივების ტრანსფორმაციისა, საბჭოთა-სტილის შემზღუდველი დამოკიდებულებები ჯერ კიდევ არსებობს, რაც უარყოფითად მოქმედებს არქივების ხელმისაწვდომობაზე. საიდ გაზიევმა ასევე განიხილა არქივებთან დაკავშირებული სამართლებრივი შეზღუდვები და არაეფექტური მენეჯმენტი. მისი პრეზენტაცია კიდევ ერთი მაგალითი იყო იმის, თუ რა პრობლემები არსებობს პოსტსაბჭოთა სივრცის არქივებში.

 

ევა ოხმანი მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც მუშაობს პოლონეთის მეხსიერების კვლევებზე. მან წარმოადგინა მოხსენება დავიწყებული წარსულის აღდგენა - პოლონეთის გამოცდილება. ევა ოხმანი ავტორია პუბლიკაციებისა: „შერიგება საზღვრის გასწვრივ: პოლონურ-რუსული ურთიერთობები და პოლონეთ-საბჭოთა ომის ისტორიული მეხსიერება“ (Reconciliation across the border: Polish-Russian relations and historical memories of the Polish-Soviet War); „ყირიმამდელი და ყირიმის შემდგომ მეხსიერება პოლონეთში: საზოგადოებრივი სივრცის დე-კომუნიკაციის კანონმდებლობა“ (Memory in Poland before and after Crimea: Legislating the De-Communization of Public Space); „ეროვნული მეხსიერების სივრცე და საკამათო საბჭოთა ომის მონუმენტები პოლონეთში: ვარშავის ძმათა სასაფლაოს მონუმენტი“ (Spaces of Nationhood and Contested Soviet War Monuments in Poland: The Warsaw Monument to the Brotherhood in Arms) - რომლებზეც მან ისაუბრა კონფერენციის მიმდინარეობისას.

 

მეგი ქარცივაძის პრეზენტაცია ეხებოდა საქართველოში გატარებულ მეხსიერების პოლიტიკას 1991 წლიდან დღემდე ოთხი მიმართულებით: სამართლებრივი, ინსტიტუციური, მემორიალური და მონუმენტური. მან ისაუბრა სამართლებრივ ინიციატივებსა და ცვლილებებზე, ასევე ინსტიტუტებზე, რომლებიც განსაზღვრავენ მეხსიერების პოლიტიკას საქართველოში. ამის შემდგომ, მან განიხილა დღესასწაულები, ქუჩის დასახელებები და მონუმენტები, რომლებიც ეხება ქვეყნის პრობლემატურ წარსულს. გარდა ამისა, მეგი ქარცივაძის პრეზენტაცია მოიცავდა საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების მეხსიერების პოლიტიკის შედარებით ანალიზს, რაც ქმნის დამატებით სივრცეს იმისთვის, რომ ერთმანეთს შედარდეს სხვადასხვა ქვეყნების მეხსიერების პოლიტიკა.

 

იგორ კაშუმ ისაუბრა მოლდოვაში კომუნისტური რეჟიმის შემსწავლელი საპრეზიდენტო კომისიის საქმიანობაზე, ყოფილი КГБ-ისა და შსს არქივების გახსნაზე და იმ მიზეზებზე, რის გამოც ეს პროცესი გარკვეულწილად შეფერხდა. მან აღნიშნა, რომ ამის მიზეზი პარლამენტის წვერებს შორის შეუთანხმებლობა გახდა, რითაც ჩაიშალა საჭირო კანონების მიღების პროცესი. ამის გამო, მოლდოვაში არ არსებობს კანონი, რომელიც ყოფილი ძალოვანი არქივების ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბებასა და მათ ღიაობას განაპირობებდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ელიტებში არსებული კორუფცია კიდევ ერთი პრობლემაა, რაც განაპირობებს არაეფექტურ მეხსიერების პოლიტიკას ქვეყანაში მაშინ, როცა პოლიტიკური ნებისა და ფინანსური რესურსების არარსებობის გამო ქვეყანაში არ არის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც გამოიკვლევდა კომუნისტურ წარსულს.

 

მეორე პანელი ეხებოდა კოლექტიურ მეხსიერებას ტოტალიტარული კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ. პანელს უძღვებოდა თამთა ხალვაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. პანელში მონაწილეობდნენ მიშა გაბოვიჩი (პოტსდამის აინშტაინის ფორუმის მკვლევარი), ალექსანდრა ცაი (“Open Mind”-ის კულტურის მკვლევარი ყაზახეთში), შანდორ ჰორვატი (უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამედროვე ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და ედგარს ენგიზერსი (ბალტიის საერთაშორისო აკადემიის ფაკულტეტის წევრი).

 

მიშა გაბოვიჩმა გააკეთა მოხსენება იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია საბჭოთა ომის მემორიალებს 1989 წლის შემდეგ. მან განიხილა მემორიალებისადმი მიდგომები სხვადასხვა სახელმწიფოში. მისი ანალიზი მოიცავდა ისტორიულ კონტექსტს, სამართლებრივ მხარეებს, ინსტიტუციებს, ინოვაციურ მცდელობებს, ახალ კონსტრუქციებს, რეინტერპრეტაციას, ნგრევას, ცვლილებას და ჩარევას ხელოვნებაში. საბჭოთა კავშირის, პოსტ საბჭოთა სივრცის, ცენტრალური და აღმოსავლეთის ევროპის მრავალ მაგალითზე დაყრდნობით, მიშა გაბოვიჩმა აღნიშნა, რომ მონუმენტების აღების ცენტრალიზებული კამპანია გამონაკლისი უფრო იყო ვიდრე ნორმა ამ რეგიონში.

 

   

 

ალექსანდრა ცაიმ ისაუბრა ხელოვანების როლზე მეხსიერების პოლიტიკაში. მან განიხილა არტისტები, როგორც მეხსიერების აგენტები და ხელოვნება - როგორც ყაზახეთის კოლექტიური მეხსიერების მედიუმი. მან აღნიშნა, რომ არტისტების მთავარი მიზანი იყო სტალინიზმის გადააზრება ახალი პერსპექტივიდან და ახალგაზრდა თაობის დაინტერესება ამ საკითხით. ალექსანდრა ცაის პრეზენტაცია მოიცავდა ოლეგ კარპოვის, ალექსანდრ უგაის, რომან ზახაროვის, ზოია ფალკოვას, საიდ ატაბეკოვისა და ასელ კადირხანოვას ნაშრომებს. ხელოვნების გზით ტრამვული წარსულის შეფასება, რაზეც ალექსანდრა ცაიმ ისაუბრა, კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივაა, რაც წარმოდგენილი ქვეყნებისთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს ახალი მეთოდებით მეხსიერების პოლიტიკის განსავითარებლად.

 

შანდრონ ჰორვატი არის საარქივო კოლექციების შეგროვების და ევროპის ერთიანი საარქივო სივრცის შექმნის ინოვაციური პროექტის - Cultural Opposition - Courage – Connecting Collections ერთ-ერთი წევრი და კურატორი. აღნიშნული პროექტით ონლაინ ხელმისაწვდომი ხდება ევროპის ქვეყნების საარქივო დოკუმენტები და ნებისმიერ მკვლევარს სამეცნიერო, პოპულარული სტატიების შექმნა, ასევე ისტორიის მიმართულებით სხვადასხვა ინოვაციური პროექტების განხორციელება საკუთარი კომპიუტერის მეშვეობით განახორციელონ. შანდორ ჰორვატმა შესთავაზა მონაწილეებს ამ პლატფორმაში აქტიური ჩართვა და მზადყოფნა გამოთქვა ამისთვის.

 

 

ენდგარს ენზინგერსის მოხსენება ეხებოდა ლატვიის კოლექტიურ მეხსიერებას ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ. მან აღწერა, თუ როგორ გაცოცხლა მეორე მსოფლიო ომამდე არსებული ნარატივები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და როგორ უარყო ლატვიამ საბჭოთა ისტორიოგრაფია ნაციონალიზმის ზრდის პარალელურად. ენზიგერსმა აჩვენა, თუ როგორ შეაღწია ვესტერნიზაციამ და „ჰოლივუდიზაციამ“ ლატვიის მეხსიერებაში. მან ასევე გაუსვა ხაზი KGB-ის არქივების გახსნას 2014-ში და მთავრობის მიერ მხარდაჭერილ დაუსრულებელ კვლევას, რის გამოც ქვეყანაში KGB-ის აგენტები დაიგმო ისე, რომ ვერ მოხერხდა KGB-ის, ცენტრალური კომიტეტისა და საბჭოთა სისტემის შეფასება და გადააზრება. გარდა ამისა, მან ისაუბრა კრემლის მეხსიერების ომზე ლატვიაში, რაც ფოკუსირებულია საბჭოთა წარსულის განდიდებაზე.

 

კონფერენციის ბოლო პანელს უძღვებოდა ანტონ ვაჭარაძე, IDFI-ის არქივების, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების ხელმძღვანელი. პანელი ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა აირიდონ ქვეყნებმა თავიდან ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების დავიწყება. პანელისტები იყვნენ: მომჩილ მეთოდიევი (ბულგარეთის უახლესი ისტორიის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი), მეელის საეუაუკი (ესტონეთის ისტორიული მეხსიერების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი) და პალვიზ მულოჯონოვი (უპსალას უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი ტაჯიკეთიდან).

 

მომჩილ მეტოდიევის პრეზენტაცია ეხებოდა საინტერესო პერიოდს ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიიდან. მან ისაუბრა ეპისკოპოსებზე, რომლებიც გადაბირებულნი იყვნენ უშიშროების სამსახურების მიერ საზღვარგარეთ გაგზავნილი გასაიდუმლოებული ინფორმაციის მოსაპოვებლად. მეთოდიევის თქმით, მან არქივში მუშაობის შედეგად გამოაქვეყნა მასალები, სადაც დადასტურებულია, რომ ბულგარეთის ეკლესიაში 15-დან 11 ეპისკოპოსი თანამშრომლობდა უშიშროების სისტემასთან. მან, ასევე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის პრაქტიკა, თუ როგორ იბირებდნენ ტოტალიტარული რეჟიმები რელიგიურ ლიდერებს.

 

მეელის საეუაუკი ესტონეთის მეხსიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია. აღნიშნული ინსტიტუტი ერთ-ერთი საუკეთესო ინსტიტუციაა, რომელსაც წარსულის გააზრების კუთხით ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და აქტიურად უზიარებს თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებსაც. ინსტიტუტი მომავალი 5 წლის განმავლობაში გეგმავს ტალინის ერთ-ერთი უდიდესი, პატარეის ციხე გადააკეთოს კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალად, ასევე ინსტიტუციურად შეაკავშიროს აღნიშნული მიმართულებით მოქმედი ორგანიზაციები ევროპის მასშტაბით. მეელისმა ისაუბრა მეხსიერების ინსტიტუტის საქმიანობასა და პროექტებზე.

 

პარვიზ მულოჯონოვმა ისაუბრა თანამედროვე რუსეთის ხელისუფლებისა და ადგილობრივი ელიტების როლზე ტაჯიკეთის დესოვიეტიზაციის პროცესში. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის მთავრობა ამ პროცესს რამდენიმე მიზეზის გამო აფერხებს: გეოპოლიტიკური მისწრაფებები, საერთო წარსულის იდეალიზება, კულტურული გავლენების დაკარგვის შიში და რბილი ძალის პოზიციონირება კონსერვატორ და კომუნისტურ საფუძვლებზე.

 

კონფერენცია დაიხურა მრგვალი მაგიდით, რომელსაც მიშა გაბოვიჩი უძღვებოდა და კონფერენციის ყველა მონაწილე ესწრებოდა. მონაწილეებმა განიხილეს მეხსიერების პოლიტიკა რეგიონში და მის გარეთ. ზოგიერთმა მონაწილემ ასევე გააჟღერა საინტერესო ინიციატივები და შეთავაზებები. მიშა გაბოვიჩმა დამსწრეებს მოუწოდა, რომ გაეგზავნათ ნაშრომები მეხსიერების კვლევების ასოციაციის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ვირჯინიის უნივერსიტეტში 18-21 ივნისს, 2020 წელს. მან, ასევე, შეატყობინა მონაწილეებს, რომ პოსტსოციალისტური და შედარებითი მეხსიერების კვლევებზე მომუშავე ჯგუფის მიერ ორგანიზებული პირველი კონფერენციისთვის, რომელიც 2020 წლის 24-26 სექტემბერს გაიმართება კიშინოვში, მოლდოვაში, განაცხადების მიღება მალე დაიწყება. ანა ოლიინიკმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია უკრაინაში დაგეგმილი კონფერენციის შესახებ, რომელიც იქნება თემაზე: „როგორ გავუმკლავდეთ წარსულს?“. მან განაცხადა, რომ კონფერენცია სავარაუდოდ 2020 წლის აგვისტოში ჩატარდება. ელმირა ნოგოიბაევამ კი მონაწილეებს უთხრა, რომ ცენტრალურ აზიაში ჩატარდება კონფერენცია მეხსიერების კვლევების შესახებ, რომელიც მიეძღვნება „მანქურთის“ ფენომენს.

 

საბოლოოდ, კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ არქივების ღიაობის ადვოკატირებას თავიანთ ქვეყნებში. ანტონ ვაჭარაძემ მათ გააცნო არქივების ღიაობის შესაფასებელი ელექტრონული სისტემა. მონაწილეები შეაფასებენ არქივებს ამ სისტემის მიხედვით და საბოლოო, ერთობლივი კვლევა მომზადდება ამ მონაცემებზე დაყრდნობით.

 

კონფერენციის მონაწილეები მოხსენებებისა და დისკუსიის გარდა ეწვივნენ ორ ინსტიტუციას. საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და შსს არქივის კომუნისტური პარტიის არქივს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ ქვეყანაში საბჭოთა ოკუპაციის ამსახველ დარბაზს - ექსპოზიციას საქართველოს გაწითლებისა და საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. საქართველოს შსს-ის არქივის ე.წ. „პარტიული ორგანოების არქივში“ მონაწილეებს თემატურად გააცნეს ის დოკუმენტები, რომელთა შესახებაც კონფერენციის გახსნისას მათ არქივის დირექტორს, ომარ თუშურაშვილს მოახსენეს. ორივე ინსტიტუციაში გაგრძელდა დისკუსია და დებატები მუზეუმების და მეხსიერების, არქივების და საბჭოთა წარსულის შესახებ და მონაწილეებმა აქტიურად გაცვალეს იდეები, როგორც ერთმანეთში, ასევე ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებთანაც.

 

___

კონფერენცია დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში.