...
24 აპრილი 2020
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება
ადვოკატირება

 

თანამედროვე საზოგადოება სრულად აღიარებს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების პრაქტიკის არსებობას ყოფილ საბჭოთა კავშირში. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, სახელმწიფოებმა საკუთარ თავზე აიღეს მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენისა და მათი სამართლებრივი რეაბილიტაციის ვალდებულება. აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.

 

პოლიტიკური რეპრესიებისა და კომუნიზმის მსხვერპლთა უფლებები, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში მაღალ დონეზეა დაცული. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ყოფილი საბჭოთა კავშირის, ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითები, სადაც აღდგენილია ჩამორთმეული ქონებრივი უფლებები და რეაბილიტირებულები სარგებლობენ მნიშვნელოვანი სოციალური დახმარებით. დამოუკიდებლობის პერიოდში, ესტონეთმა სულ განახორციელა 6.000 ბინის და 1.7 მილიონი ჰექტარი მიწის ფართობის რესტიტუცია, ლატვიამ - 10.000 ბინის. ლიეტუვაში ფართოა კომუნიზმის მსხვერპლთა სია და რეპრესირებულებთან ერთად, მასში შედიან 1944-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომისთვის მობილიზებულები, პარტიზანები, ავღანეთის ომის მონაწილეები და სხვა პირები.[1]

 

საქართველოს მოქალაქეებმა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე მასობრივი რეპრესიები 1921 წლის თებერვლიდან - 1990 წლის 28 ოქტომბრამდე განიცადეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობა სსრკ-ის ტერიტორიაზე 6-დან 20 მილიონამდე მერყეობდა[2].

 

საქართველო,  ისწრაფვის ევროკავშირისაკენ და, შესაბამისად, ვალდებულია, უზრუნველყოს ევროპის ქვეყნებში არსებული სტანდარტების დანერგვა სხვადასხვა მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ქვეყანამ სრულად გაიაზროს საკუთარი პოზიტიური ვალდებულება და აღადგინოს რეპრესირებულთა დარღვეული უფლებები, მათთვის ერთჯერადი კომპენსაციის მიცემის, ქონებრივი უფლებების აღდგენისა და სოციალური შეღავათებისა და დახმარების გაწევის გზით.

 

IDFI თვლისრომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა სოციალური დაცვის პაკეტები და საყოფაცხოვრებო სუბსიდია არ არის საკმარისი მინიმალური ყოველდღიური ფინანსური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის არ არის პროპორციული იმ ზიანთან შედარებით, რომელიც რეპრესირებულმა პირებმა და მათმა შთამომავლებმა განიცადეს. ამ მხრივ, შედარებისთვის, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია XIX-XX საუკუნეებში, განსაკუთრებით 1921-1990 წლებში მიღებული ზიანის გამო სახელმწიფოსგან წელიწადში ათობით მილიონი ლარის კომპენსაციას იღებს.[3]

 

პრობლემურია ისიც, რომ 2006 წლიდან გაუქმდა რეპრესირებული პირებისათვის დადგენილი საყოფაცხოვრებო-კომუნალური შეღავათები, რომლებიც მართალია მცირე ოდენობით, თუმცა მაინც უზრუნველყოფდა რეპრესირებულ პირთა დახმარებას საყოფაცხოვრებო-კომუნალურ ფინანსურ ვალდებულებებთან გამკლავების პროცესში. ასევე გაუქმდა რეპრესირებული პირებისათვის დადგენილი საცხოვრებელი ფართის ქირის შეღავათი. ნაცვლად ამისა, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებისთვის განისაზღვრა საყოფაცხოვრებო სუბსიდია 7 ლარის ოდენობით.

 

დაუშვებელია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათი მემკვიდრეებისთვის კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობის ჩამორთმევა და აღნიშნულის განხორციელების კონკრეტული ვადებით შეზღუდვა (მაგ. 2018 წლის პირველ იანვრამდე). IDFI მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა არღვევს არამარტო იმ პირთა უფლებებს, რომლებმაც დათქმულ ვადამდე ამა თუ იმ მიზეზით ვერ მიმართეს სასამართლოს, არამედ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს იმ მოქალაქეების უფლებებსაც, რომლებმაც ბარიერების გამო ვერ შეძლეს სასამართლოსთვის მიმართვა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სამომავლოდ რეინტეგრაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, აღნიშნული ვადის დაწესება მიუღებელია.

 

ასევე, დღეის მდგომარეობით, არ არის შემუშავებული „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული - რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესის განმსაზღვრელი კანონი.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც იმ პირებს, რომლებმაც 2018 წლის პირველ იანვრამდე მოახერხეს მიემართათ სასამართლოსთვის რეპრესირებულის სტატუსის მიღების მიზნით, აქვთ კანონით დადგენილი მწირი სოციალური დახმარებისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება. იმ პირებს კი, რომლებმაც მოცემულ ვადამდე ვერ მიმართეს სასამართლოს, ჩამორთმეული აქვთ შესაბამისი ერთჯერადი დახმარების, სოციალური დახმარებისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესაძლებლობა.


რეკომენდაციები

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, IDFI-ის რეკომენდაციებია:

 

- განახლდეს 2018 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტილი, რეპრესირებულ პირთა ან მათ მემკვიდრეთა უფლება ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიღების მიზნით, შესაბამისი განცხადებით მიმართონ სასამართლოს. 

 

- გაიზარდოს დადგენილი ერთჯერადი დახმარების ოდენობა: 2018 წლის 1 იანვრამდე, აღნიშნული 1.000-დან 2.000 ლარამდე მერყეობდა. 

 

- სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ იქნეს რეპრესირებულ პირთა გათავისუფლება საყოფაცხოვრებო-კომუნალური გადასახადებისგან. ამ მიზნით, თუ კომუნალურ მომსახურებას გასწევს კერძო კომპანია, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მოახდინოს კომუნალური მომსახურებების სუბსიდირება რეპრესირებულთათვის, მომწოდებელ კერძო კომპანიებთან.

 

- რეპრესირებულებს, რომლებიც არ ფლობენ საცხოვრებელ ფართს, მიეცეთ ყოველთვიური დახმარება ქირის გადასახადის სრული ან ნაწილობრივი დაფარვის მიზნით. 

 

- რეპრესირებულ პირთათვის გათვალისწინებული სოციალური დახმარებისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა უნდა ითვალისწინებდეს რეალურ საარსებო მინიმუმს და იძლეოდეს ბენეფიციართა მიერ ყოველდღიური ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას.

 

- აუცილებელია კანონით დადგენილი იყოს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათი რეპრესირებული პირებისათვის.

 

- მნიშვნელოვანია შემუშავდეს რეაბილიტირებულ პირთა ქონებრივი უფლებების აღდგენის წესის განმსაზღვრელი ცალკე კანონი, შესაბამისი დეტალები კი უნდა განისაზღვროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (მთავრობის დადგენილება), რომელიც დაარეგულირებს კონკრეტულად რეპრესირებულებთან მიმართებით არსებული სოციალური დახმარების, კომუნალური სუბსიდიების, საცხოვრებელი ფართის ქირისა და ერთჯერადი კომპენსაციის საკითხებს. აუცილებელია, აღნიშნული საკითხები დარეგულირებული იყოს დამოუკიდებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რადგან მოცემულ ვითარებაში აღნიშნული გაბნეულია მთავრობის დადგენილებებს შორის, რომელთა კოდიფიცირებული ვერსიები არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, შესაბამისად ძალზედ გართულებულია საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული რეგულირების შესწავლა.

 

 ___

 

[1] Pettai Vello, Overcoming occupation in the Baltic states: how much truth and justice has there been since 1989?, Address at the conference “25 Years after the Baltic Way and the Collapse of Totalitarian Communism: European Memory and Political Inspiration”, Riga, 2014.

[2]Snyder, Timothy (2010). Bloodlands: Europe between Hitler and Stalin. New York.; Pipes, Richard (2001). Communism: A History. USA.

[3] მაგალითად იხილეთ 2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, კოდი 45 00: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4734727?publication=0.

 

 

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.