...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

ბოლშევიკური პროპაგანდა ქართველი სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) წინააღმდეგ

08 სექტემბერი 2020


ავტორები: ანტონ ვაჭარაძე - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
მეგი ქარცივაძე - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ანალიტიკოსი, რუსეთის კვლევების მაგისტრი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი.

 

1921 წლის მარტში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა ქვეყანა დაეტოვებინა და ბრძოლა ემიგრაციაში განეგრძო. აღნიშნულ გადაწყვეტილება მას შემდეგ განხილვის საგნად რჩება და ამ ქმედებას ჰყავს როგორც მოწინააღმდეგეები, ასევე მხარდამჭერები. საქართველოს დატოვებას თავისი მიზეზები ჰქონდა და ის გამოწვეული იყო შექმნილი საერთაშორისო ვითარებით, ძალთა უთანასწორობით და, რაც მთავარია, მომავლის იმედით, რომ დიპლომატიური ბრძოლით საქართველოს მთავრობა შეძლებდა ბოლშევიკური რუსეთის აღიარების შეჩერებას, ლეგიტიმაციის სრულ აღდგენას და ქვეყანაში დაბრუნებას.


წითელი არმიის შემოსვლა თბილისში 1921 წლის თებერვალში

1921 წლის საქართველოს ოკუპაციას საბჭოთა რუსეთი წარმოაჩენდა როგორც შიდა აჯანყებას, ხოლო ბოლშევიკებს - როგორც აჯანყებულების დამხმარეებს. იმავე წლის მარტიდანვე დაიწყო სხვადასხვა სახის პროპაგანდა და გაგრძელდა რამდენიმე წლის მანძილზე. ბოლშევიკური მე-11 წითელი არმიის ოფიციალური დასახელება გადაკეთდა როგორც „კავკასიის განმათავისუფლებელი არმია“, დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია გაზეთებში კომუნისტური რეჟიმის სიკეთეებზე. ამავდროულად დიდი იყო წინა ხელისუფლების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული შავი პიარის წილი. იმ პერიოდის გაზეთებში ყოველდღიურად იბეჭდებოდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ჟორდანიას მთავრობამ „საწყობები არ გახსნა“ და იმის მაგივრად, რომ მშიერი ხალხისთვის დაერიგებინა, უამრავი პროდუქტი გააფუჭა - ამ ფაქტს კომუნისტური პერიოდის ისტორიოგრაფია 70 წლის მანძილზე იმეორებდა. ჩატარდა საჩვენებელი აქციები - ბოლშევიკებმა ვითომ და გახსნეს საცავები, ხალხს საღად გადარჩენილი პროდუქტი დაურიგეს და ა.შ.

მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებშიც. მაგალითად, საბჭოთა რეჟიმი აქტიურად ახდენა იქამდე უკრაინის სახალხო რესპუბლიკას სათავეში მყოფი უკრაინის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის დემონიზაციას. საბჭოთა პროპაგანდა მას წარმოაჩენდა, როგორც ბურჟუაზიულ, ნაციონალისტურ პარტიას, მის წევრებს კი ხალხის მტრებად აცხადებდა.  იგივე ეხებოდათ სომეხ დაშნაკებს - სომხეთის რევოლუციური ფედერაციის წარმომადგენლებს, რომლებიც სათავეში ედგნენ სომხეთის პირველ რესპუბლიკას. 1937 წელს სტალინის რეპრესიებში მოყვა ბევრი ადამიანი, ვისაც ამ პარტიებთან თანამშრომლობაში ედებოდა ბრალი.

მიუხედავად აქტიური პროპაგანდისა, საქართველოში ზემოხსენებულმა მიდგომებმა შედეგი ვერ გამოიღო, ბოლშევიკებმა და კომუნისტურმა პარტიამ ვერ მოიპოვა პოპულარობა ხალხის მოთაფვლის გზით. ამას მოწმობს 1921 წლის ივნისში, ნაძალადევის თეატრში გამართული შეხვედრა ადგილობრივ მუშათა კლასსა და ყველაზე გავლენიან კავკასიელ ბოლშევიკს, იოსებ ჯუღაშვილს შორის. სტალინი ჩრდილოეთ კავკასიაში, ნალჩიკში იმყოფებოდა სამკურნალოდ, ის სპეციალურად მოავლინეს თბილისში საქმეების „დასალაგებლად“. სტალინს ფრთხილი გამოსვლა ჰქონდა, ეროვნულ სენტიმენტებზე თამაშობდა და არაერთხელ ახსენა სიტყვები - „ჩვენ ქართველები“, თუმცა მას დასაწყისშივე დაუსტვინეს და საუბრის დასრულება ძლივს მოახერხა. მის შემდეგ ტრიბუნაზე ასული მენშევიკების - ალექსანდრე დგებუაძის, ისიდორე რამიშვილის და სხვათა გამოსვლებს კი ხალხი ოვაციებით შეხვდა. გადმოცემის თანახმად, კრიტიკას და ანტიკომუნისტურ შეძახილებს არ იშურებდნენ რუსი მუშებიც. „მოგვშორდი და შენი წითელი არმიაც თან წაიყვანე!“ - ასეთი სიტყვებით გააცილეს გავლენიანი კომუნისტი. სტალინის კრახს საქართველოს უმაღლეს წრეებში „ყურის აწევები“ მოჰყვა - თანამდებობა დაკარგა საქართველოს რევკომის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ და ის ბუდუ მდივანმა ჩაანაცვლა.[1]

 


ალექსანდრე (საშა) დგებუაძე

 

ბოლშევიკების არაპოპულარობაზე ყურადღებას ამახვილებდნენ არა მარტო იმდროინდელი ქართველი მენშევიკები და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოღვაწეები, არამედ თვით ქართველი ბოლშევიკების ისეთი გავლენიანი წარმომადგენლები, როგორიც ფილიპე მახარაძე გახლდათ. საიდუმლო მოხსენებაში, რომელიც შემდგომში პრესაშიც გავრცელდა, ის მიუთითებდა ბოლშევიკების უკიდურეს არაპოპულარობაზე და პარტიას სთავაზობდა სიტუაციის გამოსასწორებლად განსხვავებული ზომები მიეღოთ.[2]

ცხადი იყო, რომ ბოლშევიკების მიზნები საქართველოში არ გამართლდა და საჭირო გახდა რეპრესიული მანქანის ამოქმედება. უპირველეს ყოვლისა, კომუნისტების გავლენით საქართველოში შედგა ილუზორული ოპოზიციური ძალა. 1923 წლის 28 მარტს, ე.წ. „მენშევიკური პარტია“ თბილისში იმავე სასახლეში შეიკრიბა, სადაც საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა გამოაცხადა. პარტიას ბოლშევიკური რეჟიმისა და მისი უშიშროების ორგანოების მხრიდან ზეწოლით და ტერორის გამოყენებით „სათავეში ჩაუყენეს“ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, იოსებ მაჭავარიანი (რომელიც 1937 წელს შინსახკომის სამეულის გადაწყვეტილებით დახვრიტეს).  პარტიული ყრილობის შედეგები, რომლის შესახებაც მცირე ხანში გაზეთში - „Заря Востока“გამოქვეყნდა, საინტერესოდ გვიხატავს ამ კრებას. დოკუმენტს ხელი მოაწერა 75-მა დელეგატმა და მიიღო გადაწყვეტილება პარტიის ლიკვიდაციის და კომუნისტურ პარტიასთან შეერთების თაობაზე: „მუშათა კლასის რევოლუციური მოძრაობა მთელ მსოფლიოში ვითარდება და ნელ-ნელა იპყრობს დედამიწის დაშორებულ კუთხე-კუნჭულებს, აწარმოებს რა ბრძოლას მტაცებლობისა და ფაშიზმის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში მთავარი მებრძოლი მესამე კომუნისტური ინტერნაციონალია. იმ დროს, როცა ბრძოლაშია ჩართული პროლეტარიატის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩვენ, როგორც ძველი რევოლუციონერები ვფიქრობთ, რომ განცალკევებული მოქმედებით ვაძლიერებთ მუშათა და გლეხთა მოწინააღმდეგეთა ფრონტს.“[3] დადგენილებაში ნახსენები იყო ჟორდანია-ვეშაპელის[4] ბლოკიც, როგორც ნაციონალისტურ-შოვინისტური ტენდენციებით გარშემორტყმული, დრომოჭმული პარტია, რაც უცნაური იყო იმის გათვალისწინებით, რომ ფორმალურად ეს ადამიანებიც „მენშევიკების“ სახელით შეიკრიბნენ.

 

  
"მენშევიკური პარტიის" ყრილობა მეფისნაცვლის (თანამედროვე მოსწავლე-ახალგაზრდობის) სასახლე, 1923 წლის 28 მარტი


"75 მენშევიკის" მიერ გავრცელებული სტატია პარტიის დაშლის შესახებ

 

ლიკვიდაციის შემდეგ დაიწერა არა ერთი წერილი გაზეთებში, რომლებსაც ხელს აწერდნენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურადაც. „66 მენშევიკის წერილი“, „შრომის შვილნი უბრუნდებიან მშრომელთა რევოლუციურ ოჯახს“ და სხვა პუბლიკაციები ნათლად აჩვენებს საზოგადოებაში დანერგილ მზარდ ტერორს.წერილი გამოაქვეყნა იოსებ მაჭავარიანმაც, ყველაზე მაღალჩინოსანმა მენშევიკმა, რომელიც ბოლშევიკების რიგებში გადავიდა. ხელისუფლებაში მოსულებმა დაიწყეს ძლიერი, გამარჯვებული ძალის სახის დემონსტრირებაც და ტერორის აქტიურ ფაზაში გადავიდნენ და დაიწყეს საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად პატივსაცემი ფენების, სამხედროების, ეკლესიის მსახურების და ყოფილი პოლიტიკოსების ფიზიკური ლიკვიდაცია: 1923 წელს გაანადგურეს სამხედრო ცენტრი კონსტანტინე აფხაზის და კიდევ 14 მაღალი რანგის სამხედროს შემადგენლობით; მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ 1921 წლიდანვე გატარდა ხისტი მოქმედებები, რაც კათალიკოს პატრიარქის, ამბროსი ხელაიას გენუის კონფერენციისადმი მიწერილი წერილის გამო დასჯით გაგრძელდა; 1924 წელს შეიპყრეს საფრანგეთის ემიგრაციიდან დაბრუნებული პირველი რესპუბლიკის რამდენიმე პოლიტიკოსი და სამხედრო: სახალხო გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი, თბილისის ყოფილი მოურავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი და სხვები. ჯუღელის შეპყრობა ყველაზე დიდი „ტროფეიდ“ იქცა. მისი დაკავების შესახებ სტატიები არა მხოლოდ მის წინააღმდეგ, არამედ საზოგადო ზიზღის დათესვისკენაც იყო მიმართული: „6 აგვისტოს თბილისში, საღამოს 10 საათსა და 35 წუთზე დაპატიმრებულ იქნა საზღვარ-გარეთიდან არალეგალურად ჩამოსული, სახალხო გვარდიის შტაბის ყოფ. თავმჯდომარე და მენშევიკური პარტიის ც.კ. წევრი, მთელს საქართველოში ცნობილი ბანდიტი, ოსეთის და აფხაზეთის გამანადგურებელი ვალიკო ჯუღელი, რომელმაც სისხლით მორწყო დუშეთის და სხვა მაზრები...“[5]. ჩეკას ციხეში სავარაუდო წამებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ვალიკო ჯუღელს დააწერინეს რამდენიმე ვრცელი წერილი და გაზეთ კომუნისტში ეტაპობრივად გამოაქვეყნეს. წერილებში ჯუღელი ინანიებდა დანაშაულს, განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოებას კი მოუწოდებდა გონს მოგებასა და კომუნისტურ რეჟიმთან შეგუებისკენ.

 

  
ყოფილ მენშევიკთა ინდივიდუალური და ჯგუფური "მონანიების წერილები"


პირველი რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მეთაურის, ვალიკო ჯუღელის საწინააღმდეგო სტატიები გაზეთიდან - "კომუნისტი"

 

შეიძლება ითქვას, რომ მენშევიკების გარდამტეხ გამარჯვებას ბოლშევიკებმა 1924 წელს მიაღწიეს, როდესაც ჩაახშეს საერთო-ეროვნული აჯანყება. აჯანყებულთა გამოაშკარავებას ორმაგი მნიშვნელობა გააჩნდა: ერთი მხრივ, დაზვერვამ სრულად მიაგნო იმ აქტიურ წევრებს, რომლებიც 1921-1924 წლებში იატაკქვეშა არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ყველა მათგან ან დახოცეს, ან დააპატიმრეს ან ქვეყნიდან წასვლა აიძულეს. მეორე მხრივ ბოლშევიკებმა შეძლეს ტოტალური კონტროლი დაემყარებინათ ოპოზიციაზე და საშუალება მიეცათ ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობა და პოლიტიკური რეპრესიები „მენშევიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლად გაესაღებინათ. თუ კი 1924 წლამდე ისინი მაინც ფრთხილად ეკიდებოდნენ საკითხს და ითვალისწინებდნენ სავარაუდო საერთაშორისო რეზონანსს, 1924 წელს იარაღით გამოსვლა ღიად შეირაცხა კონტრრევოლუციად. აჯანყების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მათ ვალიკო ჯუღელთან ნაცად ხერხს მიმართეს, გაზეთ „კომუნისტში“ ზეწოლის შედეგად ღია წერილი გამოაქვეყნებინეს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ლიდერს, კონსტანტინე ანდრონიკაშვილს, მდივანს - მიხეილ ჯავახიშვილს და სხვებს.

საქართველოს რესპუბლიკის შემქმნელის, სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის ისტორია და საქმიანობა დასასრულისკენ წავიდა. 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, საფრანგეთში მყოფი ემიგრანტული მთავრობაც მოერიდა საკუთარი წევრების უეჭველ სიკვდილზე წასვლას და საქართველოში უკვე მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გაიბრძოლეს ბოლშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. ტერმინი „მენშევიზმი“ კიდევ დიდხანს რჩებოდა დღის წესრიგში და როგორც ტოტალიტარულ რეჟიმებს სჩვევია, ის იყო მტრის ერთ-ერთი უმთავრესი ხატი, სანამ 1928 წლიდან მას გვერდით არ ამოუდგა საერთო-საბჭოთა ტერმინი - „ტროცკიზმი“. „მენშევიკობას“ წლების მანძილზე აბრალებდნენ არაერთ ადამიანს, დაწყებული ივანე ჯავახიშვილით, რომლის წინააღმდეგ უნივერსიტეტის შიგნით ღიად გამოდიოდნენ სხვა ისტორიკოსები, დასრულებული სახელმწიფო ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფით ნინო რამიშვილით, რომელსაც როგორც მისი მეუღლე, ილიკო სუხიშვილი იგონებს, პარტიული მაღალჩინოსნები ხშირად ახსენებდნენ მენშევიკი ნათესავების არსებობას[6]. მაგალითად, 1936 წლის 26 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო დისკუსიები საისტორიო ფრონტზე მდგომარეობის შესახებ“, რომელზეც როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, კარლო ორაგველიძემ, ასევე გამომსვლელთა უმრავლესობამ დაგმო ივანე ჯავახიშვილი და მისი შრომები. ვ. ცინცაძემ განაცხადა:აი, სანამდე დაექანა პროფ. ჯავახიშვილი გამოხვეული მენშევიზმის ქურქში - ნაციონალიზმის ქურქში აქ ის ცდილობს დაგვიმტკიცოს საქართველოს ხალხის ერთსულოვნება შინაგან კლასთა ბრძოლის გარეშე მოწინააღმდეგეობის თვალსაზრისით... და ცდილობს ახსნას ეს ერთსულოვნება საქართველოში კულტურული მშენებლობის შემოტანით ევროპიდან და არა რუსეთიდან.[7]აღნიშნული ციტატა ცალსახად აჩვენებს, თუ რა კონტექსტში იხმარებოდა ტერმინი „მენშევიზმი“ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში - მათგან შექმნილი იყო მტრის ხატი. თუკი მოგვიანებით, ცივი ომის დროს, საბჭოთა ხელისუფლება მთავარ მტრად დასვალეთსა და კაპიტალისტურ სამყაროს აცხადებდა, მანამდე ეს ფუნქცია სწორედ მენშევიზმს ჰქონდა შეთავსებული. ცინცაძის ნათქვამში კარგად ჩანს, რომ ნეგატიური მნიშვნელობა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება დებდა ჯერ მენშევიზმში, შემდეგ კი - დასავლეთში, ფაქტობრივად ერთი და იმავე შინაარსის მატარებელი იყო საბჭოთა კავშირის არსებობს მთელი 70 წლის განმავლობაში. შესაბამისად, თუკი მეორე მსოფლიო ომის დროს, ადამიანებს ხშირად ფაშისტებთან კოლაბორაციის ბრალდებით, ცივი ომის მსვლელობისას კი დასავლეთთან კავშირების გამო ასამართლებდნენ, 1937-1938 წლების რეპრესიებში, რომელიც საქართველოში 30.000-ზე მეტ ადამიანს შეეხო, ათასობით ადამიანის მიმართ გამოტანილი სასჯელი პირდაპირ უკავშირდებოდა მენშევიზმს - მათ შორის ბოლო მოუღეს პირველი რესპუბლიკის აქა-იქ შემორჩენილ, უკვე ძლიერ მოხუცებულ წევრებსაც კი. ძალიან ბევრ რეპრესირებულს კი სამეულის სხდომის ოქმებში სხვა ბრალდებების პარალელურად „ყოფილი მენშევიკობა“ შავ ლაქად გასდევდა...

 


[1] იხილეთ: დიმიტრი სილაქაძე, ანტონ ვაჭარაძე, როგორ შეხვდნენ სტალინს გასაბჭოებულ საქართველოში, „ისტორიანი“, ნოემბერი 2014, გვ. 20-23.

[2] იხილეთ.: ფილიპე მახარაძის საიდუმლო მოხსენება რუსეთის კომპარტიის ცეკასადმი, საქართველოს გასაბჭოების 9 თვისთავზე. დაბეჭდილია დაპყრობის 60 წლისთავი 1921-1981, პარიზი, 1981, გვ. 50-55.

[3] საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი N1861, აღწერა N3, საქმე N148.

[4] გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე), რომელსაც თბილისში შეკრებილები ხაზგასმით ასახელებენ როგორც პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ემიგრაციაში მართლაც ასრულებდა მნიშვნელოვან ფუნქციებს: 1922 წლის გაზაფხულზე გრიგოლ ვეშაპელი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის წევრი, რომელიც გაიგზავნა გენუის კონფერენციაზე საქართველოს საკითხის დასაყენებლად. იყო პარიზში გამოცემის - „ახალი საქართველო“ რედაქტორი. მოგვიანებით მისი და მენშევიკური მთავრობის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან ვეშაპელმა თვითნებურად მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ ევროპულ გაზეთს და პარტიის ხაზს გადაუხვია. საქმე მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა, ხოლო 1926 წელს, ის სხვა ქართველმა ემიგრანტმა, ავთანდილ მერებაშვილმა გამოასალმა სიცოცხლეს. მერებაშვილს ერთი მხრივ სასამართლოში მენშევიკური მთავრობის დაქირავებული ადვოკატი იცავდა, თუმცა მუსირებდა ხმები, რომ იგი ბოლშევიკების აგენტი იყო[4]. ვეშაპელის პერსონის ამგვარი ხაზგასმა და ნოე ჟორდანიას გვერდით დაყენება სავარაუდოდ უკავშირდებოდა მის საერთაშორისო აქტიურობას და გენუის კონფერენციაზე დასწრებასაც.

[5] გაზეთი „კომუნისტი“, N178, 8 აგვისტო, 1924 წელი.

[6] იხილეთ: ილიკო სუხიშვილი, მოგონებები, თბილისი, 2008.

[7] საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი N471, აღწერა N19, ტომი N1, საქმე N1, ფურც. N14-15 („დისკუსია საისტორიო ფრონტზე მდგომარეობის შესახებ“).

 

___

სტატიის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.