...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

იდეოლოგიური იკონოკლაზმი თანამედროვე საქართველოს კოლექტიურ მეხსიერებაში

17 მარტი 2022


 ანალიტიკური  სტატიის ავტორია ნინო ლომიძე და ის დაიწერა კონკურსისთვის „საბჭოეთი თანამედროვე საქართველოს მეხსიერებაში“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

ნინო ლომიძე არის კონკურსის გამარჯვებული - II ადგილის მფლობელი.

შესავალი

პოსტსაბჭოთა საზოგადოებები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მალევე აღმოჩდნენ მემკვიდრეობით და ძალაუნებურად მიღებული საბჭოთა კოლექტიური მეხსიერების პირისპირ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობას საკუთარი სახელმწიფოებრიობის და იდენტობის განმამტკიცებელი კოლექტიური მეხსიერება თითქმის არ ჰქონდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანების კოლექტიურ ცნობიერებას მთლიანად მოიცავდა საბჭოთა „მემკვიდრეობები“. ერთ-ერთი მათგანია იკონოკლაზმი, იგივე ხატმებრძოლეობა - საჯარო და ვიზუალური სივრცის სრულად დაკავების პოლიტიკური მოთხოვნილება. ამ კონტექსტში იკონოკლაზმში ძირითადად იგულისხმება საჯარო სივრციდან არქიტექტურის, სიმბოლიკის, ქანდაკებისა და სხვა გამომსახველობითი ხერხების განდევნა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისა ან შინაარსის დევნის სიმბოლოდ. ბევრი ადამიანისთვის ასოციაციურად და სრულიად დამსახურებულად საბჭოთა კავშირის პარტიული პოლიტიკის ერთ-ერთ სიმბოლოდ წინა ლიდერების დაგმობა, მოღალატედ გამოცხადება და მათი პოლიტიკური სივრციდან განდევნა იქცა. ეს პრაქტიკა, ერთი მხრივ, დამახასიათებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის, თუმცა, ამავდროულად იქცა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მძიმე პოლიტიკურ მემკვიდრეობად. საჯარო სივრცის სრულად დასაკუთრების ლტოლვა პოლიტიკურ სივრცეს აუცილებლად ამახინჯებს, არაჯანსაღი პოლიტიკური კულტურა კი საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებისთვის დღემდე დიდ გამოწვევად რჩება.

 

იკონოკლაზმი, როგორც სიმბოლიკისა და გამოსახულებების დევნა, რბილი ძალის, პროპაგანდისა და  მეხსიერების პოლიტიკის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა საბჭოთა კავშირის შემთხვევა, როდესაც საწყისი წლებიდან მოყოლებული, წარსულის, ძველისა და წინა წყობის განადგურება რეჟიმის საჯარო პოლიტიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს კოლექტიური მეხსიერებიდან წარსულის წაშლისა და სახელმწიფოებრივი ისტორიის განადგურების მტკინვეული გამოცდილება აქვთ. საბჭოთა იკონოკლაზმის ტრადიციებს რუსეთის სახელმწიფო დღემდე წარმატებულად აგრძელებს და ამის კარგი მაგალითი აფხაზეთში მდებარე მე-11 საუკუნეში აგებული ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაა, რომელიც, როგორც ჟენევის ფორმატის ფარგლებში მოწოდებული ფოტოებით ვიგებთ, სახეცვლილია, ადგას რუსული გუმბათი და წაშლილია ქართული ისტორიული მემკვიდრეობის კვალი. ეს ამბავი საჯარო სივრცის მნემონიკური ცვლილების ძალიან აშკარა და ვანდალური შემთხვევაა, თუმცა იკონოკლაზმის პოლიტიკა უფრო ნაკლებ აშკარა და ბრუტალურ პრაქტიკებს მოიაზრებს. ასევე, საბჭოთა იდეური იკონოკლაზმის სიმბოლოდ შეგვიძლია განვიხილოთ საკუთრივ საბჭოთა კავშირის ლიდერების მონაცვლეობა და ამის პარალელურად საჯარო პოლიტიკის მუდმივი ცვლილება. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია მეოცე ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობა და დესტალინიზაციის საქართველოსთვის მტკივნეული პროცესები. ბუნებრივია, აქ განხილული შემთხვევები საბჭოთა მეხსიერების პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და აშკარა ნიმუშებია, თუმცა, ამავდროულად, ეს პოლიტიკა გულისხმობდა კონკრეტული სიმბოლიკის, პიროვნების, წარსულის სრულ გაქრობას ადამიანთა კოლექტიური მეხსიერებიდან და ალტერნატიული შინაარსებით მათ ჩანაცვლებას. საბჭოთა იდეოლოგიური იკონოკლაზმის ეს პრაქტიკები ქართველი საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია. შემორჩენილია, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ნორმალური ფორმა და, შესაბამისად, ეს გამოცდილებები ასახულია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც.

ზოგადად, საჯარო სივრცეებიდან ძველი ან დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფების სიმბოლიკის განდევნა მეხსიერების პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ამით ადამიანების ცნობიერებაში ერთგვარად წყდება კავშირი წარსულთან, ჩნდება ცარიელი ადგილები მეხსიერებაში და ისინი ივსება ახალი, მოწოდებული ალტერნატიული შინაარსებით. ასევე, წარსული პოლიტიკური სისტემის ნიშნების სრულიად განადგურება ქუჩებიდან ისტორიული დროითი ხაზის განულებას ჰგავს, ამას ზერუბაველი[1] ისტორიული ქრონომეტრის განულებას უწოდებს, რაც ცნობილი სოციომნემონიკური პრაქტიკაა (თუნდაც რომ გავიხსენოთ სხვადასხვა რელიგიისა და წელთაღრიცხვის სისტემის კავშირი). თითქოს ძველად არსებული საწყისი წერტილი ქრება და ახალი დროის ათვლა აწმყოდან იწყება. რევოლუციებისა და დიდი პოლიტიკური კატაკლიზმების შემდეგ მსგავსი ტიპის იკონოკლაზმის ცდუნება ძალიან დიდია, რადგან ეს ადამიანებში აჩენს წარსულის ნამდვილად დასრულების, ახალი ეპოქის დასწყისის და „ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლის“ განცდას. 

იკონოკლაზმის ცდუნების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის დიდი მნემონიკური გამოწვევა იყო იდენტობის ხელახლა აშენება, მით უფრო, რომ უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკური იდენტობის და სახელმწიფოებრიობის ცხადი მახსოვრობა არც არსებობდა, გამონაკლის შემთხვევებს ალბათ წარმოადგენს ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელთაც საბჭოთა ოკუპაცია უფრო გვიან შეეხო. თუმცა, 70-წლიანი მეხსიერების პოლიტიკის გამო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, თითქმის ყველა ქვეყანას დასჭირდა იდენტობის ნარატივებისა და კოლექტიური მეხსიერების ფაქტობრივად სიცარიელიდან აშენება. საჭირო იყო, კოლექტიურ ცნობიერებაში გაჩენილიყო პასუხი კითხვებზე თუ ვინ ვართ, რა არის ჩვენი მისია, რა არის ჩვენი ნიშა, როგორ ვუკავშირდებით ისტორიულ დროის ხაზს და ა.შ. საქართველო ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების დიდი ნაწილი, იდენტობის შენების საჭიროების წინაშე აღმოჩნდა. თუ საბჭოთა კავშირმა წარმატებით მოახერხა, კოლექტიურად დაევიწყებინა ადამიანებისთვის მათი წარსული, გეოპოლიტიკური ორიენტაცია და სახელმწიფოს აშენების უნარი, ახლადშექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის აუცილებელი იყო ახალი კოლექტიური მეხსიერების შექმნა. საბჭოთა კავშირის დანგრევა და ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაჩენა ნამდვილად იყო ისტორიული დროის ათვლის წერტილის გადმოწევა, და შესაბამისად, ადამიანთა ცნობიერებაში კოლექტიური დავიწყებების ადგილას ახალი მეხსიერების კერების გაჩენა ბუნებრივად და სწრაფად უნდა მომხდარიყო. საქართველოს შემთხვევაში საჯარო სივრცის მონუმენტალიზაციით კოლექტიური მეხსიერების აგურ-აგურ შენება განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდგომ იწყება, როდესაც ხდება ახალი საქართველოს დროის ათვლა და დასავლური პოლიტიკური ორიენტაციის სახელმწიფოს სიმბოლიზაცია. ამის მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც ბათუმში კოლხი მედეას ქანდაკების გახსნა, ქალის, როგორც ერთგვარი ხიდის საქართველოსა და დასავლურ კულტურას შორის. მსგავსი მრავალი ძეგლი თუ საჯარო ღონისძიება ავსებს ადამიანების კოლექტიური ცნობიერების ცარიელ ადგილებს და ქმნის ახალი ტიპის კოლექტიურ მეხსიერებას. თუმცა, მნიშვნელოვანია, თუ რა ბედი ეწევა წარსულის მემკვიდრეობებს ახალი ცნობიერების შენებისას. ისინი უნდა ინგრეოდეს და სამუდამოდ ნადგურდებოდეს, თუ ისინი, მათზე მუდმივი რეფლექსიის გზით, იკავებდნენ თავიანთ ადგილებს ადამიანების მეხსიერებაში.

ადამიანების კოლექტიური მეხსიერება არ არის მხოლოდ ბუნდოვანი მეხსიერების პოლიტიკის ნაწილი. რეალურად, ქართველი საზოგადოების კოლექტიური მეხსიერება და ცნობიერება ქმნის თანამედროვე საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეს, რომელიც გადახლართულია წინა პერიოდებთან და გამოცდილებებთან. კითხვა, თუ როგორ უდგება ქართველი საზოგადოება წარსულის კოლექტიური მეხსიერების აჩრდილებს ახლის შენების პარალელურად, საბოლოოდ დაიყვანება კითხვამდე, თუ როგორ მიმართებაშია ის საბჭოთა გამოცდილებასთან და როგორ იყენებს მას დღეს. ცხადია, რომ 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის დროს ქართველმა საზოგადოებამ ძალიან მტკივნეული პერიოდი გაიარა და ჯერ კიდევ ინახავს მემკვიდრეობით მიღებულ მეხსიერების წერტილებს. ასეთად შეგვიძლია მივიჩნიოთ იდეოლოგიური იკონოკლაზმის საბჭოთა პრაქტიკა, წინამორბედის დაგმობა, განადგურება, გაქრობა საჯარო სივრციდან და ახლით ჩანაცვლება. იდეოლოგიური იკონოკლაზმი საზოგადოებას საშუალებას არ აძლევს, მოახდინოს  თვითრეფლექსია წარსულის განვითარებაზე. პოლიტიკურ და ისტორიულ წარსულზე ფიქრი და რეფლექსია არის საზოგადოების პოლიტიკურ სხეულად, ჯანსაღ ორგანიზმად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პირობა. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები აღმოჩდნენ სრულიად პრიმიტიული საბჭოთა ტრადიციების მქონე პოლიტიკურ სივრცეში, სადაც საბჭოური იკონოკლაზმი, „წინას“ საჯარო სივრციდან დევნა, გაქრობა, საკუთარი ძალებით გადაფარვა პოლიტიკური ბრძოლის ნორმალურ და ზოგისთვის მისაღებ ხერხადაც იქცა. ამის ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული მაგალითია წინასაარჩევნო პერიოდებში პოლიტიკური პლაკატების ერთმანეთზე გადაკვრის, მოწინააღმდეგის პლაკატების ჩამოხევის, ბილბორდების სრული ოკუპაცია და სხვა მსგავსი შემთხვევები. თუმცა, ველური იდეოლოგიური იკონოკლაზმის მთავარი ნაკლი არა მის ველურობასა და პრიმიტიულობაშია, არამედ იმაში, რომ ის აფერხებს საზოგადოების ჩამოყალიბებას პოლიტიკური ნების მქონე, ჯანსაღ ორგანიზმად. მით უფრო, რომ თანამედროვე საქართველოს იდენტობის ღერძი სწორედ დასავლური ტიპის რესპუბლიკური ტრადიციების გაცოცხლებაა, თანამედროვე საქართველოს სურვილია, გახდეს დასავლური ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. ამ გზაზე საქართველომ გაიარა და ჯერ კიდევ წინა აქვს მრავალი გამოწვევა, თუმცა ნამდვილი დასავლური ტიპის, რესპუბლიკური და დემოკრატიული ტრადიციების სახელმწიფოს შენებისთვის აუცილებელია საზოგადოების პოლიტიკური მომწიფება. პოლიტიკურად შემდგარი საზოგადოებისთვის კი უმნიშვნელოვანესია თვითრეფლექსია და საკუთარი წარსულის მიღება, იმის გააზრება, თუ როგორ მოვიდა ჩვენი საზოგადოება აქამდე, რა შეცდომები დავუშვით, რა უნდა და არ უნდა ვქნათ მომავალში და ა.შ.

საბჭოთა წარსული საქართველოსთვის მძიმე და მტკივნეული გამოცდილებაა, ესაა ერთგვარი წარსულის ტრავმა, რომელიც ადამიანებს მუდმივად თან სდევს და კრიტიკულ მომენტებში თავს ახსენებს. თუმცა, კოლექტიური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, საინტერესოა თუ რა იქნება ამ ბოლომდე ვერდავიწყებულ ტრავმასთან გამკლავების სწორი გზა, მისი უარყოფა და მეხსიერებიდან განდევნის მცდელობა, თუ მასზე მუშაობა, თვითრეფლექსია და მიღება. როგორი უნდა იყოს ქართული საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის მიმართება ძველი სისტემებისა და პოლიტიკური ძალების მემკვიდრეობასთან საჯარო სივრცეში, ისინი უნდა განადგურდეს თუ მიეცეს კუთვნილი ადგილი მუზეუმში, აკადემიურ სივრცეში და ა.შ., იქცეს კრიტიკული მსჯელობის და ფიქრის ობიექტებად. საქმე ისაა, რომ წარსულის მონუმენტური ძეგლების და ვიზუალური მეხსიერების სრული განადგურება ამავე დროს ანადგურებს შანსს, საზოგადოებამ გადააფასოს ისტორიული და პოლიტიკური გამოცდილებები და თავისი ადგილი მიუჩინოს კოლექტიური იდენტობის კორპუსში.

იდეების მონუმენტალიზაცია და საჯარო სივრცის დაპყრობის ჟინი კარგად ჩანს ძველი და ახალი ძეგლების აღების ან დადგმის შემთხვევებში. უნდა აღინიშნოს, რომ, თავისი არსით, ძეგლი პოლიტიკური განაცხადია. კარგად გვახსოვს პოსტსაბჭოთა საქართველოში სტალინის ან სხვა ავადსახსენებელი ისტორიული ფიგურების ძეგლების აღება, ასევე ქალაქებში ქუჩების სახელწოდებებიდან საბჭოთა გმირების გაქრობა და ახალი სახელებით ჩანაცვლება. ძეგლის დემონტაჟი, როგორც აქტი, პოლიტიკურად სრულიად გასაგებია, რადგან ძეგლი და განსაკუთრებით საბჭოთა სტილის მასშტაბური ძეგლები, თავიანთი მონუმენტურობით საჯარო სივრცის და ცნობიერების მისაკუთრებას და მათზე ბატონობას ახერხებენ. თუმცა, უფრო საინტერესოა, თუ სად ხვდება მსგავსი მონუმენტები დემონტაჟის შემდგომ, არის თუ არა ალტერნატივა მათი ერთ დიდ საექსპოზიციო სივრცეში მოთავსება, როგორც არასწორის და  საბოლოოდ წერტილდასმული წარსულის, თუმცა არა უარყოფილის. შეიძლება თუ არა, რომ სკვერებიდან და მოედნებიდან საბჭოთა ძეგლები სხვა ადგილას აღმოჩნდეს, სადაც ადამიანები შეძლებენ მისვლას, მათ დათვალიერებას შეულამაზებლად, ძეგლები დარჩებიან ისეთი ტოტალურები, როგორც საბჭოთა კავშირს შეეფერება და ადამიანებს ექნებათ საშუალება, შეხვდნენ საკუთარ წარსულს, გააანალიზონ და იფიქრონ მასზე.

საბჭოთა მონუმენტური არქიტექტურის იკონოკლაზმურად განადგურების კარგი მაგალითია ქუთაისში დიდების მემორიალის აფეთქება, რომლის ადგილასაც შემდგომში ახალი პარლამენტის შენობა განთავსდა. ჩვენი მსჯელობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად ვინ ააფეთქა მემორიალი, თუმცა მისი განადგურების ფორმა უფრო მეტ შინაარსს ატარებს, ვიდრე ეს საბჭოთა სიმბოლიკის განდევნაა. აფეთქებით მემორიალის დანგრევა იდეური ომის გამოცხადებაა, იდეურად მიუღებელი წარსულის ნაშთების უარყოფაა. ერთი მხრივ, გასაგები შეიძლება იყოს პოლიტიკურად მიუღებელი მონუმენტების საჯარო სივრცეებიდან დემონტაჟის გადაწყვეტილება, თუმცა, მეორე მხრივ, დემონტაჟი არ გულისხმობს მის განადგურებას, შესაძლოა მონუმენტები ქუჩებიდან და მოედნებიდან ავიღოთ, თუმცა გადავიტანოთ სივრცეში, როგორც ექსპონატი, წარსულის ნაშთი და დაკვირვების ობიექტი.

ისტორიული და პოლიტიკური წარსულის ანალიზი აუცილებელია საზოგადოების პოლიტიკურად განვითარებისთვის, თუმცა ქართული სივრცის მიმართება მის წარსულთან დღემდე ბუნდოვანია. ვარდების რევოლუციის შემდგომ მოხდა მრავალი ადგილის, სიმბოლიკისა და პიროვნების სიმბოლიზაცია, თუმცა რა ემართებათ ძველებს? ჯერჯერობით ერთადერთი ცხადი ტენდენცია, რაც მეტ-ნაკლებად შეიმჩნევა, საბჭოთა წარსულის ულოგიკოდ ხელყოფა და რეალური თუ მეხსიერების ადგილებიდან უგზოუკვლოდ გაქრობაა. თუმცა, სინამდვილეში, საბჭოთა წარსული, როგორც რეალური ფსიქოლოგიური ტრავმები, აუცილებლად რჩება ადამიანების ცნობიერებაში, იკარგება თითქოს მიუწვდომელ ადგილებში, თუმცა აუცილებლად აისახება ადამიანების ქცევასა და კოლექტიურ ცნობიერებაზე. თანამედროვე ქართული სივრცის მიერ საბჭოთა წარსული თითქოს გაუქმებული და გამქრალი მონაკვეთია. ამ დამოკიდებულებას კარგად ასახავს თანამედროვე ქართული სამუზეუმო სივრცე, სადაც, ფაქტობრივად, არ გვხვდება მუზეუმის თემატიკის შესაბამისი საბჭოთა პერიოდის ექსპოზიციები, თუნდაც ქართული მხატვრობის სოციალისტური რეალიზმის პერიოდის ნამუშევრების ერთიანი მუდმივმოქმედი გამოფენა. ქართველი საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფისთვის საჭიროა არსებობდეს სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება წარსული, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ის და მასზე დაკვირვებით შევძლებთ ზრდას, როგორც პოლიტიკური სუბიექტები. ველური იკონოკლაზმი, წარსულის და მიუღებლის განადგურება, თანამედროვე საქართველომ საბჭოთა მემკვიდრეობიდან მიიღო და მისი დაძლევა აუცილებელია იმისთვის, რომ ვისწავლოთ ჩვენივე თანამედროვისა და დაპირისპირებული იდეების დაშვება საჯარო სივრცეებში. საბჭოთა წარსულზე რეფლექსია მოგვცემს საშუალებას, რეალურად გავიაზროთ, რომ მოწინააღმდეგის დამარცხება არ გულისხმობს მის აღგვას პირისაგან მიწისა და საჯარო სივრცეს იზიარებს მთელი ქართული საზოგადოება იდეებისა და მიკუთვნებულობების მიუხედავად.

 

დასკვნა

საბჭოთა წარსულმა საქართველოს დაუტოვა მტკივნეული მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე შესამჩნევია ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. 70-წლიანი ოკუპაციის ეს პერიოდი, სამწუხაროდ, რეალობაა, ის არც მირაჟია და არც გაქრება ჩვენი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეხსიერებიდან. თუნდაც, ველური იდეოლოგიური იკონოკლაზმი დღემდე ქართული პოლიტიკური კულტურის ჩვეული ნორმაა, მოწინააღმდეგის არსებობის შეუგუებლობა და გაქრობის სურვილი ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომლებისკენაც საქართველო ისწრაფვის. თუმცა, მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობა არ ნიშნავს, რომ ქართველი საზოგადოება მანკიერი საბჭოთა გამოცდილებებით საბოლოოდ დაღდასმულია. საჭიროა საქართველომ იპოვოს ძალა და დაასრულოს იკონოკლაზმის ტრადიცია. პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა მიიღოს თავისი წარსული. მახინჯი საბჭოური ტრადიციების ნებისმიერი ნიმუში თავისუფლად შეიძლება გაქრეს დამოუკიდებელი საქართველოს მოედნებიდან, თუმცა გადაინაცვლოს გონებრივი და ემოციური ჭვრეტისთვის განკუთვნილ სხვა ადგილას, სადაც ქართველი საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური ელიტა, დაიწყებს თვითრეფლექსიას და დაკვირვებას საკუთარ გამოცდილებებზე. ეს ჰგავს პერპექტივის შეცვლას, როდესაც ტრავმის გამომწვევ მოვლენას ოდნავ მოშორდები და მას სხვა ხედვის წერტილიდან შეხედავ. საბჭოთა ველური იკონოკლაზმის მემკვიდრეობა ძალიან საგრძნობია თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც დაპირისპირებები თითქოს უკვე აპრიორულად გულისხმობს ერთმანეთის ნიშან-წყლის გაქრობას საერთო სივრციდან, ასეთ მტრულ და არატოლერანტულ გარემოში კი დასავლურ პოლიტიკურ ტრადიციებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება ძალიან რთულია.

 

 

 

გამოყენებული წყაროები:

https://for.ge/index.php/view/1796/okupantebi-egzarxosebis-gzas-agrZeleben.html

https://old.civil.ge/geo/article.php?id=22144

Eviatar Zerubavel “Time Maps: Collective Memory and the Social Shape of the Past” (Chicago and London, university of Chicago, 2003) https://docdro.id/gQ2bdcw



[1] Eviatar Zerubavel “Time Maps: Collective Memory and Social Shape of the Past” (Chicago and London, University of Chicago, 2003) 91.