...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

9 აპრილი - გამოხმაურებები და გავლენა

10 აპრილი 2023


 ავტორი: ლევან კაპიტანოვი, ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევის მაგისტრი (თსუ)

რედაქტორი: ანტონ ვაჭარაძე, მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი (IDFI)

 

1989 წლის 25 თებერვალს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ სახელმწიფო დღესასწაული აღნიშნა, იმავე წლის დასასრულს კი, 1921 წლის 25 თებერვალს მომხდარი მოვლენები უკვე ოფიციალურად შეფასდა ანექსიად. ამგვარი ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 9 აპრილის ტრაგედია და ის მნიშვნელობა იყო, რომელიც ამ მოვლენამ დროის მოკლე პერიოდში შეიძინა. 9 აპრილის მნიშვნელობის განსაზღვრისა და მის მიერ გამოწვეული ცვლილებებისადმი თვალყურის მიდევნების შესაძლებლობას 1989 წლის განმავლობაში შექმნილი ლექსები, წერილები, გაკეთებული განცხადებები და მიღებული დადგენილებები იძლევა.

9 აპრილის დილიდან, მოქალაქეებმა დაიწყეს ტრაგედიის ადგილის მონახულება და ყვავილებით შემკობა. იმართებოდა სამგლოვიარო მსვლელობები. ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა ხეებზე გაკრული ლექსები და წერილები, რომელთა მეშვეობით ავტორები საკუთარ განცდებს გადმოსცემდნენ. მალევე, ლექსებმა და წერილებმა გაზეთების ფურცლებზე გადაინაცვლეს.

9 აპრილი

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

პოეტ გივი ალხაზიშვილის 10 აპრილით დათარიღებული ლექსი „აპრილის მესსა“ ტრაგედიისგან აღძრულ განცდებს უზიარებდა მკითხველს:

„უსუსურობა საკუთარი თანდათან მანგრევს,
ვტირი და მაინც — მე ვამაყობ ჩემი მკვდრებითაც,
რომ მტრის ჯინაზე არ დავეცე და კი არ გავქრე,
ამოვიზარდო, აღმოვცენდე მოთმინებიდან.“

 

ლექსებისა და წერილების ავტორები აცხადებდნენ, რომ 9 აპრილი  წარუშლელ კვალს დატოვებდა ერის მეხსიერებაში. 9 აპრილზე, როგორც წმინდა დაღზეა საუბარი ბათუ დანელიას ლექსში:

„მოურჩენელი იარები კვლავ შენს მკერდზეა,
ჩემო სამშობლოვ, ჩემო ერო, ჩემო ქალაქო,
უიარაღოს იარაღით როცა გებრძვიან,
ეს იმას ნიშნავს: ძლიერი ხარ უიარაღოც...
წმინდა დაღია შენს სხეულზე ეს ცხრა აპრილი.“

 

ხოლო ბელა შალვაშვილის ლექსში „აღსდექი, ხალხო!“ გაკეთებულია განაცხადი, რომ მომხდარი მარადიული დამღაა, რომლის დავიწყებაც დაუშვებელია: 

„არ შეიძლება სისხლიანი ამ გაზაფხულის
გადავიწყება, ამოძირკვა, ქარს გატანება...
მარადიული არის იგი, რადგანაც წყლული,
დამღაა ერის სულისა და არა  — ზმანება.“

 

9 აპრილის მნიშვნელობას ეროვნული მეხსიერებისათვის მყისიერად გაესვა ხაზი, ამასთან ერთად, ლექსებმა და წერილებმა ტრაგედიასთან დაკავშირებული სიმბოლოების დამკვიდრებასაც შეუწყვო ხელი.

პოეტებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ ყვავილები. ზოგიერთ ლექსში ისინი დაღვრილ სისხლს განასახიერებენ, ზოგიერთში კი, არაძალადობრივ პროტესტს. პოეტმა მორის ფოცხიშვილმა კი ყვავილები ნუგეშსა და თანადგომას დაუკავშირა ლექსით - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“:

„ყველას სიყვარულში გიტყდებით,
გლოცავთ და მიშრება ყელი, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!
გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ,
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, -
ავუვსოთ ერთმანეთს გულები,
სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!“

 

 

9 აპრილი

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ყვავილებთან ერთად გამოჩენილი, ხეებზე გაკრული ლექსებიდან  რამდენიმე ჟურნალ „ჯვარი ვაზისაში“ დაიბეჭდა. განცდების გამოხატვის ამგვარ ხერხს კი შოთა ნიშნიანიძე გამოეხმაურა საკუთარი ლექსით:

 „ხეები ლექსებით იფარჩება,
ხეებზე აკრავენ ღვთის ბრალდებას...
ამდენი მგოსნის ძლივს მარჩენალს
ისევ მგოსნები გიმრავლდება.
ვის უნდა ეს გლოვის თეატრონი,
ხეები გოდებით გალექსილი!“

 

ხეებზე გაკრული ლექსები

წყარო: ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ #2, 1989

 

გლოვის სიმბოლოდ ქცეულ შავდროშიან შავოსნებს მიმართა ნოდარ ჯალაღონიამ 26 აპრილს გაზეთ „თბილისში“ დაბეჭდილი ლექსით:

„შენ საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო,
ეს ვინ ჩაგაცვა შავი ძაძა აპრილის თვეში.
შენ საქორწინო კაბა უნდა ჩაგეცვა, შვილო,
ვარდების ნაცვლად შავი დროშა გიჭირავს ხელში.“

 

18 აპრილს გამოქვეყნებულ წერილში „ხიდი უნდა გამთელდეს“ აკადემიკოსი შალვა ხიდაშელი წერდა, რომ საკრალურ დატვირთვას ტრაგედიის ადგილიც შეიძენდა:

„ეჭვი არაა, რომ 9 აპრილის ტრაგედიის ადგილზე აღმართული მემორიალი და მის გარშემო მდებარე ტერიტორიის მცირე მონაკვეთი სამუდამოდ დარჩება წმინდა ადგილად და ერის ერთსულოვნების მარადიულ სიმბოლოდ.“

რადგან ტრაგედიის ადგილმა მალევე შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა, გაჟღერდა სივრცის გარდაქმნის მოთხოვნაც - ოთარ ჭელიძე ლექსით „მახინჯი ქანდაკებები“ ტრაგედიის ადგილთან იქ აღმართული სკულპტურული კომპოზიციის „შრომა, მეცნიერება, ტექნიკა“ შეუფერებლობას უსვამდა ხაზს:

„მთავრობის სასახლის შესასვლელთან
კიბეზე კუზებად ამოჩრილი,
საძეგლე ადგილთა შესავსებად
და ჩემი ქალაქის შესარცხვენად

სამყაროს წინაშე თავმოჭრილი
დგას ოთხი მახინჯი ქანდაკება, —
ვიდრე არ მოუწევთ გადაგდება,
თავისით რომელი გადადგება?“

 

ლადო სულაბერიძის ლექსში „სანთლები“ რუსთაველის გამზირი საქართველოს ისტორიის სხვა  ტრაგიკულ ადგილებს დაუკავშირდა:

„აქეთ
გზა კრწანისს უერთდება,
იქით,
უერთდება წიწამურს.
საქართველოო, ფეხაკრეფით
აქ მარად მივალთ და დავდგებით.“

 

სხვა ტრაგიკულ მოვლენებთან პარალელების გავლება ამით არ ამოწურულა. „ლიტერატურული საქართველოს“ 21 აპრილის ნომერში დაიბეჭდა გურამ რჩეულიშვილის იქამდე გამოუქვეყნებელი მოთხრობა, რომელშიც 1956 წლის 9 მარტის დემონსტრაცია, ტანკების გამოჩენა და მიტინგის დარბევაა აღწერილი.

გურამ რჩეულიშვილის გამოუქვეყნებელი მოთხრობა 1956 წლის 9 მარტის შესახებ

წყარო: გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 21 აპრილი, 1989

 

9 აპრილი და 9 მარტი ერთმანეთს ნანა ღვინეფაძის ლექს „დამსხვრეულ ამბიონშიც“ დაუკავშირდნენ:

„ცხრა მარტი და ცხრა აპრილი
შეეფიცნენ ერთმანეთს, —
საქართველოს შინდისფერი
დროშა ლაღად ფრიალებდა, —
ცხრა აპრილი თენდებოდა, თენდებოდა...
დამსხვრეული ამბიონი
თაფლის სანთლით მთელდებოდა!

1956 წლის მარტის მოვლენები

ფოტო ინტერნეტიდან

 

26 მაისს „ლიტერატურულ საქართველოში“ თამაზ ჩხენკელმა შენიშნა, რომ  9 აპრილის ტრაგედიის ადგილი ემთხვეოდა 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად დაღუპულთა დაკრძალვის ადგილს:

„ყველაფერი უცნაურად წარიმართა:
საქართველოს ანექსიის
ასი წლისთავის უკვდავსაყოფად აშენდა
უზარმაზარი, პირქუში “სობორო”.
1921 წლის გაზაფხულზე ამ ტაძრის ეზოში

კოჯორთან დაღუპული იუნკერების
საძმო საფლავი გათხარეს, —
მუხლმოყრილნი სტიროდნენ მათ საფლავთან
დასახვრეტად განწირული ჭირისუფლები:
მომხვდურნიც და დამხვდურნიც…
მერე პირქუში “სობორო” დაანგრიეს
და მის ადგილზე სასახლე დადგეს.
9 აპრილს ამ სასახლის მოედანზე
ულმობლად დახოცეს ჩვენი გოგონები,
რომელთა ოცი წლის პაპები
ამავე მოედნის ქვეშ უპატრონოდ ლპებოდნენ მიწაში.
ახლა მათ წაშლილ საფლავზე
ერთბაშად დაგუბდა წითელი ყვავილების ზღვა
იმიტომ, რომ…
იმიტომ, რომ დაგუბებული ვარამის წილ,
დაგუბებული ცოფისა და შურის წილ
შვილიშვილებმა გაიხსენეს თავისი პაპები!“

 

21 აპრილს დაბეჭდილ წერილში „ვითარცა მოწამენი“ მწერალი აკაკი ვასაძე შეეწინააღმდეგა ტრაგედიის პირველ დღეებში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს მომიტინგეებს არ ჰქონდათ გააზრებული გაჟღერებული მოთხოვნების არსი:

„ნურავინ იფიქრებს და იტყვის, თითქოს იქ მყოფ ქართველთ არ უწყოდნენ, რაზეც მიდიოდნენ: ვინც თავისუფლების ხმას გაიღებს, ჯვარს აღმართავს და წმინდა სანთელს დაანთებს საჯაროდ და სატანურ ძალთა საპირისპიროდ, მან იცის, რომ უკვე ამით უძალიანდება უსამართლობას და სულის სიბეცეს.“

ვასაძე დაღუპულებს მოწამეებად მოიხსენიებს და ხაზს უსვამს მსგავსი ტრაგედიების განსაკუთრებულ როლს ერის ცხოვრებაში:

„მოწამეთა სისხლი მიწაზე იღვრება ხალხის ცხოვრების უკიდურესი გაჭირვების ჟამს, რათა გამოაფხიზლოს ეროვნული ცნობიერება და შთაბეროს ხალხის სულს სიმტკიცე.“

1989 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნა. ვაკის პარკში გამართულ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდა ეროვნული მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია, რომელმაც  9 აპრილს დაღუპულები საქართველოსათვის მოწამეებად მოიხსენია და ხაზი გაუსვა მოწამებრივი სიკვდილის მნიშვნელობას ერის გადარჩენაში.

9 აპრილის მუხტმა შეცვალა საზოგადოებრივი განწყობები, რის გამოც საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის უგულვებელყოფა შეუძლებელი გახდა ოფიციალური პრესისთვისაც. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფი საქართველოს კომუნისტური პარტია კი შეეცადა ლეგიტიმაციის შენარჩუნებას და თავადაც დაიწყო საუბარი 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შესახებ.

26 მაისისა და 9 აპრილის ერთმანეთთან დაკავშირება გაგრძელდა პრესაშიც. გაზეთ „კომუნისტის“ რეპორტაჟში 26 მაისის შესახებ ნათქვამი იყო, რომ საქართველომ დიდი ზარზეიმით აღნიშნა სუვერენული დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის თარიღი. სტატიის ავტორები შენიშნავდნენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული მიტინგის მონაწილეები სიმბოლურად გაუყვნენ ჭავჭავაძის გამზირს:

„...მათი გზა გასდევს ჩვენი სახელოვანი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის პროსპექტს, რომლის სახელთან დაკავშირებულია ჩვენი ერის ყველაზე ნათელი ოცნებანი.“

სტატიაში ხაზგასმულია, რომ მიტინგმა გააერთიანა მთელი საზოგადოება, მისი ფორმალური და არაფორმალური ნაწილი. მიტინგი წუთიერი დუმილით დაიწყო, სტატიის ავტორთა თქმით:

„9 აპრილის მსხვერპლთა ლანდები ტრიალებდა შეკრული ხალხის თავზე“.

საქართველოში 26 მაისის აღნიშვნის პარალელურად, მოსკოვში გაიხსნა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა პირველი ყრილობა, სადაც 9 აპრილის შესახებ მოხსენება გააკეთა საქართველოდან წარგზავნილმა აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ. მან  ხაზი გაუსვა მიტინგის მშვიდობიან ხასიათს. ხოლო სამხედრო ოპერაცია, რომელსაც მოჰყვა უდანაშაულო მსხვერპლი, შეაფასა როგორც წინასწარ დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაცია ხალხის გასაჟლეტად. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ 9 აპრილის ტრაგედია და მისი შედეგები ქართველმა ერმა საყოველთაო ეროვნულ უბედურებად აღიქვა. გამოსვლისას დაისვა სიმართლის დადგენისა და დამნაშავეთა დასჯის საკითხი.

26 მაისის აღნიშვნიდან მალევე გამოქვეყნდა 1989 წლის 9 აპრილის ამბების გარემოებათა გამომკვლევი კომისიის საგამოძიებო ქვეკომისიის წინასწარი დასკვნა. დასკვნის თანახმად, 1989 წლის 9 აპრილის მიტინგზე წამოყენებული იყო 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა. ტრაგედიის საფუძველი იყო იდეოლოგია, რომელიც უგულებელყოფდა მოკავშირე რესპუბლიკების მიერ კონსტიტუციით გათვალისწინებული მუხლის გამოყენებას კავშირიდან გასასვლელად და მზად იყო სიკვდილით დაესაჯა ამგვარი აზრის გამომთქმელნი. კომისია ასკვნიდა:

„ბუნებრივია, უნდა დაისვას საკითხი, რომ გაუქმდეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შექმნის შესახებ 1922 წელს დადებული ხელშეკრულება. თითქმის 70 წლის წინათ დადებული ეს ხელშეკრულება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. რესპუბლიკებს თვითონ უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად შეიმუშაონ თავიანთი ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური პოლიტიკა და თვითონ დასახონ მისი განხორციელების გზები“.

9 აპრილის ტრაგედიასთან ერთად ფორმალურ სივრცეში დაიწყო საუბარი საქართველოს დაქვემდებარებული მდგომარეობის შესახებ.  შესაბამისად, დაისვა საკითხი საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. საბჭოთა საქართველოს უმაღლეს საბჭოში შეიქმნა „საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა კომისია“.

საბჭოთა საქართველოს უმაღლესი საბჭოს 1989 წლის 18 ნოემბერს გამართულმა სესიამ მოიწონა „საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა კომისიის“ დასკვნა, რომლის თანახმადაც: 

„1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარის შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - ფაქტობრივ ანექსიას.“

 

 

გამოყენებული წყაროები:

·       გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“

·       გაზეთი „თბილისი“

·       გაზეთი „კომუნისტი“

·       გაზეთი „ახალგაზრდა კომუნისტი“

·       ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“

·       უმაღლესი საბჭოს უწყებანი

·       ზვიად გამსახურდიას გამოსვლა 1989 წლის 26 მაისს https://www.youtube.com/watch?v=k3b4II3cuUo

·       გოჩელაშვილი, ლ. (შემდგენელი). (1990). ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები. მერანი.

·       გვერდწითელი, გ. (შემდგენელი). (1990). 9 აპრილი. მერანი.