...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

1937 წლის „დიდი ტერორის” გახმაურებული საქმე და ქართული ინტელიგენციის რეაქცია

28 ნოემბერი 2022

 

შესავალი

სტალინიზმის კვლევისას არცერთ სხვა ასპექტს არ ეთმობა იმხელა ყურადღება, როგორიც 1930-იანი წლების დიდ ტერორს. ოლეგ ხლევნიუკი ამ ეპოქას „კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ სასტიკ და მომაკვდინებელ ეპიზოდს უწოდებს”, რომელსაც შეეწირა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი. „დიდი ტერორის” – ეს არის დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც ასახავს სახელმწიფოს მასობრივ ძალადობას, ერთი მხრივ, პარტიული მუშაკების წინააღმდეგ, ხოლო, მეორე მხრივ, უბრალო მოქალაქეების დაპატიმრებებს, დახვრეტებს და გადასახლებებს. ზოგიერთი მეცნიერი „დიდი ტერორისთვის” სრულ პასუხისმგებლობას სტალინს აკისრებს, ზოგი კი, სტალინის როლის გარდა, ხაზს უსვამს სისტემურ და პოლიტიკურ ფაქტორებს, რომლებმაც ასევე დიდი გავლენა იქონია მასობრივ რეპრესიებზე [Khlevnyuk, 83-84].

1937-1938 წლები უმძიმესი იყო საქართველოსთვისაც – რეპრესიის მსხვერპლი გახდა 29,051 ადამიანი, აქედან 14,372 დახვრიტეს, 14,679 კი გადაასახლეს.  საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რეპრესიების ტალღა შეეხო თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფის, სქესის, პროფესიისა თუ ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს. 

„დიდი ტერორის” წინაპირობად მიიჩნევენ 1934 წლის 1 დეკემბერს, საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწის, სერგეი კიროვის მკვლელობას. ამ მოვლენამ სტალინს თავდაპირველად პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორების, ხოლო შემდგომში ხალხის გაცილებით დიდი ჯგუფის სხვადასხვა ფორმით განეიტრალების საშუალება მისცა. კიროვის მკვლელობას თან სდევდა მასობრივი პროპაგანდისტული კამპანია ბეჭდვით პრესაში. გარდა ამისა პროპაგანდა ფართოდ იყო გაშლილი მრავალი მიმართულებით, მაგალითად 1938 წელს გამოვიდა რეჟისორ ფრიდრიხ ერმლერის ფილმი  „დიადი მოქალაქე”, რომელიც კიროვის მკვლელობას მიეძღვნა. წლების განმავლობაში ეს მოვლენა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.

„დიდი ტერორის” ათვლის წერტილზე კი თითქმის ყველა ისტორიკოსი თანხმდება და ასახელებს 1936 წლის ზაფხულის დასასრულსა და შემოდგომის დასაწყისს, როდესაც გაიმართა „ანტი-საბჭოთა ტროცკისტ და ზინოვიევისტური ბლოკის“ ღია სასამართლო, რომელზეც ბრალი დასდეს 16 ოპოზიციონერს, მათ შორის ლევ კამენევს და გრიგორი ზინოვიევს და ყველა მათგანი დახვრიტეს.  1937 წლის იანვარში დაიწყო ე.წ. „მეორე დიდი მოსკოვური სასამართლო”, რომელზეც ე.წ. „პარალელური ტროცკისტული“ ცენტრის წევრები – პიატაკოვი, რადეკი და სერებრიაკოვი და სხვები გასამართლდნენ [Khlevnyuk: 88].

სწორედ მეორე მოსკოვური სასამართლო პროცესი იყო მოვლენა, რომელსაც ყველაზე ფართო პროპაგანდისტული კამპანია სდევდა თან. პროცესის დამთავრების დღეს, 30-გრადუსიან ყინვაში, წითელ მოედანზე გაიმართა აქცია, სადაც საბჭოთა ფუნქციონერები: ხრუშჩოვი, შვერნიკი და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, კომაროვი, ბრალდებულების წინააღმდეგ სალანძღავი სიტყვებით წარსდგნენ [Роговин, глава XV]. 25 იანვარს, საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა გამოაქვეყნა რეზოლუცია სახელწოდებით „თუ მტერი არ ნებდება, მას ანადგურებენ", რომელიც ყველა საბჭოთა მწერლის სახელით მოითხოვდა ე.წ. „ანტისაბჭოთა. ტროცკისტული პარალელური ცენტრის“ წევრთა დახვრეტას [«Литературная газета», № 5 (641) 1937 г.]. საგულისხმო ფაქტია, რომ მწერლებმა სტატიების გამოქვეყნება დაიწყეს და რეზოლუციას ხელი მოაწერეს განაჩენის გამოცხადებამდე, 1938 წლის 30 იანვრამდე. 20-მდე მწერალს შორის, რეზოლუციას ხელი მოაწერა ბორის პილნიაკმა, რომელიც 1938 წელს, იაპონიის ჯაშუშობის მოტივით თავადაც დახვრიტეს [Русские писатели и поэты. Борис Андреевич Пильняк].

მომდევნო თვეებში საბჭოთა კავშირის მასშტაბით არაერთი ღია სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებზეც უმეტეს შემთხვევაში გაასამართლეს ადგილობრივი მაღალჩინოსნები. მსგავს პროცესებზე მოწმეებად ჩვეულებრივი მოქალაქეები გამოდიოდნენ. მსგავსმა მიდგომამ ნაყოფი გამოიღო. ნოვოსიბირსკის ოლქში მცხოვრები მალცევა, რომელიც თავად იყო „გაკულაკებული“ და გადასახლებული, იხსენებდა:  „ხალხი ძლიერ იტანჯებოდა, მაგრამ ვერსად გაიგებდით სტალინის კრიტიკას. მხოლოდ ადგილობრივი ლიდერები იყვნენ დადანაშაულებული. მათ გამო ვიტანჯებოდით და რამდენი ადამიანი მოკვდა ჯამში, უცნობია. 1938-ში ბევრი წაიყვანეს, მათ [იგულისხმება საბჭოეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა - ავტ.] ყურადღება მიაქციეს ჩვენს ცრემლებს [Fitzpatrick, 299-320]. მსგავსი ფანდით სტალინმა გარკვეულწილად ისრები კრემლიდან და პირადად მისგან გადატანა დაბალ ეშელონებზე. ტერმინი  „სტალინმა არაფერი იცოდა“ ფართოდ გავრცელებული მითია თანამედროვე პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლის კულტივირებაც რეპრესიების პარალელურად მიმდინარეობდა.

ფართომასშტაბიანი პროპაგანდისტული კამპანიები, ძირითადად, მიმდინარეობდა მაღალი რანგის პარტიული ფუნქციონრების, ძველი ბოლშევიკების მიმართ, რომლებიც შესაძლოა სტალინის პირდაპირ ოპონენტებადაც კი მიჩნეულიყვნენ (ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი და ლენინთან დაახლოებული სხვა პირები). საქართველოშიც, პროპაგანდისტული კამპანია თან სდევდა მაღალი რანგის პოლიტიკოსების რეპრესიებს (მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, მალაქია ტოროშელიძე, მიხეილ ოკუჯავა და სხვები).

სტატიის განსახილველი საკითხია 1937 წლის 24-28 სექტემბერს, ქ. ბათუმში აჭარის  „კონტრრევოლუციური სააჯანყებო, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის“ წევრთა სასამართლო პროცესის პარალელურად დაწყებული ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. კამპანიაში ჩართულნი იყვნენ მეცნიერები, მწერლები და საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი სახეები. გახმაურებულ პროცესზე განიხილებოდა 11 ბრალდებული „ხალხის მტრისა“ და „სამშობლოს მოღალატის“ საქმე. სტატიაში, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, მოკლედაა განხილული აღნიშნული სასამართლო პროცესის დეტალები და გამოტანილი განაჩენით აღფრთოვანებული ქართული ინტელიგენციის განცხადებები გაზეთების - კომუნისტისა და  ლიტერატურული საქართველოს ფურცლებზე.

 

ვინ და რატომ გაასამართლეს:

1937 წლის 24 სექტემბერს საღამოს შვიდ საათზე ბათუმში, წითელი არმიისა და ფლოტის სახლში აჭარის ასსრ უზენაესი სასამართლოს სპეციალური საკრებულოს ღია სხდომაზე დაიწყო აჭარის ასსრ შინსახკომის მიერ აღმოჩენილ  „კონტრრევოლუციური სააჯანყებო, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის“  წევრთა საქმის განხილვა. მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა 11 ბრალდებული: 

 

1. ზექერია დურსუნის ძე ლორთქიფანიძე (1892) – დაიბადა ხულოს რაიონის სოფ. მოფრინეთში, საკ. კ. პ (ბ) ყოფილი წევრი 1927 წლიდან, დაკავების დროს აჭარის ასსრ-ს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე; 

 

ზექერია ლორთქიფანიძე - შუაში

ფოტო დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

 

1937 წლის 17 ივლისს, ლავრენტი ბერიამ სტალინს გაუგზავნა დაშიფრული ტელეგრამა ზექერია ლორთქიფანიძის დაკავების სანქციის შესახებ რომელშიც ვკითხულობთ: აჭარაში აღმოჩენილია კონტრრევოლუციური ორგანიზაცია, რომელიც დაკავშირებული იყო თურქულ დაზვერვასთან და მიზნად ისახავდა აჭარის თურქეთთან მიერთებას. ორგანიზაციამ გადაიბირა მხარდამჭერები და მიმდევრები აჭარის სოფლებში, ხოლო თავისი საქმიანობის ფარგლებში დაუკავშირდა თურქეთში მყოფ ემიგრანტებს. თითქმის ყველა დაკავებულის ჩვენებით ვლინდება, რომ აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ლორთქიფანიძე ზექერია არის ამ კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დაკავშირებულია ბათუმში თურქეთის კონსულთან და თურქულ დაზვერვასთან. გთხოვთ, გასცეთ მისი დაკავების სანქცია. ლორთქიფანიძე ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო საზღვარგარეთ გაქცევა [(РГАНИ) Ф. 89. Оп. 48. Д. 5. Л. 1.)].

 

2. ჯემალ  მახმუდის ძე ქიქავა (1895) – ცხოვრობდა ქ. ბათუმში, საკ. კ. პ (ბ) ყოფილი კანდიდატი 1931 წლიდან, ცოლშვილიანი, საშუალო განათლების, დაკავების დროს აჭარვაჭრობის სამმართველოს უფროსი; 

ჯემალ ქიქავა - მეორე რიგში, მარცხნიდან მეოთხე

ფოტო დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

 

3. გიორგი ერასტის ძე რამიშვილი (1888) – აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ) თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, დაპატიმრების დროს საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარი;

გიორგი ერასტის ძე რამიშვილი

ფოტო ინახება ნათესავის, ნინო დოლიძის ოჯახში

 

გიორგი დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფ. დიდივანში. 1902 წელს რევოლუციური გამოსვლის მოწმე გახდა და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1917 წელს პარტიის რიგებში შევიდა. არჩეულ იქნა ბოლშევიკთა საორგანიზაციო ბიუროს, ხოლო შემდეგ ბათუმის ორგანიზაციის კომიტეტის მდივნად. იყო საქალაქო საბჭოს აღმასკომის წევრი. თურქეთის მიერ ბათუმის ოკუპაციის შემდეგ 1918 წელს დააპატიმრეს და გაასახლეს ბათუმიდან. თურქების განდევნის შემდეგ დაბრუნდა ბათუმში. აღადგინეს ბოლშევიკური ორგანიზაციაში და აირჩიეს კომიტეტის პრეზიდიუმის წევრად. 1920 წელს დააპატიმრეს ინგლისელებმა და წაიყვანეს კონსტანტინოპოლში. შემდეგ დარდანელის მახლობლად ჩანაკ-კალეს ციხეში მოათავსეს. 1920 წლის ნოემბერში ჩავიდა ოდესაში, ხოლო, 1921 წელს ბათუმში. მალევე დააპატიმრეს მენშევიკებმა და ჩასვეს ბათუმის ციხეში. საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა რევოლუციური ტრიბუნალის თავმჯდომარედ, შემდეგ ქალაქის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, მოადგილედ. 1924 წელს გამოსვლების დროს გაიგზავნა გურიაში. მუშაობდა ოზურგეთის სამაზრო კომიტეტის მდივნად. სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარედ. პარტიის ლანჩხუთის რაიკომის მდივნად. საქართველოს ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარედ. აჭარის ცაკის თავმჯდომარის მოადგილედ. არჩეული იქნა საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრად [საბჭოთა ხელისუფლებისათვის მებრძოლნი, გვ. 246-247].

გიორგი რამიშვილის ნათესავი, ნინო დოლიძე იხსენებს, რომ გიორგის დამთავრებული ჰქონდა პარტიული სკოლა ლენინგრადში. ჰყავდა მეუღლე, ჟენია ჩერქეზიშვილი, რომელიც იყო ცეკას ინსტრუქტორი. შვილი არ ჰყოლიათ. ზრდიდა ძმიშვილს, მარიამ სეფეს ასულ რამიშვილს. თბილისში კლარა ცეტკინის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. როცა პოლიტიკურად დაიძაბა სიტუაცია, მეუღლეს გაეყარა. მის სასამართლო პროცესებს უმცროსი და, ნინა ესწრებოდა. განაჩენის გამოტანის შემდეგ როცა გაიყვანეს დარბაზიდან, პიჯაკი სკამზე დაუტოვებია და თავაწეული გასულა. განაჩენი აღასრულეს როგორც ვიცით სექტემბრის თვეში. მასთან ერთად კიდევ ორი პიროვნება გაასამართლეს და დასაჯეს“. [IDFI-ის წარმომადგენლის ინტერვიუ ნინო დოლიძესთან. 7 ნოემბერი, 2022].

 

4. გრიგოლ ერმალოს ძე ლაღიძე (1887) – დაიბადა ქუთაისის რაიონში, სოფელ გოდოგანში, ცოლშვილიანი, უმაღლესი განათლებით, იურისტი 1904 წლიდან, სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი, 1921-22 და 24 წლებში პასუხისგებაში ნამყოფი კონტრრევოლუციური მოღვაწეობისათვის, დაკავების დროს აჭარის ასსრ-ს ადვოკატთა კოლეგიის წევრი;

 

5. ილიას ოსმანის ძე მეგრელიძე (1903) – დაიბადა ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, საკ. კ. პ (ბ) ყოფილი წევრი 1931 წლიდან, ახალგაზრდა მარქსისტთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ყოფილი წევრი 1919-23 წწ, პასუხისგებაში ნამყოფი კონტრრევოლუციური მოღვაწეობისათვის, დაკავების დროს აჭარის მიწათმოქმედების სახალხო კომისარი; 

ილიას მეგრელიძე

ფოტო ინახება შთამომავლის, თამრიკო მეგრელიძის ოჯახში

 

6. ქიაზიმ ხასანის ძე ბასილაძე (1903) – დაიბადა ქედის რაიონის სოფ. ქედაში, საკ. კ. პ (ბ) ყოფილი წევრი 1926 წლიდან, ცოლშვილიანი, დაკავების დროს  აჭარის ასსრ-ს სასოფლო სამეურნეო ბანკის მმართველი; 

7. ხასან იუსუფის ძე ძნელაძე (1905) – დაიბადა ბათუმის რაიონის სოფელ ოთაბათუმში, საშუალო განათლებით, საკ. კ. პ (ბ) ყოფილი წევრი 1929 წლიდან, ცოლშვილიანი, დაკავების დროს  პარტიის ქობულეთის რაიონული კომიტეტის მდივნის მოადგილე; 

8. ხასან ხალიფის ძე ჩალ-ოღლი (1892) – დაიბადა ხულოს რაიონში, ცხოვრობდა ბათუმის რაიონის სოფელ თოფალოღელებში, აჭარის ასსრ იუსტიციის სახალხო კომისარი 1925 წლამდე, დაბალი განათლებით, ცოლშვილიანი, უპარტიო, დაკავების დროს ბათუმის რაიონის სოფელ თოფალოღელების კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 

9. ოსმან რეჯების ძე რომანაძე (1904) – დაიბადა ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში, დაბალი განათლებით, ცოლშვილიანი, დაკავების დროს ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროვკის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 

10. ოსმან თერჯანის ძე ვანაძე (1911) – დაიბადა ხულოს რაიონის სოფელ ვანაძეებში, დაბალი განათლებით, ცოლშვილიანი, ალკკ ყოფილი წევრი 1930 წლიდან, დაკავების დროს ხულოს რაიონის ვანაძეების კოლმეურნეობის თავმჯდომარე;

11. სულეიმან იუსუფის ძე ბეჟანიძე (1909) – დაიბადა ხულოს რაიონის სოფელ მოფრინეთში, საშუალო განათლებით, საკ. კ. პ (ბ) ყოფილი წევრი 1931 წლიდან, დაკავების დროს ხულოს რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე.

 

სასამართლო პროცესის მიმდინარეობა

აღნიშნული პროცესის მიზანი იყო სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსების რეპრესიები აჭარაში. მთავარი სამიზნეები იყვნენ აჭარის ასსრ-ს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ზექერია დურსუნის ძე ლორთქიფანიძე, აჭარვაჭრობის სამმართველოს უფროსი ჯემალ მახმუდის ძე ქიქავა, აჭარის მიწათმოქმედების სახალხო კომისარი ილიას ოსმანის ძე მეგრელიძე და აჭარის ასსრ-ს სასოფლო სამეურნეო ბანკის მმართველი ქიაზიმ ხასანის ძე ბასილაძე, ასე სხვა დაბალი რანგის მუშაკები, მაგალითად, სოფლების კოლმეურნეობების თავმჯდომარეები და ა.შ.

1937 წელს 24-28 სექტემბერს ქ. ბათუმში ღია სხდომაზე, აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელით, აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სპეციალურმა შემადგენლობამ საქმე განიხილა აჭარის ასსრ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რეჯებ ჯინჭარაძის თავმჯდომარეობით, წევრების იუსუფ კორძაიასა და ვლადიმერ ჩიტიას შემადგენლობით და ლევან ჩიჩუას მდივნობით; სახელმწიფო ბრალმდებლის, აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პროკურორის იპოლიტე კაპანაძის, საზოგადოებრივი ბრალმდებლების გოფუზ ცეცხლაძის, ხუსია დუმბაძის და აჭარის ავტონომიური ასსრ დამცველთა კოლეგიის წევრების კაშიას, მამალაძის, ტურძელაძისა და გუბაშვილის მონაწილეობით. გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი უცხო სახელმწიფოს დაზვერვის დავალებით, კონტრრევოლუციური ორგანიზაცია 1933 წელს ჩამოაყალიბა  და ხელმძღვანელობდა ზექერია ლორთქიფანიძე, ასევე ბრალდებულ  ჯემალ ქიქავასთან ერთად. ორგანიზაცია აწარმოებდა ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელ ჯაშუშურ-მავნებლურ მუშაობას კონტრრევოლუციურ ტროცკისტებთან, მენშევიკებთან და ფაშისტებთან ერთად (გაზეთი კომუნისტი - 30.09.1937, N225, გვ.2).

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია დაუკავშირდა აჭარიდან საზღვარგარეთ გაძევებულ ბეგებს, მოლებსა და კულაკებს, მიზანი იყო სახალხო მეურნეობაში მავნებლობის, დივერსიის, ჯაშუშობის, ტერორისა და საბჭოთა კავშირზე კაპიტალისტური ქვეყნების თავდასხმის მოწყობის გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, აჭარაში კაპიტალისტური წეს-წყობილების აღდგენა და აჭარის ჩამოშორება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირისაგან და ერთ-ერთი კაპიტალისტური ქვეყნის კოლონიად გადაქცევა (გაზეთი კომუნისტი - 25.09.1937, N220, გვ.2; 26.09.1937 N220 გვ.2).  ამ მიზნის განსახორციელებლად, ზექერია ლორთქიფანიძე და ჯემალ ქიქავა დაუკავშირდნენ კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის საკავშირო ცენტრის წევრს, ხალხის მტერს სერებრიაკოვს. ასევე საქართველოს კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის საკავშირო ცენტრის წარმომადგენელს ქურდაძეს, ხოლო 1935 წელს კავშირი დაამყარეს საქართველოში მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან - გერმანე მგალობლიშვილთან, შალვა მათიკაშვილთან და თენგიზ ჟღენტთან. ორგანიზაციას ასევე კავშირი ჰქონდა ბუდუ მდივანთან, მალაქია ტოროშელიძესთან, ოსიკო ბარათაშვილთან, ნაციონალ-ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან: მიხეილ ჯავახიშვილთან, სანდრო შანშიაშვილთან, გიორგი ლეონიძესა და ნიკოლოზ ლორთქიფანიძესთან (შსს არქივი, სისხლის სამართლის საარქივო ფონდი - 06, საარქივო N38785-07, ტომი N1, ტომი 2, გვ. 346-348).

ორგანიზაციის წევრებს ასევე ბრალად ედებოდათ ჯაშუშობა, დივერსია და მავნებლობა სახალხო მეურნეობის ყველა სფეროში  ფაბრიკა-ქარხნების, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების შესაფერხებლად და დასანგრევად.  

ლორთქიფანიძეს, ქიქავასა და მეგრელიძეს დამატებით ბრალად ედებოდათ 1934-37 წლებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა, კერძოდ, 1934 წელს სერგეი კიროვის ვერაგულ მკვლელობაში. 1937 წლის ზაფხულში ყველა ეჭვიმტანილი დააკავეს და ყველა მათგანმა „აღიარა“ დანაშაული (გაზეთი კომუნისტი - 30.09.1937, N225, გვ.2). 

 

საქ. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის 1937 წლის 27 სექტემბრის ოქმი 8 პირისთვის დახვრეტის, ხოლო 3-ისთვის პატიმრობის მისჯის თაობაზე. დოკუმენტს ხელს აწერს ლავრენტი პავლეს-ძე ბერია

დოკუმენტი დაცულია საქართველოს შსს არქივში



თერთმეტივე ბრალდებულმა განაჩენის გამოცხადებამდე წარმოთქვა საბოლოო სიტყვა, რომელთა შინაარსიც ნათლად მიუთითებდა საბჭოთა სისტემის მიერ განხორციელებული წამების პრაქტიკის შედეგებზე.

ზექერია დურსუნის ძე ლორთქიფანიძე:...ჩემი გამართლება არ შეიძლება. ვიცი, რომ საზიზღარი მოღალატე ვარ და სასჯელის ღირსი, მაგრამ გთხოვთ ცოლშვილიანი ვარ და როცა ჩემს შესახებ მსჯელობა გექნებათ… მაჩუქეთ სიცოცხლე… იცოდეთ ყველამ, რომ უცხოეთის დაზვერვა ჭლექივით შემპარვია, ამ დაზვერვამ თავის კლანჭებში ჩამიგდო და აქედან დაიწყო ყველა ეს საზიზღრობანი

გაზეთი „კომუნისტი“  30.09.1937 N225; გვ.3

 

გიორგი ერასტის ძე რამიშვილი: ...ამ უკანასკნელ დღეებში, ვეკითხები ჩემს თავს - რა სჯობია ჩემთვის სიკვდილი თუ სიცოცხლე? ვამბობ, რომ ყველასთვის საზიზღარ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია, მაგრამ სიკვდილი სამარცხვინო ლაქით არ მინდა. ვთხოვ სასამართლოს მაჩუქოს სიცოცხლე იმიტომ, რომ ის სისხლი, რომელიც უნდა დამედინოს, დავღვარო სამშობლოს სადარაჯოზე და ამით  მოვირეცხო სამარცხვინო ლაქა.

გაზეთი „კომუნისტი“  30.09.1937 N225; გვ.3

ილიას ისმაილის ძე მეგრელიძე: ერთს შეგპირდებით, თუ მაცოცხლებთ, მთელ ჩემს სიცოცხლეს შევწირავ საბჭოთა ხელისუფლებას და გამოვისყიდი ჩადენილ დანაშაულს. გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში, რომ ჯერ ახალგაზრდა ვარ და ჩემი  გამოსწორება შეიძლება“.

გაზეთი „კომუნისტი“ 30.09.1937 N225; გვ.3

ოსმან თერჯანის ძე ვანაძე: “მე ერთი უსწავლელი კაცი ვარ. საზიზღარმა მავნებლებმა დამღუპეს, ჩამითრიეს ორგანიზაციაში. რა უნდა ვთხოვო სასამართლოს იმის შემდეგ, რაც ასეთი დიდი დანაშაული ჩავიდინე… (სწუხს, ენა ებმის) 

თავმჯდომარე რას სთხოვთ სასამართლოს?

ვანაძე ნუ დამღუპავთ, მაჩუქეთ სიცოცხლე.

გაზეთი „კომუნისტი“  30.09.1937 N225; გვ.3

 

1937 წლის 28 სექტემბერს დასრულდა აჭარის კონტრრევოლუციური სააჯანყებო, ჯაშუშურ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის მონაწილეთა პროცესი და გამოცხადდა განაჩენი.

 „ვცნობ რა დამტკიცებულად საბრალდებო დასკვნით ამ ცოფიან მგელთა ხროვის მიმართ  წარდგენილ ბრალდებას სამშობლოს ღალატსა, შეიარაღებული აჯანყების მომზადებასა, ჯაშუშობასა, მავნებლობასა, დივერსიული და ტერორისტული აქტების მომზადებაში, მოვითხოვ თერთმეტსავე ბრალდებულს შეეფარდოს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა, ამონარიდი სახელმწიფო მბრალდებლის, იპოლიტე კაპანაძის სიტყვიდან (გაზეთი კომუნისტი 30.09.1937, N225, გვ.3).

გაზეთი „კომუნისტი“ 30.09.1937 N225; გვ.3

 

11 ბრალდებული  „ხალხის მტრიდან“ რვას ზექერია დურსუნის ძე ლორთქიფანიძეს,  ჯემალ  მახმუდის ძე ქიქავას, გიორგი ერასტის ძე რამიშვილს, გრიგოლ ერმალოს ძე ლაღიძეს,  ქიაზიმ ხასანის ძე ბასილაძეს,  ოსმან რეჯების ძე რომანაძეს  და სულეიმან იუსუფის ძე ბეჟანიძეს -  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 319 და 320 მუხლების მიხედვითა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-1-ა, 58-2, 58-6, 58-8, 58-9 და 58-11 მუხლების თანახმად, აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სპეციალურმა შემადგენლობამ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. ხოლო ხასან იუსუფის ძე ძნელაძესა და ხასან ხალიფის ძე ჩალ-ოღლის 10 წლიანი პატიმრობა, ოსმან თერჯანის ძე ვანაძეს - 8 წლით. სამივე მათგანი გასამართლდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის  58-2, 58-9 და 58-11 მუხლებით. ასევე სასჯელის მოხდის შემდეგ, მათ ხუთი წლით უნდა ჩამორთმეოდათ საარჩევნო ხმის უფლება. განაჩენს ხელს აწერს აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სპეციალური შემადგენლობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რეჯებ ჯინჭარაძე, წევრები: იუსუფ კორძაია, ვლადიმერ ჩიტია (გაზეთი კომუნისტი - 30.09.1937, N225; გვ.3).

1937 წლის 24-28 სექტემბრის განაჩენი 8 გასამართლებულის მიმართ დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია აღსრულდა 1937 წლის  29 სექტემბერს.

აღსანიშნავია, რომ შსს არქივში დაცული 1927 წლის 29 სექტემბრის სასჯელის აღსრულების აქტის მიხედვით, ორი პირის, გიორგი ერასტის ძე რამიშვილისა და ოსმან რეჯების ძე რომანაძის მიმართ, განაჩენი არ აღსრულებულა, ვინაიდან მათი გვარების გასწვრივ არ გვხვდება შესაბამისი აღნიშვნა . შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მათი შემდგომი ბედის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

სასიკვდილო განაჩენის აღსრულების აქტი. 29 სექტემბერი, 1937 წელი

დოკუმენტი დაცულია საქართველოს შსს არქივში

 

11 ბრალდებულის გასამართლების შესახებ დოკუმენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არ არის დაცული. თუმცა, 5 მათგანის სახელი ფიგურირებს პეტრე მიხეილის ძე მინინის საქმეში, რომელიც შედგენილია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1950-იან წლებში, საქმის გადახედვისას, მინინის რეაბილიტაციის მოტივით [შსს არქივი, სისხლის სამართლის საარქივო ფონდი - 06, საარქივო N38785-07, ტომი N1, ტომი 2]. მინინი დაპატიმრებამდე იკავებდა აჭარის ასსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-3 ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობას. მინინს ბრალად ედებოდა კ/რ შეთქმულება, ინტენსიურ იატაკქვეშა საქმიანობა და ლ. ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მომზადება, რის გამოც იგი გაასამართლეს 1938 წლის 28 აპრილს და დახვრიტეს 30 აპრილს. 

პეტრე მიხეილის ძე მინინის საქმეში განხილული დეტალების მიხედვით, გერმანე ნიკოლოზის ძე ჯინჯოლიას პირადი ინიციატივით და უშუალოდ მისი მონაწილეობით, რომელიც დაპატიმრებამდე აჭარის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო,  გაყალბდა სისხლის სამართლის საქმეები აჭარის ცენტრალური კომიტეტის მაღალჩინოსნების, პარტიის საოლქო კომიტეტის, რაიონული კომიტეტების მდივნების, რეგიონული აღმასრულებელი კომიტეტების კოლმეურნეობების თავმჯდომარეების, დირექტორებისა და სხვა ადამიანების მიმართ ფიქციური ბრალდებებით, დასახელებული პირების უმეტესობას მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მათ შორის იყვნენ:

  1. ლორთქიფანიძე ზექერია
  2. რამიშვილი გიორგი
  3. მეგრელიძე ილიას
  4. ქიქავა ჯემალი
  5. ბასილაძე ქაზიმ (კიაზიმ)...

 

აღნიშნული საქმის მიხედვით, ამ დანაშაულების განსახორციელებლად ჯინჯოლიამ გამოიყენა თავისი ხელქვეითები: კუგელი, კონსტანტინიდი, დიხამიძე, გორშკოვი, ეზიაშვილი, მინინი, კუზნეჩკინი, ზარუბინი და სხვები.

 

აჭარის ასსრ შინსახკომის თანამშრომლებმა, ჯინჯოლიას ხელმძღვანელობით, დააკავეს ზემოაღნიშნული პირები, მათ მიმართ არ გააჩნდათ კომპრომატები, ამიტომ წარადგინეს შეთითხნილი ბრალდებები და რეპრესიის სასტიკი ზომების გამოყენებით აიძულეს ისინი დაერწმუნებინათ საკუთარი თავი და სხვა პირები სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ჯინჯოლიას განყოფილებაში, აჭარის ასსრ НКВД-ის (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) შენობაში, 2 ოთახი N21 და N22 დაკავებულთა წამებისთვის იყო აღჭურვილი. დაკავებულებს სცემდნენ ჯოხებით, მათრახებით, ახვევდნენ სველ თოკებს და აიძულებდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში ფეხზე დგომას, იყენებდნენ სხვა უკანონო მეთოდებს…

 

1957 წლის 28 მაისის საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 1937 წლის 24-28 სექტემბრის განაჩენი ზექერია დურსუნის ძე ლორთქიფანიძის, ჯემალ  მახმუდის ძე ქიქავას, გიორგი ერასტის ძე რამიშვილის, გრიგოლ ერმალოს ძე ლაღიძის, ილიას ოსმანის ძე მეგრელიძის, ქიაზიმ ხასანის ძე ბასილაძის, ხასან იუსუფის ძე ძნელაძის, ხასან ხალიფის ძე ჩალ-ოღლის, ოსმან რეჯების ძე რომანაძის, ოსმან თერჯანის ძე ვანაძისა და  სულეიმან იუსუფის ძე ბეჟანიძის  მიმართ, გაუქმდა მათ წინააღმდეგ დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო (შსს არქივი, სისხლის სამართლის საარქივო ფონდი - 06, საარქივო N38785-07, ტომი N1, ტომი 2, გვ. 344-356).

 

გამოხმაურება პრესაში და აგორებული კამპანია:

სასამართლო პროცესს, დაწყების დღიდან აშუქებდა გაზეთი “კომუნისტი”, ასევე ღია სხდომის დეტალებსა და განაჩენს შეხვდებით გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” ფურცლებზეც. თითოეული ნომრის პირველ გვერდზე განთავსებული იყო შემდეგი წარწერები: 

“სიკვდილი კონტრრევოლუციურ-ფაშისტურ ბანდას! დაუნდობლად გავსრისოთ ქვეწარმავალნი.”

“სოციალისტური სამშობლოს გამყიდველები, ხალხის უსაზიზღრესი მტრები, ფაშიზმის პირსისხლიანი აგენტები გასრესილი არიან.”

“გადაჭრით გავაძლიეროთ რევოლუციური სიფხიზლე!”

“რკინის კედლად გარსშემოვერტყათ ხალხთა საყვარელ ბელად, მამას, მასწავლებელს დიდ სტალინს!”

“მაღლა გვეჭიროს სოციალიზმის ძლევამოსილი დროშა!”

“ხალხის უბოროტესი მტრები განადგურებულნი არიან!”

 

აღნიშნული გაზეთებში ასევე ფიგურირებს მშრომელთა (ფაბრიკა-ქარხნების მუშათა), წითელი არმიის ქართველ მებრძოლთა და ა.შ.  საპროტესტო განცხადებები და ლოზუნგები.  აჭარის ასსრ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აღფრთოვანებით შეხვდა  ქვეყნის ინტელიგენციის დიდი ნაწილიც, მათ  განცხადებებსა და რეზოლუციებს ვხვდებით ცენტრალური გაზეთების გვერდებზე.

გაზეთ “კომუნისტის” 1937 წლის 28 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა, მეცნიერ-მუშაკთა და სტუდენტთა, მათ შორის პ. მეტრეველის, კ. კეკელიძის, დ. უზნაძის, ნ. კეცხოველის განცხადებები:

არავითარი შებრალება ხალხის მტრებს! (გაზეთი "კომუნისტი" 28.09.1937 N222 გვ.3)

თბილისის უნივერსიტეტში

“თბილისის უნივერსიტეტის კლუბის გაჭედილი დარბაზი ვერ იტევს ყველას, ვისაც სურს თავისი აღშფოთება გამოსთქვას აჭარის კონტრრევოლუციური, სააჯანყებო-ჯაშუშური, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის მონაწილეთა საზიზღარ დანაშაულთა გამო.

ტრიბუნაზე ერთი-მეორეს ცვლიან პროფესორები, მეცნიერი მუშაკები, სტუდენტები.

ჩვენ მოვითხოვთ, განაცხადა ეკონომიური ფაკულტეტის დეკანმა ამხ. პ. მეტრეველმა, - ხალხის უბოროტესი მტრების ფიზიკურად მოსპობას. რკინის ქუსლით უნდა გავსრისოთ ეს ბინძური არამზადები!

პროფ. კ. კეკელიძემ აღნიშნა, რომ მუშებს და კოლმეურნე გლეხობას არ დავიწყებიათ წარსული რეჟიმის საშინელებანი; ისინი არასოდეს არ გაჰყვებიან ლორთქიფანიძის, რამიშვილისა და სამშობლოს სხვა მოღალატეთა ბანდებს. საჭიროა აღმოვფხვრათ მავნებლობისა და მავნებელთა ნაშთები.

ჩვენ მოვითხოვთ, განაცხადა მან, რათა დამნაშავენი სიკვდილით იქნან დასჯილნი.

სტუდენტი ქალი ამხ. სიდონია ჩხაიძე და სტუდენტი ამხ. კოპალიანი უდიდეს აღშფოთებით ლაპარაკობდნენ საზიზღარ გამცემელთა დანაშაულებრივ მუშაობაზე. საბჭოთა ქვეყნის მშრომელებს მაგრად უჭირავთ ხელში ლენინ-სტალინის დროშა და არავის მისცემენ ნებას დაანგრიოს საბჭოების ქვეყნის დიადი მიღწევები. ხალხის ბილწი მტრები, რომელნიც ხელჰყოფდნენ ამ მიღწევებს, განადგურებულ უნდა იქნან.

პროფ. დ. უზნაძე ამბობს

როცა აქ ვისმენ გამოსულთა სიტყვებს, ჩემს წინაშე ისახება წინანდელი ჩამორჩენილი აჭარის სურათი, აჭარისა, რომელიც გონებრივად მოლებს ჰყავდათ დამონებული, ხოლო ეკონომიურად  ბეგებს. განა შეიძლება ეს შავბნელი წარსული შევადაროთ ნათელს აწმყოს, როცა განვითარების გზა გახსნილი აქვს ხალხის ნიჭს და შრომისა, განათლებისა და კულტურისაკენ მისწრაფებას! ქვეყანა ჰყვავის, ხალხის უბოროტეს მტრებს უნდოდათ წინანდელ მდგომარეობაში დაებრუნებინათ აჭარა, ისინი არავითარი შეწყნარების ღირსნი არ არიან.

დოცენტმა ნ. კეცხოველმა აღნიშნა დიდმა სტალინმა შეჰქმნა მეგობრობა და ძმობა საბჭოთა ხალხებისა, რომელნიც გამარჯვებიდან გამარჯვებამდე მიდიან. წარსულის დაბრუნება შეუძლებელია. მეცნიერი მუშაკები, რომელნიც მუშაობაში შეიარაღებული არიან კალმით, პარტიისა და მთავრობის პირველი დაძახებისთანავე, ამ იარაღს სხვა იარაღით შესცვლიან და მკერდით დაიცავენ დიდი სოციალისტური რევოლუციის მონაპოვართ.

თავის რეზოლუციაში თბილისის უნივერსიტეტის მასწავლებელთა, პროფესორთა და სტუდენტთა 5 ათასიანი კოლექტივი სასჯელის უმაღლეს ზომას დახვრეტას მოითხოვს საზიზღარ მახინჯთათვის, ფაშისტ-ტროცკისტ-ბუხარინელ ჯაშუშთათვის.”

გაზეთ “კომუნისტის” 1937 წლის 29 სექტემბრის ნომერში ვხვდებით მეცნიერთა აკადემიის საქართველოს ფილიალის თანამშრომელთა მიტინგზე გაკეთებულ განცხადებებსაც:

“უფრო მაღლა ავსწევთ რევოლუციურ სიფხიზლეს მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალში (გაზეთი "კომუნისტი" N223 , 29.09.1937. გვ4.)

სსრკ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის თანამშრომლები და მოსამსახურეები აჭარის კონტრრევოლუციური, ჯაშუშურ-სააჯანყებო, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის მონაწილეთა პროცესის გამო გამართულ მიტინგზე სამარცხვინო ბოძზე  აკრავდნენ სოციალისტური სამშობლოს მოღალატეებს, ხალხის უბოროტეს მტრებს, უცხოეთის დაზვერვის დაქირავებულ აგენტებს ზ. ლორთქიფანიძეს, ქიქავას და სხვ.

მიტინგზე გამოსულმა პროფესორებმა თოფურიამ, ჯანაშიამ, ლაისტერმა, მეცნიერ თანამშრომლებმა ხუბუამ, სახოკიამ, მეგრელიშვილმა და სხვ. ილაპარაკეს ლენინურ-სტალინური ნაციონალური პოლიტიკის დიდი მიღწევების შესახებ, რომლებმაც წარსულში ჩამორჩენილი ბეგების აჭარა გადააქცია აყვავებულ საბჭოთა რესპუბლიკად. მათ განაცხადეს, რომ არ არსებობს ძალა, რომელსაც შეეძლოს წაართვას საბჭოთა აჭარის მშრომელებს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მონაპოვარნი. აჭარელი ხალხი, გაშლის რა ფართოდ თავის შემოქმედებითს ძალებს დიდი სტაბილური კონსტიტუციის დროშის ქვეშ, არასოდეს არ დაიდგამს უცხოელ დამმონებელთა უღელს.

„მოველით პროლეტარული სასამართლოსაგან ნათქვამია რეზოლუციაში, უაღრესად სასტიკ განაჩენს საზიზღარ გამცემთა ბანდისადმი, რომლებიც ცდილობდნენ კოლონიურ მონობაში გაეყიდნათ აჭარის მშრომელები.

პირობას ვაძლევთ პარტიასა და მთავრობას, რომ უფრო მაღლა ავსწევთ რევოლუციურ სიფხიზლეს ხალხის საზიზღარ მტრებთან ბრძოლაში. ყოველმხრივ დავეხმარებით რა დიდი ოქტომბრის ერთგულ დარაჯს შინსახკომს“.

გაზეთ “კომუნისტის”  1937 წლის 30 სექტემბრის ნომერში ვხვდებით ქართველი მწერლების განცხადებებს, რომლებიც იწონებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღფრთოვანებით ხვდებიან დახვრეტის განაჩენს. აღნიშნული განცხადებები ეკუთვნით ილო მოსაშვილს, ირაკლი აბაშიძეს, დემნა შენგელაიას, ვალერიან გაფრინდაშვილსა და სიმონ ჩიქოვანს:

“მხურვალედ ვესალმებით სასამართლო განაჩენს ( გაზეთი „კომუნისტი“  30.09.1937 N225; გვ.1)

„ჩვენი ქვეყნის ყოველი პატიოსანი მოქალაქე უდიდესი კმაყოფილების გრძნობით შეხვდა განაჩენს, რომელიც, მშრომელი ხალხის ერთსულოვანი მოთხოვნით, საბჭოთა სასამართლომ გამოუტანა სახელოვანი შინსახკომის მიერ გამომჟღავნებულ ჯაშუშ-დივერსანტთა და სამშობლოს გამყიდველთა საზიზღარ ხროვას.

ძირიანად ამოვაგდოთ ჩვენს ბედნიერ სამშობლოში აქა-იქ კიდევ ჩარჩენილი გველის სოროები, ფხიზლად და მტკიცედ ვიდგეთ ლენინ-სტალინის პარტიის დიადი იდეების სადარაჯოზე,“- ილო მოსაშვილი.

გაზეთი „კომუნისტი“ 30.09.1937 N225; გვ.1

„მშრომელთა სამსჯავროს წინაშე წარსდგნენ შინსახკომის ორგანოების მიერ გამომჟღავნებული უსაზიზღრესი მტრები საბჭოთა ხალხისა, დივერსანტები, ჯაშუშები, კაცისმკვლელები, რომლებიც ცდილობდნენ დაენგრიათ ჩვენი ბედნიერი ცხოვრება. ზექერია ლორთქიფანიძემ, გ. რამიშვილმა, ლაღიძემ და მათმა მსგავსმა ქვეწარმავლებმა მიიღეს საკადრისი სასჯელი ქართველი მშრომელი ხალხის რისხვა დახვრეტა.

მთელი საქართველოს მშრომელი ხალხი ერთსულოვნად აწერს ხელს ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და შეუვალობის განმტკიცების აქტს. ჩვენი საყვარელი ბელადის დიდი სტალინის და მისი ერთგული მოწაფის, ქართველი ხალხის ბედნიერი ცხოვრების ხელმძღვანელის ამხ. ლავრენტი ბერიას გარშემო დარაზმული მასების სიმტკიცე ურყევია.

ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და სიფხიზლე თავდებია იმისა, რომ ხალხის მტერი ასე დაუნდობლად გაისრისება,“ ირაკლი აბაშიძე.

გაზეთი „კომუნისტი“ 30.09.1937 N225; გვ.1

„პირსისხლიანი ფაშიზმის აგენტები, მავნებლები, დივერსანტები, ჯაშუშები ლამობდნენ ჩვენი ღვიძლი საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, ლამობდნენ მოძმე აჭარის საბჭოთა კავშირიდან გამოთიშვას. მშრომელთა სისხლითა და ოფლით მონაპოვარ სოციალისტურ გამარჯვებათა განადგურებას, მაგრამ არ დასცალდათ! ზიზღი ბანდიტ წუნკლებს! აღგვილ იქნას მათი სამგზის საზიზღარი სახელები ჩვენი ხსოვნიდან, რომ ისინი შეურაცხყოფას არ აყენებდნენ ადამიანურ გრძნობებს.

ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ დავირაზმებით კომუნისტური პარტიისა, მშრომელი კაცობრიობის ბელადის ამხანაგ სტალინისა და ქართველი მშრომელი ხალხის რკინისებური ხელმძღვანელის - ამხანაგ ლავრენტი ბერიას ირგვლივ,“ დემნა შენგელაია.

გაზეთი „კომუნისტი“ 30.09.1937 N225; გვ.1

„საბჭოთა აჭარა, დაჩაგრული და დამცირებული ცარიზმისა და მენშევიკების ბატონობის დროს, აყვავდა გაიფურჩქნა ლენინ-სტალინის პარტიის ხელმძღვანელობით. ხალხის მტრები, საზიზღარი დივერსანტები, ჯაშუშები და მოღალატეები ზ. ლორთქიფანიძე, ჯ. ქიქავა, გ. რამიშვილი, გ. ლაღიძე და მათი დამქაშები ამაოდ ცდილობდნენ წაერთმიათ მშრომელი აჭარისათვის მისი მიღწევები და აღედგინათ შავბნელი წარსული. ხალხმა ღირსეული სასჯელი მიუსაჯა თავის მტრებს და ჩვენ, საბჭოთა მწერლები, აღსავსენი ზიზღითა და აღშფოთებით მოღალატეებისადმი, აღფრთოვანებით ვესალმებით სამართლიან განაჩენს, რათა დაუძინებელი მტრები - ტროცკისტი გარეწრები, რომელნიც ვერაფერს დააკლებენ ჩვენს ბედნიერ შემოქმედებითს ცხოვრებას, დიდი სტალინის გენიით აღორძინებულს,“ ვალერიან გაფრინდაშვილი.

გაზეთი „კომუნისტი“ 30.09.1937 N225; გვ.1

„ამ რამდენიმე დღეში ჩვენს წინაშე გადაიშალა საზიზღარ ჯაშუშთა და დივერსანტთა საქმიანობის ამაზრზენი სურათი. სამშობლოს გამყიდველები ზ. ლორთქიფანიძე, გ. ლაღიძე, გ. რამიშვილი და სხვები გამოაშკარავებულ იქმნენ და წარდგნენ ხალხის სამსჯავროს წინაშე. სასამართლომ გამოხატა ხალხის ნება-სურვილი, და ყოველი ჩვენგანი უდიდესი კმაყოფილებით და სიხარულით ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. ეს განაჩენი დაწერილია საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა ხალხების მიერ და გამომხატველი ხალხის ნებაყოფისა და მისი სურვილისა.

 დაე, აღიგავონ საზიზღარი გამცემლები და მალე გაიწმინდოს საყვარელი საბჭოთა სამშობლო შხამიან ქვეწარმავალთაგან,“ სიმონ ჩიქოვანი.

გაზეთი „კომუნისტი“ 30.09.1937 N225; გვ.1

 

გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” 1937 წლის 30 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია მწერალთა მიტინგზე წარმოთქმული განცხადებები და შედგენილი რეზოლუციის ტექსტი. აღნიშნული მიტინგი გახსნა სანდრო ეულმა:

“გავწმინდოთ დიადი საბჭოთა ქვეყანა კონტრრევოლუციური სიბინძურისაგან “ (გაზეთი "ლიტერატურული საქართველო" 30.09.1937. N22; გვ.1)

მწერალთა კრებაზე

უღრმესი გულისწყრომით, ზიზღით და აღშფოთებით იყო განმსჭვალული მწერლების სიტყვები, რომლებიც წარმოითქვა 26 სექტემბერს აჭარის კონტრრევოლუციურ ჯაშუშურ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის მონაწილეთა პროცესის გამო მოწვეულ მიტინგზე.

მიტინგი გახსნა ამხ. სანდრო ეულმა:

“სამშობლოს მოღალატეთა საზიზღარ ბანდას, სთქვა ამხ. ეულმა, განზრახული ჰქონდა გადაექცია აჭარა კაპიტალისტურ სახელმწიფოს კოლონიად. მან მიზნად დაისახა სისხლში ჩაეხრჩო აჭარის მშრომელთა თავისუფლება და ბედნიერი ცხოვრება. ჩვენთვის, მწერლებისათვის, ყველაზე შემაძრწუნებელი ის არის, რომ ამ უბოროტეს დანაშაულის მონაწილენი აღმოჩნდნენ ჩვენი, მწერალთა კოლექტივის ყოფილი წევრები ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენს რიგებშიდაც ყოფილან გარეწრები, რომლებიც ხალხის მოსისხლე მტრებთან ერთად ლესავდნენ მახვილს ჩვენი სოციალისტური ქვეყნის ზურგში ჩასაცემად. ეს ფაქტი ერთხელ კიდევ ცხადჰყოფს პოლიტიკურ უდარდელობას და რევოლუციური სიფხიზლის მოდუნებას საბჭოთა მწერლებს შორის.”

გაზეთი “ლიტერატურული საქართველო” 30.09.1937. N22; გვ.1

იმ შემზარავ შთაბეჭდილებაზე, რომელიც აჭარის კონტრრევოლუციური დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის მონაწილეთა საარაკო დანაშაულმა მოახდინა ყოველ პატიოსან საბჭოთა მოქალაქეზე, ილაპარაკეს მწერლებმა გ. ბუხნიკაშვილმა, ი. ვაკელმა, კ. ლორთქიფანიძემ, ა. გომიაშვილმა, ლ. მეტრეველმა, პ. სამსონიძემ, გ. ბააზოვმა, ი. ლისაშვილმა, ს. მთვარაძემ და სხვ.

ქართველი საბჭოთა მწერალი უნდა ამაღლდეს იდეურად, პოლიტიკურად, ზნეობრივად და ამას იგი შესძლებს მხოლოდ იმ პირობით, თუ ყოველი ჩვენგანი განუხრელად გაატარებს თავის სამწერლო მოღვაწეობაში და პირად ცხოვრებაში იმ მითითებებს, რომლებსაც მუდამ დღე გვაძლევს ლენინ-სტალინის პარტია ჩვენი ქვეყნის სახელოვანი ხელმძღვანელის ამხანაგ ლავრენტი ბერიას სახით.... ჩვენ რიგებში კიდევ არიან მწერლები, რომელთა კავშირი და ურთიერთობა ხალხის დაუძინებელ მტრებთან ყოველგვარ ეჭვგარეშეა: ტიციან ტაბიძე, გ. ლეონიძე და სხვები უნდა გამოვიდნენ აქ, ჩვენი კოლექტივის წინაშე და გულწრფელად აღიარონ ყველა ის დანაშაული, რომელიც მათ ჩაადენინა ხალხის მტრებთან აშკარა მეგობრულმა ურთიერთობამ. მათ გულახდილად უნდა სთქვან, თუ რა ამოძრავებდათ, როცა ისინი უკავშირდებოდნენ დღეს უკვე ცნობილ ნიღაბახდილ მტრებს. მათ უნდა სთქვან ყველაფერი, რაც იციან; ან ჩვენთან, ან მათთან - სხვა გამოსავალი არ არსებობს.” 

დასასრულ, კრებამ ერთხმად და მქუხარე ტაშისცემით მიიღო შემდეგი რეზოლუცია:

„საქართველოს საბჭოთა მწერლების კრება თავის უდიდეს აღშფოთებასა და მრისხანების გრძნობას გამოსთქვამს იმ საშინელ და საზიზღარ დანაშაულის გამო, რომელთაც სჩადიოდნენ ხალხის პირსისხლიანი მოღალატეები, ფაშისტ-ტროცკისტი გამცემლები...

სოციალისტურ სამშობლოსა და ხალხის მოღალატეები ფიზიკურად უნდა იქნან განადგურებული!

სიკვდილი ფაშისტებს, ტროცკისტებს, ბუხარინელებს!

გაუმარჯოს მრავალმილიონიან საბჭოთა ხალხის უძლეველი ნებისყოფის გამომხატველს კომუნისტურ პარტიას!

გაუმარჯოს ხალხთა დიდ ბელადს ამხანაგ სტალინს!

გაუმარჯოს ქართველი ხალხის სახელოვან ხელმძღვანელს ამხანაგ ბერიას!“


გაზეთი “ლიტერატურული საქართველო” 30.09.1937. N22; გვ.1



დასკვნა: 

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში განხორციელებული მასშტაბური რეპრესიები, კაცობრიობის ისტორიაში, დღემდე ერთ-ერთ სასტიკ და ულმობელ აქტად არის მიჩნეული, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელა. რეპრესიების შემოქმედთა დაუნდობელმა პოლიტიკამ ერთი მხრივ იმსხვერპლა  ასიათასობით ადამიანი, ხოლო, მეორე მხრივ კი, წინ წამოსწია სისტემის მოთხოვნებს მორგებული ადამიანები, რომლებიც თვითგადარჩენის მიზნით დასმენაზე, საჯარო გაკიცხვაზე, პროპაგანდისტულ კამპანიებში მონაწილეობაზე იყვნენ თანახმა, მიუხედავად იმისა, რომ სასტიკი სისტემის მხარდაჭერა  არ იძლეოდა რეპრესიებისგან გადარჩენის გარანტიას.

საქართველოში 1937-38 წლებში მიმდინარე საქმეებს შორის, აჭარის 11 ფუნქციონერის საქმე, ფაქტობრივად, ყველაზე გახმაურებული გამოდგა. გაზეთების ფურცლებზე ზედმიწევნით გადმოიცემოდა ბრალდებულთა საქმის თითოეული დეტალი, სხდომათა მიმდინარეობა, დაკითხვის შინაარსი, საბოლოო განაჩენი… 

ფაქტობრივად, საჩვენებელ პროცესად გადაქცეული საქმის განხილვა ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გაზეთების ფურცლებზე კი ერთ კვირის განმავლობაში აწვდიდნენ საზოგადოებას ინფორმაციას სისტემის წინააღმდეგ წასვლის სავალალო შედეგების შესახებ, ისევე როგორც სწორად ცხოვრების “ინსტრუქციებსა” და სიცოცხლის შენარჩუნების “მეთოდებს”.

აღნიშნული საქმე ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ ინდობდა სისტემა პარტიულ მუშაკებსა და საზოგადოების კრიტიკულად მოაზროვნე ფენას. ამავდროულად, თვალსაჩინოს ხდის იმ გარემოებას, თუ როგორ როგორ შეიძლება თქვას უარი ადამიანმა ღირებულებებსა და ზნეობრივ ფასეულობებზე და მოერგოს სისტემას. 

სტალინის განსაკუთრებული ყურადღება ინტელიგენციის მიმართ, ერთი მხრივ, ძალაუფლების განმტკიცებისთვის საჭირო მნიშვნელოვან კომპონენტად შეიძლება ჩაითვალოს. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ინტელიგენციის მცირე ნაწილი  ვერ ეგუებოდა საბჭოთა ხელისუფლებას, აქტიურად ხორციელდებოდა მათ მიმართ რეპრესიები. ინტელიგენციის ის ნაწილი კი, რომელიც შიშმა სისტემასთან დაახლოვა, მუდმივად ცდილობდა დაემტკიცებინა საკუთარი ერთგულება და მზადყოფნა საბჭოთა ხელისუფლების დასაცავად.

1937-38 წლებში განხორციელებული დიდი ტერორის შესახებ საუბარი ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა მსჯელობენ რეპრესირებულ ადამიანთა რაოდენობაზე, მათ განვლილ გზაზე, არარეალურ ბრალდებებზე, განცდილ ტანჯვაზე, იმ დაკარგულ  სამყაროზე, რომელიც ამ ადამიანებს უნდა შეექმნათ. დიდმა ტერორმა ადამიანების ნაწილი გააქრო, ხოლო ნაწილს ეს პროცესი გაამართლებინა, რითაც მთავარ მიზანს მიაღწია - სტალინის სიკვდილამდე აღარავინ დარჩა ხმის ამომღები. “ხალხი ძლიერ იტანჯებოდა, მაგრამ ვერსად გაიგებდით სტალინის კრიტიკას” - ნოვოსიბირსკის ოლქში მცხოვრები მალცევას აღნიშნული მოსაზრება ნათლად გამოხატავს დიდი ტერორის ხასიათს.

 

წყაროები:

შსს არქივი, სისხლის სამართლის საარქივო ფონდი 06, საარქივო N38785-07, ტომი N1, ტომი 2

შსს არქივი ფონდი 12, საქმე 56, გვ. 36

Российский государственный архив новейшей истории (РГАНИ) Ф. 89. Оп. 48. Д. 5. Л. 1. https://www.alexanderyakovlev.org/fond/issues-doc/61119 

 

გამოცემები:

Sheila Fitzpatrick, How the Mice Buried the Cat: Scenes from the Great Purges of 1937 in the Russian provinces, The Russian Review, vol. 52, July 1993, pp. 299-320.

Oleg Khlevnyuk, “The Objectives of the Great Terror 1937-1938” in Julian Cooper, Maureen Perrie and E.A. Rees, Soviet History, 1917-1953: Essays in Honour of R.W. Davies (London: Macmillan Press, 1995).

Роговин Вадим Захарович, 1937, Издательство: Новости. 

Русские писатели и поэты. Краткий биографический словарь. Москва, 2000.

„საბჭოთა ხელისუფლებისათვის მებრძოლნი“, გამომცემელი: საქართველოს კომპარტიის ცეკასთან არსებული პარტიული ისტორიის ინსტიტუტი, მარქსიზმ-ლენინიზმის ფილიალის ინსტიტუტთან ერთად (ეძღვნება დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 60 წლისთავს), თბილისი, 1978, გვ. 246-247.

 

პრესა:

«Литературная газета», № 5 (641) о 26 января 1937 г.

გაზეთი კომუნისტი 25.09.1937, N220, გვ. 2

გაზეთი კომუნისტი 26.09.1937, N220, გვ. 2

გაზეთი კომუნისტი 28.09.1937, N222, გვ. 3

გაზეთი კომუნისტი 29.09.1937, N223, გვ. 4

გაზეთი კომუნისტი 30.09.1937, N225, გვ. 1, 2, 3

გაზეთი ლიტერატურული საქართველო 30.09.1937, N22, გვ. 1

 

წყაროები ინტერნეტიდან:

https://sci-hub.se/https://www.jstor.org/stable/20672269

https://sci-hub.se/https://www.jstor.org/stable/130732 

https://moodle.swarthmore.edu/pluginfile.php/63172/mod_page/content/1/Week_11/Khlevnyuk.pdf?fbclid=IwAR1W1avRzk_D0bFKL01RJhxRZPVUbL01EMgKfu1YyQDYNu53jQD_8KriSWw 

https://stuff.mit.edu/people/fjk/Rogovin/volume4/xv.html