...
21 აგვისტო 2010
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში
სიახლეები

17 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს სტუმრად ეწვია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივის ხელმძღვანელობა, დირექტორი ბატონი ტომას ბლანტონი და რუსული პროგრამების დირექტორი დოქტორი სვეტლანა სავრანსკაია.

ეროვნული უსაფრთხოების არქივის დირექტორი ბატონი ტომას ბლანტონი და რუსული პროგრამების დირექტორი დოქტორი სვეტლანა სავრანსკაია და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

 

 

­

ვიზიტის მიზანი იყო ოქტომბერში საქართველოში (ბათუმში) საერთაშორისო კონფერენციის დაგეგმვა, რომლის თემატიკა არის საქართველოს უახლესი ისტორია საარქივო დოკუმენტების მიხედვით. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

ეროვნული უსაფრთხოების არქივის დირექტორი ბატონი ტომას ბლანტონი და რუსული პროგრამების დირექტორი დოქტორი სვეტლანა სავრანსკაია ხვდებიან შსს-ის საარქივო სამმართველოს უფროსს ბატონ ომარ თუშურაშვილს.

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი ცნობილი ისტორიკოსები, მკვლევრები და მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ საქართველოს უახლესი პერიოდის არქივებში იქ დაცულ დოკუმენტებზე (საქართველოს ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი არქივი) და ასევე ახალგაზრდა სტუდენტები და მკვლევრები, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს საბჭოური პერიოდის ისტორიის შესწავლითა და გაანალიზებით.

საერთაშორისო კონფერენციის ლოზუნგია „არქივებო, ყველა ქვეყნისა გაერთიანდით“. კონფერენციის მიზანია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების არქივების დაკავშირება და გამოცდილების გაზიარება, სამომავლო თანამშრომლობა, ასევე საერთაშორისო კვლევებისა და პროექტების ინიცირება საქართველოსა და სხვა ქვეყნების არქივების დასამუშავებლად.

შეხვედრის დროს მხარეებმა დაგეგმეს და ისაუბრეს საორგანიზაციო საკითხებზე და ასევე იმ  თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აკავშირებს შსს-ს საარქივო სამმართველოს, ეროვნული უსაფრთხოების არქივსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს.

http://police.ge/index.php?m=8&newsid=1192&lng=geo