...
21 ნოემბერი 2010
პროექტ საარქივო დოკუმენტების კოლექციის კრებულის პრეზენტაცია
სიახლეები

2010 წლის 9 ნოემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“  შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში (ყოფილი „საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი“) მოაწყო პროექტის “საარქივო დოკუმენტების კოლექციის კრებული”პრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით.

 

პრეზენტაციას დაესწრნენ მისი აღმატებულება შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეჰლერი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ანიტა შლუჰტერ როტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონური ოფისის დირექტორი დოქტორი ირის კემპე.

პრეზენტაცია წარმართეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა. სტუმრებს წარუდგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდი „გამჭვირვალე არქივები“ (http://www.idfi.ge/archive/?lang=en). პრეზენტაციის მონაწილეებს გააცნეს 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული დოკუმენტების დამუშავებული კოლექცია, მარტის მოვლენების კვლევისას გამომჟღავნებული ახალი ისტორიული ფაქტები და საარქივო მასალების მნიშვნელობა საქართველოსა და საბჭოთა ისტორიის კვლევის საკითხებში.

საქართველოს შსს-ის საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელმა ბატონმა ომარ თუშურაშვილმა გააცნო სტუმრებს არქივის ისტორია, დაცული საარქივო მასალების ჩამონათვალი. მან აგრეთვე წარუდგინა სტუმრებს ის სამუშაო და პროექტები, რომლებსაც ახორციელებს შსს-ოს საარქივო სამმართველო.

პრეზენტაციის სტუმრებმა მისმა აღმატებულებამ, შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეჰლერმა და დოქტორმა ირის კემპემ ისაუბრეს არქივების გახსნილობის მნიშვნელობაზე, საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობაზე, საარქივო მასალების საფუძველზე სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განვითარებაზე. მათ შესთავაზეს არქივის ადმინისტრაციას კვლევითი კომპონენტის გააქტიურებისა და არქივების დიგიტალიზაციის ხელშეწყობა. შეხვედრის მონაწილენი შეთანხმდნენ საერთო პროექტების გაგრძელებაზე და ინტენსიფიკაციაზეც.

 

სიუჟეტი პრეზენტაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://police.ge/index.php?m=8&newsid=1694&lng=geo