...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

ალექსანდრე სულხანიშვილი - დაბრუნება საქართველოში

28 აპრილი 2025


ალექსანდრე (საშა) კონსტანტინეს ძე სულხანიშვილი (დ. 1896, სოფ. აწყური, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, — გ. 6 ნოემბერი, 1990, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, პოლიტიკური ემიგრანტი, მემუარისტი.

1922-1924 წლებში იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმის“ წევრი, მონაწილეობდა ანტისაბჭოთა პარტიზანულ მოძრაობაში და 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩოლოყაშვილთან ერთად საქართველო დატოვა. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მუშაობდა ხელოსნად, ტაქსის მძღოლად, იახტების მშენებლად. ერთი პერიოდი იყო ამერიკის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი. სიცოცხლის ბოლო წლებში კალიფორნიაში, სან–ფრანცისკოში ცხოვრობდა.

ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის ინიციატივით, 66 წლიანი ლტოლვილობის შემდეგ, 1990 წლის 19 ოქტომბერს დაბრუნდა სამშობლოში. 94 წლის ალექსანდრე სულხანიშვილმა თან ჩამოიტანა პაკეტი, წარწერით „საქართველოს მიწა“, რომელსაც 66 წლის მანძილზე ინახავდა. მან ასევე ჩამოიტანა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის სამფეროვანი დროშა. 

პაატა ნაცვლიშვილი წერს: „ეს ფოტო თბილისის აეროპორტში, პეტერბურგიდან ჩვენი ჩამოსვლის დროს არის გადაღებული – სან-ფრანცისკოდან თბილისში ნიუ-იორკისა და პეტერბურგის გავლით ჩამოვედით“.  

ორი წლით ადრე, ალექსანდრე სულხანიშვილმა, პაატა ნაცვლიშვილს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვირფასი ხმალ-ხანჯალი გადასცა და დღეს ეს მემორიალური ნივთები საქართველოს მუზეუმშია დაცული. ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ, პაატა ნაცვლიშვილმა, როგორც მისი ანდერძის აღმსრულებელმა, ალექსანდრე სულხანიშვილის მიერ ჩამოტანილი შეფიცულთა რაზმის დროშა საქართველოს ახლად არჩეულ მრავალპარტიულ პარლამენტს გადასცა პირველსავე სხდომაზე.

ალექსანდრე სულხანიშვილი 18 დღეში გარდაიცვალა თბილისში. მისი დაკრძალვის ცერემონიალი ახმეტის სოფელ აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის ეზოში, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ღირსსახსოვარ მოვლენად იქცა. 

ალექსანდრე სულხანიშვილის დაკრძალვაზე ზვიად გამსახურდიამ თქვა: “მათ გამოისყიდეს ძმანო ჩვენნო, ჩვენი თანამემამულეთა სირცხვილი. იმათი სირცხვილი, ვინც მტრის სამსახურში ჩადგა, ვინც მტერს ემსახურა, ვინც უღალატა მამულს თვისას და ამ ერთმა მუჭა გმირებმა, საუკუნო სახელი დაიმკვიდრეს!”

 

ფოტოები: ბადრი ვადაჭკორია