30 აპრილი 2025
ავტორები: ტ. ღვინიაშვილი, ა. აბჟანდაძე.
ინდიკო თევდორეს ძე ქობალია (დ. 1934წ. სოფ. ოდიში ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ). მამა - ტრესტის „ჩაი საქართველოს" ზუგდიდის მექანიკური სახელოსნოს დაცვის უფროსი, დედა - დიასახლისი.
ინდიკო ქობალიამ 1955 წელს დაამთავრა ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, საიდანაც დაბრუნდა 1957 წელს და დაიწყო მუშაობა ზეინკლად ზუგდიდის მექანიკურ სახელოსნოში. მასთან ერთად პრაქტიკას გადიოდა ტექნიკუმის სტუდენტი ზაურ ქობალია. ისინი ხშირად საუბრობდნენ ერთმანეთში საქართველოსა და ხალხის მდგომარეობაზე. ორივე მათგანი განიმსჭვალა პროტესტის გრძნობით საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და გადაწყვიტეს შემოეკრიბათ თანამოაზრეები – შეექმნათ ჯგუფი, რომელიც გამოხატავდა ხალხის განწყობასა და სწრაფვას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისკენ და შეურიგებლობას არსებული რეჟიმის მიმართ.
ეს იდეა მათ გააცნეს ნიკოლოზ ფარცვანიას. 1961 წლის შემოდგომაზე, ზუგდიდში, ქობალიებმა დააარსეს ჯგუფი, რომლის მიზანიც კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს გამოსვლა საბჭოთა კავშირიდან და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა იყო. ნიკოლოზ ფარცვანიამ, იცოდა რა ქუთაისში არსებული ანალოგიური ჯგუფის შესახებ, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მომუშავე პატრიოტები, ქობალიებს ქუთაისის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი დვალი გააცნო.
1962 წლის აპრილში ქუთაისში შეიქმნა მთავარი კომიტეტი "კავკასიის ერთა კავშირი" შემადგენლობით: ქობალიები, ნიკოლოზ ფარცვანია და გიორგი დვალი. ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელების მცდელობის შედეგად, “კავკასიის ერთა კავშირში” მოიწვიეს 60-ზე მეტი ადამიანი. ორგანიზაციას ჰქონდა საბეჭდი მანქანა, წესდება, ფიცის ტექსტი, ატარებდა შეკრებებს, ძირითადად, ფარცვანიას ბინაში, იბეჭდებოდა პროკლამაციები "ორქინოს" გამოქვაბულში, სოფ. ოდიშის მახლობლად, აგროვებდა საწევროებს.
პირველ შეკრებაზე ინდიკო ქობალია ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს. “კავკასიის ერთა კავშირის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა გაავრცელეს პროკლამაციები 1962 წელს 28-დან 29 აპრილის ღამეს უშუალოდ ზუგდიდში, ხოლო 16 და 17 ივნისს ქ. სოხუმში, ზესტაფონსა და ცხაკაიაში (სენაკი) და განმეორებით 18 და 19 აგვისტოს კვლავ ქ. სოხუმსა და ცხაკაიაში (სენაკში). იგივე პროკლამაციები იმავე დღეებში გავრცელდა ქუთაისის ორგანიზაციის წევრების მიერ 28 და 29 აპრილს დ. კაკაბაძისა და რ. მახარაძის, 16 და 17 ივნისს ა. ლომთაძის მიერ. ორგანიზაციის წევრები აკრავდნენ პროკლამაციებს შენობების კედლებზე. პროკლამაციების ტექსტი შეიცავდა საბჭოთა სახელმწიფოსა და კომპარტიის ბოროტმოქმედებების ჩამონათვალს, ასევე მოწოდებებს მის პოლიტიკასა და მანკიერ იდეოლოგიასთან შეურიგებლობისკენ და საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად ბრძოლის წარმართვისკენ.
ანტისაბჭოთა ხასიათის პროკლამაციების გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს სსრ სუკ-ის საგამოძიებო განყოფილებაში 1963 წლის 16 აპრილს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. აღმოაჩინეს პროკლამაციების დაბეჭდვის ადგილი, "ორქინოს" გამოქვაბული, და ჩატარებული ჩხრეკის საფუძველზე იპოვეს ნივთიერი მტკიცებულებები: რამდენიმე პროკლამაცია, საბეჭდი მანქანა, ლენტები, კოჭები, ლამპა, ნავთი. ჩხრეკა ჩატარდა “კავკასიის ერთა კავშირის” წევრების ბინებშიც. ინდიკო ქობალიასთან და ნიკოლოზ ფარცვანიასთან აღმოაჩინეს პისტოლეტები, რომლებსაც ისინი ატარებდნენ პროკლამაციების გავრცელებისას თავდაცვის მიზნით.
საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 1963 წლის 26 ივლისის დადგენილებით, გასამართლდნენ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და 73-ე მუხლის საფუძველზე და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით: ლომთაძე პ.ა., მახარაძე რ.ა., კაკაბაძე დ.ა., გაბუნია ო.მ., ჯობავა თ.დ., ჯუღელი ნ.გ., კაკაშვილი მ.ა., მაგრამ რიგი გარემოებების გათვალისწინებით - "გულწრფელი მონანიების და დანაშაულის პატიოსანი შრომით გამოსყიდვის დაპირების" გამო - სასჯელი შეიცვალა პირობითი მსჯავრით. იმავე მუხლებით ედემ კვირტიას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდით, ხოლო ე. ბებიას - 2 წლით. შესაბამისი ნებართვის გარეშე პისტოლეტების ტარებისათვის ინდიკო ქობალიასა და ნიკოლოზ ფარცვანიას, 71-ე და 73-ე მუხლების გარდა, განესაზღვრათ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის 1-ელი ნაწილი და თითოეულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდით.
ზაურ ქობალიას ზუგდიდის “სანეპიდემსტანციის” კანცელარიიდან საბეჭდი მანქანის გატაცებისთვის, 71-ე და 73-ე მუხლების გარდა, განესაზღვრა 91-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. გიორგი დვალს სასამართლოს პირველ სხდომაზე 1963 წლის 14 აგვისტოს, კონვოირმა (ბადრაგმა) თავში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა, რის გამოც დიდი ხნით საავადმყოფოში მოხვდა. რეაბილიტაციის შემდეგ იგი ცალკე გაასამართლეს და 1963 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდით.
თავად ინდიკო ქობალიამ სასჯელის ვადა მოიხადა პოლიტპატიმართა ბანაკში სოფ. იავასში, ზუბოვო-პოლიანის რაიონში, მორდვეთის ასსრ-ში.
სამშობლოში დაბრუნდა 1968 წელს, 10-წლიანი საპასპორტო შეზღუდვით. დაიწყო მუშაობა ზუგდიდის მექანიკურ ქარხანაში, პარალელურად, ზაურ ქობალიასთან, ედემ კვირტიასთან და სხვებთან ერთად აორგანიზებდა ლიტერატურულ წრეს. ლიტერატურული წრე მალე პოპულარული გახდა, მასში გაერთიანდა ასამდე ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდობა. გამოსცემდნენ ხელნაწერ ჟურნალს "ნოთე" ("ლამპარი"), რომელშიც შევიდა ინდიკოსა და ზაურ ქობალიას ლექსები. ლიტერატურული წრის პოპულარობა აშინებდა ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელობას, ისინი ქობალიას წრეს ჩამოაშორებენ, რის შემდეგაც იგი დაიშალა.
1969 წლიდან ქობალიამ მუშაობა დაიწყო ჩაის საბჭოთა მეურნეობაში. 1972 წლიდან გახდა ინსტრუქტორი, ხოლო 1975 წლიდან ინჟინერი რაიონთაშორისო საბჭოს მოხალისე მეხანძრეთა საზოგადოებაში. 1988 წლიდან გახდა სამეგრელოს რეგიონული დემოგრაფიული საზოგადოების პასუხისმგებელი მდივანი, 1990 წლიდან ზუგდიდის პრეფექტის მოადგილე, შემდეგ კი ქალაქ ზუგდიდის პრეფექტი. ქობალია მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასაც. პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას დამხობის შემდეგ, პოლიტიკური მოტივებით არსად უმუშავია, შემდგომში ხელმძღვანელობდა კ. გამსახურდიას საზოგადოებას ზუგდიდში.
ფოტო: საზოგადოებრივი არქივი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ედემ კვირტიას კოლექცია, კონტრიბუტორი - ედემ კვირტია