ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შვეიცარიის საელჩოს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მხარდაჭერით მოამზადა გამოფენა - 1937-1938 წლების რეპრესიები: „სტალინური სიები“ საქართველოზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა 1937–1938 წლებში საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა, რომელიც IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისი ანალიტიკური დეპარტამენტის, საზოგადოება „საქართველოს მემორიალის“ არქივებში და ასევე რეპრესირებულთა ოჯახებში მოიძია.
ფართო საზოგადოებას პირველად მიეცა საშუალება გასცნობოდა რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მასალებს და წარმოდგენა შექმნოდა 1937-38 წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ. ამ წლებში უშუალოდ სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების გადაწყვეტილებით 3600-ზე მეტი ადამიანი იქნა გასამართლებული. 3100-ს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სოხუმში.
გამოფენაზე წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ნაწილი იმ მასალისა, რომელიც ასახავს დაპატიმრებების, გამოძიების მსვლელობის, წამებისა და სიკვდილით დასჯის მექანიზმებს. უახლოეს პერიოდში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი გამოსცემს ნაშრომს იგივე სახელწოდებით: 1937-1938 წლების რეპრესიები „სტალინური სიები“ საქართველოზე, რომელშიც თავმოყრილი იქნება მასალები „დიდი ტერორის“ მსხვერპლთა შესახებ. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მოიძიონ ინფორმაცია მათ წინაპრებზე, რომლებიც გახდნენ 1937-1938 რეპრესიების მსხვერპლნი. ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობა მეტად იქნება ინფორმირებული დიდი ტერორის მსვლელობაში სტალინისა და ბერიას უშუალო მონაწილეობის შესახებ.