...
22 აგვისტო 2023
IDFI-სა და Post-Bellum-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა
სიახლეები

20-21 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებული პროექტის - „სამხრეთ კავკასიისა და ვიშეგრადის ქვეყნების საერთო მეხსიერება - ოკუპანტები თუ განმათავისუფლებლები? დემოკრატია თუ ტირანია?“ ფარგლებში, შეხვედრები გამართა პარტნიორ ორგანიზაციებთან ჩეხეთიდან, სომხეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და პოლონეთიდან.

 

შეხვედრებზე პარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთმანეთს თავიანთი საქმიანობის სფერო გააცნეს და პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. ძირითადი საკითხი შეეხებოდა სამხრეთ კავკასიისა და ვიშეგრადის ქვეყნების საერთო მეხსიერებას, რეპრესირებული პირების ისტორიასა და სამომავლო გეგმებს. გარდა ამისა, პარტნიორებმა ერთმანეთს საგანმანათლებლო კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ გაუზიარეს გამოცდილება და საერთო მეხსიერების საკითხებით ახალგაზრდა თაობის დაინტერესების შესაძლო მეთოდები და არსებული პრაქტიკები განიხილეს. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნა, რომლის ჩვენებაც არა მარტო საქართველოს, არამედ პარტნიორი ქვეყნების სკოლებში გაიმართება. ასევე, მომზადდება ანალიტიკური ნაშრომები, რომლებიც ინგლისურ, პოლონურ, ჩეხურ და სლოვაკურ ენებზე ითარგმნება.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოში რეპრესირებულ პირთა შთამომავლების ისტორიებსა და თაობებს შორის ტრანსმისიის გზებსა და მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა შეგროვებული ინტერვიუებისა და ისტორიების წარდგენის ვარიანტები და შესაძლო დაბრკოლებები განიხილეს.

 

პროექტის წამყვანი ორგანიზაცია Post Bellum–ია, რომლის ძირითადი პროექტი „ერების მეხსიერებაა“ (Memory of Nations). ეს იმ ადამიანების მოგონებათა კრებულია, ვინც  მე–20 საუკუნეში ტოტალიტარული ეპოქა გამოიარა. ბაზა ფოტოებს, გაზეთებსა და სხვადასხვა ისტორიულ ჩანაწერებსაც მოიცავს. კრებული 12,000-მდე ისტორიისაგან შედგება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, მონაცემთა ბაზის საშუალებით.

 

დღესდღეობით, გარდა მთავარი პროექტისა, Post Bellum მსოფლიოს მასშტაბით 24 საერთაშორისო პროექტს ახორციელებს.

 

დასასრულს, პარტნიორმა ორგანიზაციებმა მწერალთა სახლში  რეპრესირებული მწერლების მუზეუმი მოინახულეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი პროექტისა და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

 

 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.