2023 წლის 2 ნოემბერს, ქუთაისში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) რეგიონული ინიციატივების ცენტრის ,,ნათელი მომავლის“ პროექტის "ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით" ფარგლებში, საშემოდგომო სკოლის მონაწილეებისთვის ლექცია გამართა.
ღონისძიების მონაწილეებს რეგიონული ინიციატივების ცენტრის "ნათელი მომავლის" ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციის საკითხზე და, ამ მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობაზე.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიამრთულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ, ლექციის ფარგლებში, ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციასა და მის შედეგებზე საქართველოს მეხსიერებაში. განიხილა 70-წლიანი ოკუპაციისა და საბჭოთა რეპრესიის გამომწვევი მიზეზები და მიმდინარეობა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნისა და 3-წლიანი დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და განმაპირობებელ ფაქტორებზე. ასევე, დამსწრე ახალგაზრდებს წარუდგინა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის, საგარეო საქმეთა მინისტრის, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის საფრანგეთში, აკაკი ჩხენკელის (1874-1959) მემორიალური ალბომი. ისაუბრა მემორიალური ალბომის შინაარსსა და გამოყენებულ საარქივო მასალათა მნიშვნელობაზე, მიმოიხილა აკაკი ჩხენკელის განსაკუთრებული როლი საქართველოს პოლიტიკური ისტორიის შექმნაში.
აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა. ალბომის გამოცემა დაფინანსდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.
შეხვედრის დასასრულს, ანტონ ვაჭარაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება, პოპულარიზაცია და საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.