ადვოკატირება

ონლაინ დისკუსია - სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასება ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში

29 ივნისი 2020

19 და 24 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ორგანიზებით გაიმართა ორი, რუსული და ინგლისურენოვანი ონლაინ შეხვედრა IDFI-ის პროექტში “ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა” ჩართულ მკვლევრებთან და ექსპერტებთან. ვებინარის მონაწილეებმა განიხილეს მათ მიერ 18 ქვეყნის სახელმწიფო არქივებში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ასახულია IDFI-ის მიერ შექმნილ არქივების საერთაშორისო რეიტინგის ვებგვერდზე და IDFI-ის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშში.

 

ონლაინ შეხვედრებს ესწრებოდნენ:

 

ანტონ ვაჭარაძე - IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი

 

მეგი ქარცივაძე - IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ანალიტიკოსი

 

ბეკბოლოტ კასაბოლოტოვი - ყირგიზეთში მოქმედი იურიდიული კომპანიის „პრეზიდენტი“ იურისტი

 

ელდარ ზეინალოვი - ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი და ჟურნალისტი, აზერბაიჯანი

 

ჰრანუშ ხარატიანი - სომხეთის ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი

 

პარვიზ მულოჯონოვი - უპსალას უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი ტაჯიკეთიდან

 

ალექსანდრუ-მურად მირონოვი - ბუქარესტის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის წევრი

 

ანა ოლინიკი - უკრაინის გამათავისუფლებელი მოძრაობის კვლევითი ცენტრის დირექტორი

 

მალგორჟატა ლუკიანოვი - პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი

 

შანდორ ჰორვატი - უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამედროვე ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

ვიტაუტას სტარიკოვიჩიუსი - ვილნიუსის უნივერსიტეტის ლექტორი, ისტორიის დეპარტამენტი და ლიეტუვის მუზეუმების საინფორმაციო ცენტრი, ლიეტუვა

 

 

უპირველეს ყოვლისა, შეხვედრებში მონაწილეებმა განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე COVID-19-ის კრიზისი და მასთან დაკავშირებული სირთულეები, რასაც სხვადასხვა ქვეყნის არქივები და კვლევითი ინსტიტუტები შეეჩეხნენ. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ პანდემიამ, რის გამოც სამსახურების უმეტესობა დისტანციურ რეჟიმზე გადაერთო, კიდევ ერთხელ გამოააშკარავა აუცილებლობა, რომ სახელმწიფო არქივებს ჰქონდეთ გამართული ონლაინ მომსახურება და საარქივო დოკუმენტები ხელმისაწვდომი იყოს ელექტრონულ ფორმატში. ასეთ შემთხვევაში, პანდემიისა და კარანტინის პირობებში, მკვლევრები შეუფერხებლად შეძლებდნენ საარქივო მასალებზე მუშაობას.

 

ასევე, ვებინარის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში შექმნილი თეზისების კრებულის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნების შესაძლებლობასა და ფართო აუდიტორიამდე მიტანის მექანიზმებზე. პროექტში ჩართულმა მკვლევრებმა და ექსპერტებმა, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ონლაინ შეხვედრაში, მზადყოფნა გამოთქვეს, რომ კრებული გაავრცელონ თავიანთ ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში.

 

ონლაინ შეხვედრების უდიდესი ნაწილი დაეთმო IDFI-ისა და მისი პარტნიორების მიერ 18 ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების სახელმწიფო არქივებში ჩატარებული კვლევის შედეგებისა და გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის განხილვას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კვლევის მეთოდოლოგიაზე. ვებინარის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა კვლევის მეთოდოლოგიის კიდევ უფრო დასახვეწად დამატებითი მუშაობა, რისთვის ყველა მათგანმა მზაობა გამოთქვა. გაჟღერდა მოსაზრება, რომ მეთოდოლოგიის გასაუმჯობესებლად და კვლევის შედეგების რეალურ პრაქტიკასთან კიდევ უფრო დასაახლოებლად საჭიროა კვლევაში უფრო მეტი ხარისხობრივი ანალიზის ჩართვა.

 

როგორც ონლაინ შეხვედრებში მონაწილეებმა აღნიშნეს, კვლევისას ხარისხობრივი ანალიზის უფრო აქტიურად გამოყენების საჭიროებაზე მიუთითებს ისიც, რომ არქივებში მკვლევრები ხშირად ხვდებიან არაფორმალურ პრაქტიკებსა და ურთიერთობებს. მაგალითად, შესაძლოა არქივში მისულ მკვლევარს, რომელიც კონკრეტულ ორგანიზაციას წარმოადგენს ან ახლო კავშირები აქვს არქივის თანამშრომლებთან უპრობლემოდ მისცენ წვდომა საარქივო დოკუმენტებზე მაშინ, როცა სხვა მკვლევრებისთვის იმავე დოკუმენტებზე წვდომა შესაძლოა ვრცელ ფორმალურ პროცედურებთან იყოს დაკავშირებული ან შეიძლება მას საერთოდ უარი ეთქვას კონკრეტული მასალების მიღებაზე.

 

ონლაინ შეხვედრებისას, დასკვნის სახით, მონაწილეებმა ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყანაში არქივების ღიაობის ადვოკატირების კამპანიის საჭიროებასა და შესაძლებლობებზე. IDFI-ის წარმომადგენლებმა ვებინარში მონაწილეებს აცნობეს, რომ ორგანიზაცია უკვე ამზადებს სერტიფიკატებს, რომლებიც გადაეცემა კვლევის ფარგლებში შეფასებული არქივების ადმინისტრაციას. სერტიფიკატებში ასახული იქნება ინფორმაცია კონკრეტული არქივის მიერ რეიტინგში დაკავებული პოზიციის შესახებ. მსგავსი სერტიფიკატების გადაცემამ, შესაძლოა, რიგ არქივებს უბიძგოს ღიაობის გასაზრდელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ. IDFI და მისი პარტნიორები მზად არიან, რომ, სურვილის შემთხვევაში, ითანამშრომლონ ნებისმიერ არქივთან, ღიაობის გასაზრდელად მიაწოდონ შესაბამისი რეკომენდაციები და გაუზიარონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები.

 

 

 

___

 

 

მასალის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.