...
24 დეკემბერი 2021
აჭარის არქივის ხელმისაწვდომობის პრობლემები
ადვოკატირება

არქივების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბევრ პოსტ-ტოტალიტარულ სახელმწიფოში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებსაც კომუნისტური რეჟიმების  გამოცდილება  აქვთ. “დესოვიეტიზაცია”, დემოკრატიული მმართველობის სისტემაზე გადასვლა და საბჭოთა წარსულის კრიტიკული გააზრება, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სხვადასხვა სტანდარტით, საშუალებითა და ტემპით წარიმართა.

 

საქართველოს ერთ-ერთი ვალდებულება ღია მმართველობის პარტნიორობის პირველ სამოქმედო გეგმაში, იყო სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა. 2013 წელს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) უზრუნველყო წარმატებული ადვოკატირება, რათა იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნულ არქივს გაეუქმებინათ გადასახადი ციფრული და ქაღალდსაფუძვლიანი საარქივო მასალის გასაცნობად.

 

არქივების ღიაობის შეფასების მიზნით, საჭიროებების გამოსავლენად და ადვოკატირებისთვის, 2017 წელს, IDFI-მ საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად დაიწყო პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში“ განხორციელება. 2017-2018 წლებში, პროექტის ფარგლებში შეიქმნა სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასების მეთოდოლოგია და შეფასდა 10 ყოფილი საბჭოთა ქვეყნის 20 არქივი. პროექტი გაგრძელდა მომდევნო წლებშიც (2019-2020) და რეიტინგს აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპის 8 ახალი ქვეყანა დაემატა. პროექტის შედეგად თითოეულ ქვეყანაში შეფასდა 2 არქივი.

 

პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ერთ-ერთი მიგნება იყო, რომ მკვლევრებზე ორიენტირებული არქივები, მკვლევართა დარბაზში (შემდგომში “დარბაზი”) და ვირტუალურ (ონლაინ) სივრცეში იძლევიან დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების გამოყენების საშუალებას; ასევე, საუკეთესო რეიტინგის მქონე 6-დან 5 არქივში - ჩეხეთში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და უკრაინაში - დარბაზებში დაშვებულია საკუთარი ფოტოაპარატის გამოყენებაც.

 

სამწუხაროდ, საქართველოში შეფასებული სახელმწიფო დაწესებულებები: საქართველოს ეროვნული არქივი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საუწყებო არქივი, ზემოაღნიშნულ არქივთა რიცხვს არ განეკუთვნებოდა. მიუხედავად ცვლილებებისა და აღნიშნული საკითხებისკენ მიმართული საერთაშორისო ადვოკატირებისა, კვლავაც მაღალია დარბაზებში დოკუმენტების გაციფრულებული ასლების შეძენის საფასური, ფოტოგადაღება კი - კვლავ დაუშვებელი, რაზეც IDFI თავის კიდევ ერთ სტატიაში მკაფიოდ მიუთითებდა.

 

თუმცა, სიტუაცია ამ მხრივ კიდევ უფრო უარესია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოს (შემდგომში “აჭარის საარქივო სამმართველო”) შემთხვევაში, სადაც დაინტერესებული პირისა და მკვლევრებისთვის დოკუმენტების გაცნობისთვისაც კი საფასურია დაწესებული.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №18 განკარგულების  - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ” პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

 

 

 

აჭარის საარქივო სამმართველო აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა და მის უფლებამოსილებაშია რეგიონში სა­არქი­ვო საქმის მართვა, საქმისწარმოების სრულყოფა და საარქივო ფონდის გა­ნვი­თა­რე­ბა­. სამმართველო შედგება ცენტრალური, ბათუმში მდებარე არქივისგან და ტერიტორიული განყოფილებებისგან აჭარის მუნიციპალიტეტებში: ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქადაში, შუახევსა და ხულოში.

 

აჭარის საარქივო სამმართველოში დაცულია  დოკუმენტების კოლექციები, კინო-ფოტო მასალა, პირადი ფონდები - სულ 550 ათასზე მეტი დოკუმენტი. 

 

აჭარის საარქივო სამმართველოს არქივის დარბაზში მისული მკვლევრისთვის XIX-XXI საუკუნის დოკუმენტების გაცნობისთვის დაწესებულია საფასური - 1 საქმის მეორე დღეს გაცემისთვის 5 ლარის, ხოლო შეკვეთის დღეს გაცემისთვის - 10 ლარის ოდენობით. ელექტრონულ მატარებელზე გადატანილი (სკანირებული) საქმეების გაცნობა უფასოა, თუმცა, არც დაწესებულების ვებგვერდზე და არც დარბაზში არ არის მითითებული და მიუწვდომელია ინფორმაცია იმის შესახებ, რა რაოდენობის საქმეებია დასკანერებული აღნიშნულ ეტაპზე. გარდა ამისა, კიდევ ერთ პრობლემას ქმნის ის, რომ მიუხედავად დასკანერებული საქმეების არსებობისა, არქივის დარბაზში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა (კომპიუტერული ტექნიკა, შესაბამისი პროგრამა და სხვა ელექტრონული რესურსები) მათ გასაცნობად. აღნიშნული მდგომარეობა, ფაქტობრივად, აზრს უკარგავს ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი განკარგულების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „დ.გ.“ ქვეპუნქტს და მკვლევართათვის საქმის უფასოდ გაცნობას შეუძლებელს ხდის.

 

IDFI-მ აჭარის საარქივო სამმართველოდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია,  2013 წლიდან - დღემდე, დარბაზში მკვლევრებისა და არქივის მიერ დასკანერებული დოკუმენტების რაოდენობაზე. როგორც გაირკვა, სკანირების მხრივ აჭარის საარქივო სამმართველო აქტიურად მუშაობს და 2016 წლიდან, წლიურად სტაბილურად 2 მილიონამდე ფურცელს ასკანერებს და შესაბამის ფაილს ქმნის.

 

ამის მიუხედავად, ჩვენ მიერ უკვე აღნიშნული პრობლემები კვლავ აქტუალურია: დარბაზში მკვლევრები უფასოდ ვერ ეცნობიან საქმის ასლებს. ამასთანავე გაურკვეველია, როგორ აღიწერება უკვე გაციფრულებული დოკუმენტები.

 

აჭარის საარქივო სამმართველოს მიერ IDFI-სთვის გაგზავნილი საპასუხო წერილი, 2021 წლის 1 ოქტომბერი.

 

 

 

რამ გამოიწვია ის, რომ თბილისში მდებარე სახელმწიფო არქივების დარბაზებში საქმეთა გაცნობა უფასოა, ხოლო აჭარაში - სოლიდური ფასი აქვს?

 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით (№506; 2011 წლის 29 დეკემბერი), განისაზღვრა საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობები, გადახდის წესი და მომსახურების ვადები. 2015 წლის 3 დეკემბერს საქართველოს მთავრობის №643 დადგენილებით კი, ზემოაღნიშნულ დადგენილებაში შევიდა ცვლილებები, მათ შორის მ-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, რომელიც არეგულირებს ახალი და უახლესი ისტორიის ამსახველი დოკუმენტებისა და საარქივო მასალის გამოყენებას. XIX-XXI საუკუნის ტექსტური დოკუმენტების 1 საქმის, 24 საათში გაცემის შემთხვევაში საფასური განისაზღვრა - 5 ლარის ოდენობით, ხოლო განაცხადის შეტანიდან 24 საათის შემდეგ ელექტრონულ მატარებელზე გადატანილი დოკუმენტის გაცემისთვის (მათი არსებობის შემთხვევაში) - უფასო. 

 

დადგენილებაში აღნიშნული ცვლილებით, მკვლევრები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან 2015 წლისთვის ელექტრონულ მატარებელზე გადატანილი დოკუმენტების რაოდენობა საქართველოს ეროვნულ არქივში ჯერ კიდევ ძალიან მცირე იყო, ხოლო დაწესებული საფასური - 5 ლარი - ძალიან მაღალი. დადგენილებაში ასევე არსებობს ჩანაწერი, რომ მკვლევართა დარბაზში მომსახურებისთვის საფასურის 50%-ის გადახდის შეღავათით სარგებლობენ მოსწავლეები. სტუდენტების, პენსიონერებისა და სამეცნიერო ხარისხის მქონე პირებისთვის დაწესებული - თითქოს შეღავათიანი თანხა - 2,50 ლარი,  ასევე არ არის მცირე.

 

„სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობის წესის“ (2017 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №15ძს) მესამე მუხლი განსაზღვრავს დოკუმენტის გაცემის პირობებს: 3.1. ეროვნული არქივი მკვლევარს აწვდის დოკუმენტის დედანს ან მის ელექტრონულ პირს, აგრეთვე სამეცნიერო-საცნობარო აპარატს – მეგზურს ან/და აღწერას ან/და თემატურ ნუსხას ან/და კატალოგს ან/და მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. 3.2. ელექტრონული პირის მიწოდების ვადები: ა) ელექტრონული პირის არარსებობის შემთხვევაში, მისი მიწოდება ხდება შეკვეთის ფურცლის შევსებიდან სამი სამუშაო დღის შემდეგ. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი - იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული არქივისთვის წინასწარ ცნობილი მიზეზით, ეროვნული არქივი ვერ უზრუნველყოფს ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მკვლევრისთვის ელექტრონული პირის მოწოდებას, მკვლევარზე უფასოდ გაიცემა დოკუმენტის დედანი, შეკვეთის ფურცლის შევსებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

 

აღნიშნული ჩანაწერით მეტნაკლებად აღმოიფხვრა არქივის ხელმისაწვდომობის პრობლემა, რამდენადაც არქივში დაცული საქმეების უდიდესი ნაწილი არ არის ჯერ კიდევ გაციფრულებული. იმ შემთხვევაში თუ განმცხადებლის მოთხოვნის შემდეგ არქივი ვერ მოახერხებს დადგენილ ვადაში საქმის ელექტრონული ფორმით მიწოდებას (მაგალითად, საქმის მოცულობიდან გამომდინარე ვერ ესწრება მისი დადგენილ ვადაში გაციფრულება, ან სხვა მიზეზით, რომელიც ვერ იქნებოდა წინასწარ ცნობილი) არქივი იძლევა შესაძლებლობას განმცხადებელი საქმის დედანს არქივის დარბაზში უფასოდ გაეცნოს. 

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცვლილებები ყველა საარქივო დაწესებულებაში წარმატებით არ განხორციელებულა.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო ამ მხრივ გამონაკლისია და იქ საარქივო საქმის გაცნობა კვლავ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ბათუმში მდებარე, აჭარის არ საარქივო სამმართველოს დარბაზებში მკვლევრად მუშაობა რეგულირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №18 განკარგულებით - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ”. განკარგულება პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის №643 დადგენილების იდენტურია, საფასურები და პრინციპები ავტომატურად არის განმეორებული ცენტრალური ხელისუფლების ნორმატიული აქტიდან - ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტში. საქმე იმაშია, რომ მოგვიანებით, საქართველოს ეროვნულმა არქივმა, რომელსაც ეხება №643 დადგენილების აღსრულება, გენერალური დირექტორის ბრძანებით, დამატებით განსაზღვრა საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობის წესი, აჭარის საარქივო სამმართველოს კი ეს არ გაუკეთებია. შესაბამისად, დაწესებულებაში საქმეთა გაცნობა ფასიანი დარჩა.

 

როგორც უკვე აღინიშნა, IDFI-მ აჭარის საარქივო სამმართველოდან გამოითხოვა ინფორმაცია მკვლევრების დაშვებისა და მათი მუშაობის შესახებ. წერილის მიხედვით დადგინდა, რომ 2018 წელს ყველაზე მეტმა, 62-მა მკვლევარმა ისარგებლა ბათუმის არქივის მომსახურებით. მკვლევრების რაოდენობა განახევრდა (31) მომდევნო, 2019 წელს, ხოლო 2020 წლიდან მკვლევრების რიცხვი მინიმალური იყო, რაც სავარაუდოდ კოვიდ-19 პანდემიით იყო განპირობებული. აქვე აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, 9 წლის მანძილზე აჭარის  საარქივო სამმართველოს მიერ მკვლევრებისგან მიღებული შემოსავალი სულ 8,859 ლარი იყო.

 

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მკვლევრების დაბალი აქტივობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს დოკუმენტის გაცნობისთვის დაწესებული მაღალი საფასური. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახელმწიფო არქივებში არსებული საქმეთა აღწერილობები (კატალოგის მონაცემები) მწირია, ხშირად მკვლევარს უწევს არაერთი საქმის გაცნობა, რათა მისთვის საჭირო ინფორმაციას მიაკვლიოს. საბოლოო ჯამში, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ერთი, თუნდაც მცირე, სტატიის დასაწერადაც კი, მკვლევარს ათეულობით ან ასეულობით საქმის გამოყენებაც კი შეიძლება დასჭირდეს. დაფინანსების არქონის შემთხვევაში კი, საქართველოში რთულია მოიძებნოს მკვლევარი, რომელიც ათეულობით ან ასეულობით ლარს გადაიხდიდა მხოლოდ საარქივო დოკუმენტების გასაცნობად, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კატალოგები არასრული ან მოუწესრიგებელია. შესაბამისად, ვიღებთ არქივის სრულიად ცარიელ სამკითხველო დარბაზს.

 

აჭარის არქივში დაცული საარქივო ფონდების მნიშვნელობა ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოთა წარსულისა და საბჭოთა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეპრესიების შესწავლის კუთხით უდიდესია - არქივში დაცულია არაერთი საინტერესო ფონდი, საქმე თუ ცალკეული დოკუმენტი, რომელიც აჭარაში საბჭოთა რეპრესიების შესწავლის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს:

 

- აჭარის ასსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკი) ფონდი; 

 

- სხვადასხვა ორგანიზაციის პირველადი პარტიული ორგანოების დოკუმენტები - 1937 და 1938 წლებში, პარტიულ კრებებზე განიხილებოდა ორგანიზაციის შიგნით მავნებლების გამოვლენა და მათი მხილებისთვის მიღებული ზომები - რასაც აღნიშნული ფონდი აღწერს. განსაკუთრებით საინტერესოა შინსახკომის (НКВД) პირველადი პარტიული ორგანოს დოკუმენტები, რომლის ყოველ ახალ კრებას ნელ-ნელა აკლდებოდა მონაწილეები დახვრეტის გამო, ხოლო წინა დღით კოლეგებს, შემორჩენილები ეპითეტებით - „ხალხის მტერი“, „გახრწნილი ელემენტი“ და ა.შ. „ამკობდნენ“;

 

- სახელმწიფო დაწესებულებათა მუშაობის ამსახველი მასალა, სადაც ადვილად არის შესაძლებელი იმ რეპრესირებულთა საქმეების მოძიება, რომლებიც 1920-იან და 1930-იან წლებში ამა თუ იმ სახელმწიფო საქმიანობას ეწეოდნენ: მაგალითად, ცნობილი ექიმის, 1937 წელს დახვრეტილი, რაისა შიშლო-საბაშვილის 1922 წლის პირადი საქმე დაცულია ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის ფონდში;

 

- საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის, პარტიული კონტროლის კომიტეტის, ქალაქების კომიტეტების და სხვა ფონდები.

 

მიუხედავად სამართლებრივი პრობლემებისა, აუცილებლად აღსანიშნავია დარბაზის თანამშრომლების კეთილგანწყობა და პროფესიონალიზმი, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მკვლევრების ხელშეწყობას. დარბაზის თანამშრომლები თავად არიან მკვლევრები და ისტორიკოსები, შესაბამისად ესმით, პრობლემის შინაარსი და არსებული საფასურით კვლევის „ღირებულება“. 

 

IDFI თვლის, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მეცნიერების წახალისებისთვის აუცილებელია აჭარის არქივმა დარბაზში მკვლევრებისთვის საქმეების მიწოდება დაარეგულიროს არსებული მინიმალური სტანდარტის გათვალისწინებით, ან დააწესოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი. არქივს უნდა შეეძლოს დარბაზში საარქივო საქმეების უფასოდ გაცემა ელექტრონული ან ფიზიკური ფორმით.

 

___

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.