...
09 სექტემბერი 2022
მოწოდება - ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებს სახელმწიფო არქივების ღიაობის უზრუნველყოფისათვის
ადვოკატირება

სახელმწიფო არქივების ღიაობის და საბჭოთა წარსულის გადააზრების მნიშვნელობა ნათლად აჩვენა უკრაინაში დაწყებულმა ომმა. ვლადიმერ პუტინის 23 თებერვლის ვრცელ მიმართვაში ტენდენციურად და დამახინჯებულად იყო წარმოჩენილი უკრაინის ისტორია, განდიდებული იყო საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფო და უგულებელყოფილი მის მიერ კაცობრიობის, მათ შორის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ამ შემთხვევაში კრემლის მიერ უკრაინის ისტორიის ინსტრუმენტალიზაციისა და პროპაგანდის გამოყენების ხარისხი უპრეცედენტო აღმოჩნდა.

 

ღია არქივების პლატფორმა და ხელმომწერი ორგანიზაციები, პირველ რიგში, სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას! ასევე მოუწოდებენ პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების მთავრობებს და სახელმწიფო საარქივო დაწესებულებებს:

 

-       უზრუნველყონ არქივების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტის ამაღლება და საუკეთესო სამართლებრივი პრაქტიკის დამკვიდრება;

 

-       შეამცირონ მკვლევრებისთვის არსებული ბარიერები საარქივო მასალაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით;

 

ღია არქივების პლატფორმა მხარს დაუჭერს არქივების ღიაობისკენ მიმართულ სხვადასხვა აქტივობას შემდეგი საშუალებებით:

 

-       პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებით და ცვლილებების პროცესში ექსპერტული დახმარების უზრუნველყოფით;

 

-       სხვადასხვა ქვეყანასა და ექსპერტს შორის ინფორმაციისა და პრაქტიკული მაგალითების მიმოცვლისთვის კომუნიკაციის უზრუნველყოფით;

 

-       არქივების ღიაობისკენ მიმართული ნებისმიერი სახელმწიფო თუ სამოქალაქო იდეის აქტიური მხარდაჭერითა და პოპულარიზაციით.

 

განცხადების ვრცელი ტექსტი და ხელმომწერთა სია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

 

 

  მოწოდება