საარქივო და მეხსიერების კვლევები

სერგეი ეიზენშტეინის „ოქტომბერი“ - ეპოქის ისტორია ფილმის ისტორიაში

05 დეკემბერი 2022

 

 

ავტორი: ედგარ ბრუტიანი, IDFI-ის მკვლევარი

 

„როგორ მომინდებოდა, რომ ასეთივე ძალის წარუმატებლობა მქონოდა“[1]

1927 წლის ნოემბერში დიდ თეატრში შედგა სერგეი ეიზენშტეინის ფილმ „ოქტომბრის“ პრემიერა, თუმცა დამსწრე საზოგადოებას ფილმის მხოლოდ ამონარიდები აჩვენეს. სრულად კი ის ეკრანზე 1928 წლის მარტში გამოჩნდა. ფილმი მომზადდა კომუნისტური პარტიის დაკვეთით სპეციალურად ოქტომბრის გადატრიალების (ან, როგორც ბოლშევიკები მოიხსენიებდნენ, რევოლუციის) მე-10 წლისთავთან დაკავშირებით. ფილმის ჩვენებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც სსრკ-ში, ისე მის საზღვრებს გარეთაც -   „კარგია მაღვიძარა, რომელიც 1 საათით იგვიანებს და მილიონებით ძვირი ღირს“[2], - ამბობს მაიაკოვსკი „ოქტომბერზე“. თუმცა ძალიან მალე, 1933 წლის შემდეგ, ფილმის ჩვენება ცკ-ის მიერ მკაცრად აიკრძალა - ცენზურამ საბჭოთა ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე გადაღებული ფილმი ანტისაბჭოურად გამოაცხადა. კინოსამყაროში „ოქტომბრის“ გახმოვანებული ვერსია მხოლოდ დესტალინიზაციის შემდეგ (ოქტომბრის გადატრიალების 50-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით) დაბრუნდა.

რატომ არ იყო მზად იუბილესათვის ფილმის სრული ვერსია, რატომ აჩვენეს მხოლოდ ამონარიდები? ნუთუ გამოცდილმა რეჟისორმა ვერ გათვალა და დროში ვერ ჩაეტია? რატომ იყო ნომენკლატურისთვის „ოქტომბერი“ მისაღები ნეპ-ის პერიოდში (მის დასასრულს), მაგრამ - მიუღებელი სტალინური დიქტატურის დასაწყისში? და საერთოდ, რატომ იყო ეს „წარუმატებლობა“ პუდოვკინისთვის ასეთი სასურველი? - ეს არის კითხვები, რომლებსაც ზემოთქმული ბადებს და რომლებზეც წინამდებარე სტატიაში ვეცდები, ვუპასუხო.

„ოქტომბერი“ იმავე თემატიკაზე გადაღებული სხვა ფილმებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ისტორიული რეალობის თანმიმდევრობასა და სიზუსტეს არ იცავს. მასში დრო და სივრცე თავდაყირაა დაყენებული, რაც, ერთი მხრივ, ოქტომბრის მოვლენებზე 1927 წლის იდეოლოგიური პლატფორმიდან შეხედვით, ხოლო, მეორე მხრივ, იმ პერიოდის მსოფლიოს დროის რეფლექსიაზე ფენომენით აიხსნება[3]. მაგალითად, ფილმში ალექსანდრე მესამის ქანდაკების დაქცევა ოქტომბრის გადატრიალების დაწყებადაა წარმოჩენილი, მაშინ, როდესაც მონარქის ეს ქანდაკება სინამდვილეში 1918 წელს დაანგრიეს და მას “რევოლუციასთან” არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მეტიც, ის გეოგრაფიულადაც კი არ იყო მოვლენების ეპიცენტრში - ქანდაკება მოსკოვში მდებარეობდა. მაგრამ რეჟისორი ამ ხერხით დროებით მთავრობას, ცკ-ს მოთხოვნების შესაბამისად, მონარქიულ გადმონაშთად წარმოაჩენს. ამასთანავე ფილმში ოქტომბრის გადატრიალება თებერვლის რევოლუციასთანაა გადაჯაჭვული. ესეც ბოლშევიკური ხედვით აიხსნება - მათი აზრით, თებერვლის რევოლუცია იყო „ბერჟუაზიულ-დემოკრატიული“ და ოქტომბერი მხოლოდ მის აუცილებელ კულმინაციას წარმოადგენდა.

კადრი ფილმიდან “ოქტომბერი” - ალექსანდრე მესამის ძეგლი

 

ეიზენშტეინი მაშინდელი ნომენკლატურის ინტერესებს ტროცკის ფიგურის მიჩქმალვითაც აკმაყოფილებს. ფილმის თავდაპირველ ვარიანტში რუსული რევოლუციის ლეგენდას არაერთი კადრი ეძღვნებოდა, თუმცა, როგორც გრიგორი ალექსანდროვი იხსენებს, სტალინის ბრძანებით ფილმიდან მათი ამოჭრა მოუწიათ. ზუსტად ეს კადრები გახდა მიზეზი იმისა, რომ ფილმი იუბილესათვის მზად არ იყო. ფილმის მეორე ვარიანტში ლევ ბრონშტეინის არცერთი კადრი არ გვხვდება.

საქმე ისაა, რომ ტროცკისა და სტალინს იმ პერიოდში საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ვინაიდან ძალაუფლება თანდათანობით სტალინის ხელში იყრიდა, მას სურდა საბჭოთა ისტორიიდან ტროცკის კვალის სრულად წაშლა.

ოქტომბრის გადატრიალებისას ლენინი ფინეთში იმყოფებოდა და მოძრაობას ფაქტობრივად ტროცკი ხელმძღვანელობდა. ამიტომაა ოქტომბრის „რევოლუცია“ მის გარეშე წარმოუდგენელი და ამიტომაა ფილმიდან მისი როლის გაქრობა ისტორიული ნონსენსი[4]. ტროცკის როლი რევოლუციისას მასების მობილიზაციაში უმთავრესი იყო. სამოქალაქო ომის დროს მან შექმნა საბჭოთა არმია; მან გადაარჩინა 1919 წელს პეტროგრადი თეთრგვარდიელთა შემოტევისაგან - მან მოაბრუნა უკან პანიკაში ჩავარდნილი დეზერტირები. საბედისწერო დროს ის იყო ლიდერი, ხოლო მშვიდობაში არავის სჭირდებოდა, რადგან თავად მას არ შეეძლო მშვიდობაში ყოფნა, მუდამ წინააღმდეგობებს ეძებდა. სოფლის მეურნეობაც კი ფრონტად წარმოედგინა და მის მილიტარიზაციას ახდენდა. ამიტომ მას ეს სფერო ჩამოართვეს და მისცეს იმ ბიუროკრატიას, რომელსაც ტროცკის ტყუპისცალი და მისი სრული ანტიპოდი - სტალინი ქმნიდა. ამ უკანასკნელმა კარგად იცოდა, რომ XX საუკუნე ბიუროკრატიის საუკუნე იყო და იმას ჰქონდა ძალაუფლება, ვის ხელშიც აპარატი იყო.

სტალინმა გაიმარჯვა - 1925 წელს წითელი არმიის დამფუძნებელი ლევ ტროცკი წითელი არმიის მეთაურის თანამდებობიდან გადააყენა; 1926 წელს ის ცკ-დან გარიცხა; 1927 წელს გადაასახლა; 1929 წელს სსრკ-ს მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა, ხოლო 1940 წელს მისი ბრძანებით მექსიკაში მოკლეს. ოქტომბრის რევოლუციის დემონის ფიზიკური განადგურების გარდა, ბელადმა ფოტოების რეტუშირებით ის სსრკ-ს მეხსიერებიდანაც წაშალა.

ასე და ამგვარად, რუსეთის იმპერატორთა მათრახი („კნუტი“) სტალინის ხელში აღმოჩნდა და ამას ეიზენშტეინი თავის ფილმში „რევოლუციის მუდმივობის კანონის“ შემოღებით (რომელზეც ვრცლად ქვემოთ გესაუბრებით) ჯერ კიდევ 1927 წელს წინასწარმეტყველებს.

კადრი ფილმიდან “ოქტომბერი”

„ოქტომბრის“ ანალიზისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ფილმი ნეპ-ის პერიოდშია[5] გადაღებული. ნეპის საზოგადოების ცენტრალურ პარადოქსს წარმოადგენს ის, რომ, ერთი მხრივ, ინდივიდის კლასობრივი იდენტობა საკმაოდ მყიფეა და, მეორე მხრივ, ამ იდენტობას საკმაოდ დიდი სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.[6] როდესაც 1917 წელს ბოლშევიკებმა ზამთრის სასახლე იგდეს ხელთ, რსდმპ-ის წიაღში ერთი ლოზუნგის - „მთელი ძალაუფლება საბჭოებს“ - ქვეშ გაერთიანებულ სხვადასხვა ტენდენციის მქონე ადამიანებს შორის პრობლემა იშვა: როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, როდესაც რუსეთში ყველაზე მრავალრიცხოვან სოციალურ კლასს არა მუშა, არამედ გლეხი წარმოადგენდა? რას ნიშნავს არსებულ სიტუაციაში სიტყვა პროლეტარიატი? და რა განსაზღვრავს მის ცნობიერებას? დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა არც ისე იოლი გამოდგა, როგორც ბევრს ეგონა. ყოველ შემთხვევაში, ქუჩის გამოსვლებითა და თეორიული განსჯით ვერ მოხერხდებოდა იმ მასის მობილიზება, რომელიც „პროლეტარიატის დიქტატურას“ დაამყარებდა. დიახ, შესაძლო იყო, კიდევ ერთი „ცაში განავარდება“ ისეთივე კრახით დასრულებულიყო, როგორც ეს მანამდე არაერთ რევოლუციურ მოძრაობას ხვდა წილად[7].

სამოქალაქო ომის შემდგომ უამრავმა ადამიანმა გააყალბა საკუთარი ბიოგრაფია. ამან ქვეყანაში ნდობის ვაკუუმი შექმნა. ამას ემატებოდა ნეპ-თან დაკავშირებული ეჭვებიც; როგორც პარტიის შიგნით, ასევე მესამე კომინტერნში ბევრი ეჭვობდა - ეს ღონისძიება კაპიტალიზმისკენ შემობრუნებას ხომ არ ნიშნავს. ასეთ პირობებში საჭირო იყო პროლეტარიატის ახალი დეტერმინანტების განსაზღვრა და, ეს უპირველეს ყოვლისა, პარტიაში გაწევრიანება და რევოლუციისადმი ერთგულება გახდა[8]. ხოლო საბჭოთა იდენტობის გამოსაკვეთად ბოლშევიკებმა უძველეს მეთოდს - დაპირისპირებას, კონტრასტს მიმართეს და ამ შემთხვევაში ფონად არისტოკრატია გამოიყენეს.

ეიზენშტეინიც „ოქტომბერში“ არისტოკრატიას ზუსტად ამ მიზნით წარმოაჩენს განსაკუთრებით საზიზღარ, სისხლისმსმელ, მჩაგვრელ კლასად. მთელი ფილმის განმავლობაში მხოლოდ ერთგან ჩანს ადამიანის აშკარა მკვლელობა და ისიც არისტოკრატიის მიერაა ჩადენილი. ახალგაზრდა მუშის ჩაქოლვის შემდეგ თავადები და მათი ქალები ულამაზოდ იცინიან, გამოაჩენენ შავ კბილებს და მაყურებელში ეშმაკის, ბოროტების ასოციაციას იწვევენ. ამგვარად რეჟისორი ხელოვნების ახალი დარგის - კინოს - გამოყენებით გაუნათლებელი მასების ქვეცნობიერზე ოსტატურად მოქმედებს. ფილმში უფრო მეტად იგრძნობა თებერვლის რევოლუციის პათოსი, ვიდრე ოქტომბრისა - ყველა სახე-სიმბოლო, რომელსაც პროლეტარიატი ფეხებით თელავს და ანგრევს, ცარისტული რუსეთის დროინდელია. ზამთრის სასახლის აღება უფრო ბასტილიის, თვითმპყრობელობის ბასტიონის აღებას ჰგავს, ვიდრე დროებითი მთავრობის შენობისა.[9] ეიზენშტეინი რეალობის მხოლოდ ერთ მხარეს - თეთრ ტერორს წარმოაჩენს მაშინ, როდესაც ზუსტადაც 1927 წლის 7 ივლისს ნაციონალისტი ბორის კოვერდა მოკლავს რომანოვების ამოწყვეტაში ეჭვმიტანილ პიოტორ ვოიკოვს და ამას სსრკ წითელი ტერორით - 20 დიდგვაროვნის მოკვლით უპასუხებს[10]. რასაკვირველია, ამ ფაქტს ეიზენშტეინი ასე ცხადად თავის ფილმში ვერ აჩვენებდა, თუმცა რთული ალეგორიებით ნიჭიერი რეჟისორი მაინც ახერხებს არსებული რეჟიმის კრიტიკას.

კადრი ფილმიდან “ოქტომბერი”

 

ფილმის კიდევ ერთ სიუჟეტურ ხაზს მასების აღზევება წარმოადგენს. კომუნისტური ფილოსოფიის გათვალისწინებით „ოქტომბერში“ მთავარი მოქმედი გმირები არ არიან წარმოდგენილნი. თუმცა ეს მაშინდელი მსოფლიოს ტენდენციებითაც აიხსნება.  ესპანელი ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა ი გასეტი ზუსტად შენიშნავს, იმ საშიშროებას, რომელიც ხელოვნებას მასათა აღზევების პირობებში დაემუქრება. მასა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ფონი იყო, სცენაზე ადის - მუშები, რომელთაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არანაირი თეატრალური განათლება არ მიუღიათ და არ უოცნებიათ მსახიობობაზე, უცბად ეიზენშტეინის ფილმის პერსონაჟები ხდებიან. ხალხი მასამ შეცვალა, სული კი - კლასმა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ დაიწყო საყოველთაო სტანდარტიზაცია. იმ პერიოდში ცნობილმა არქიტექტორმა ლე კორბუზიემ გამოსცა ნაშრომი, რომელშიც ის არქიტექტურის სტანდარტიზაციაზე საუბრობს. მისი აზრით, არქიტექტურა ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რამეთუ მთავარი მასში სტანდარტული ბუნებაა. შპენგლერის „ევროპის დაისში“ გამოხატულია განცდა კულტურის უნიკალურობის დასასრულისა და საყოველთაო სტანდარტიზაციის დასაწყისის, რომლის ერთგვარ ნიშანსვეტად 1919 წელს ვაიმარში აგებული ბაუჰაუსი იქცა - შენობა, რომელიც განძარცვულია დეკორისაგან მსგავსად ნიკანდროვისა, რომელსაც ბელადის, ლენინის არაფერი სცხია. ჩვეულებრივი, უნიჭო მუშისათვის მხოლოდ გარეგნული მსგავსების საფუძველზე ბელადის როლის მინიჭება ზოგმა ირონიად, ზოგმა არაპროფესიონალიზმად[11], ხოლო ზოგმა ახალი კინოს დაბადებად[12] შერაცხა. ცხადია ერთი რამ - ეიზენშტეინს ცალკეული პიროვნებები არ აინტერესებს, მისთვის ლენინიც, კერენსკიც, სტალინიც და რუსი „ცარიც“ ერთსა და იმავე იდეას, დესპოტიზმს გამოხატავენ.

 

ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჯერ კიდევ 1920-იან წლებში საბჭოთა კინემატოგრაფია ეიზენშტეინის და სხვათა სახით ემსახურებოდა ნომენკლატურის ინტერესების გატარებას (თუ ჯერ-ჯერობით მხედველობაში არ მივიღებთ ჩემს რამდენიმე შენიშვნას არსებული რეჟიმის კრიტიკაზე). მაღალი თანამდებობის პირები და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ჟურნალ-გაზეთები არ აკლებდნენ „ოქტომბერს“ დადებით კრიტიკას: ფრანგული გაზეთი „ფიგარო“ ფილმს „დიდებული ასოციაციებისა და მოგონებების“ პოემად მოიხსენიებს; „მუშათა მხარე“ - „სოციალისტური კულტურის ყველაზე დიდ გამარჯვებად“ , ხოლო „ტვერსკაია პრავდა“ – „მსოფლიო კინოს კლასიკად“.[13] მაშ, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ნეპ-ის გაუქმებიდან (1929) ძალიან მალე (1933) ფილმი კატეგორიულად აკრძალეს? რა მეტაფორული იდეა ჩადო ეიზენშტინმა „ოქტომბერში“, რაც სტალინს ასე ძალიან არ მოეწონა, თუმცა რეჟისორს საქმიანობის გაგრძელების უფლება მაინც მისცა?

“პირქუში ცის ქვეშ, ცივი და წვიმიანი ვეებერთელა ქალაქი სწრაფი სვლით მიექანებოდა... ნეტავ, საითკენ?“ - ქარიშხლის შუაგულში მოქცეულმა ჯონ რიდმა[14] ამ კითხვაზე პასუხი იცოდა. 1927 წელს კი ეიზენშეინი უკვე რევოლუციის აშკარა შედეგებს ხედავდა და თავისი ფილმით სსრკ-ს უახლოესი მომავალი იწინასწარმეტყველა.

კადრი ფილმიდან “ოქტომბერი”

 

„მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“[15], - ამ მეტაფორული სურათით იწყებს ეიზენშტეინი თავის ფილმს, როდესაც ბრბოს (მუშებსა და გლეხებს) ალექსანდრე III-ის უზარმაზარ ქანდაკებას დააქცევინებს. იგივე ბრბო მოგვიანებით, გადატრიალების დაწყებამდე, „ახალ მეფეს“, ლენინს, აიყვანს ტრიბუნაზე, რითაც დესპოტიზმის ძველ ფორმას, ცარიზმს, ახალი ფორმით, სოციალიზმით ჩაანაცვლებს. რევოლუციის, გადატრიალების ეს ფორმა საყოველთაოდ გავრცელებული ფენომენია. როდესაც აშშ-ში 1776 წელს მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ამერიკელებმა გეორგ III-ის ქანდაკება დააქციეს, ხოლო საფრანგეთის რევოლუციის დროს ფრანგმა ერმა ლუი XV-ის ქანდაკების ნაცვლად გილიოტინა დაამონტაჟა, რითაც რევოლუციის მთავარი შეტყობინება - „რევოლუცია ჭამს საკუთარ შვილებს“ - გააჟღერა. მართლაც, თებერვლის რევოლუციის შემოქმედები მალე ოქტომბრის მსხვერპლნი გახდნენ, ხოლო ოქტომბრის გადატრიალების ავტორები სტალინურ რეჟიმს, ერთგვარ „უფორმო რევოლუციას“ შეეწირნენ. ეიზენშტეინი საკუთარ ფილმში მეტაფორების თამაშით ზუსტად ამ უკანასკნელ საფრთხეზე მიანიშნებს მაყურებელს. ტყუილად არ არიან შედარებულნი კერენსკი და კორნილოვი ნაპოლეონთან. ამ უკანასკნელმა მიისაკუთრა სხვისი გვირგვინი და ქონება. მსგავსად ფრანგი იმპერატორისა, დროებითი მთავრობის ხელმძღვანელნიც დესპოტური ძალისკენ მიილტვიან. ზამთრის სასახლის კიბეებზე კერენსკის ასვლა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ეპიზოდია მთელს ფილმში - რეალურად, კერენსკის კიბის სულ სამი მონაკვეთი უნდა აევლო, თუმცა ფილმში მონტაჟის ახალი ხერხების გამოყენებით ეს ისეა წარმოჩენილი, თითქოს ის საკმაოდ მაღლა ადის და დიდებისკენ, უბრალო მოკვდავთაგან სიშორისკენ მიისწრაფვის. კერენსკი ერთ მომენტში ფარშევანგთანაცაა შედარებული - ეს ფრინველი ბერძნულ მითოლოგიაში ამპარტავნებასთან ასოცირდება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ფარშევანგი საიმპერატორო საათის ერთ-ერთი დეტალია და მისი მოძრაობა დესპოტის დღეებს ითვლის. ბოლოს ნაპოლეონის პატარა ქანდაკებას მართლაც მოსძვრება თავი და ზამთრის სასახლეც დაეცემა. ფრანგი იმპერატორის შემოყვანით ეიზენშტეინმა მთავარ სამიზნედ არა კერენსკი, არამედ ზუსტადაც რომ სტალინი განსაზღვრა - იმ პერიოდში ტროცკი სახალხოდ გმობდა სტალინის მმართველობის ფორმას და მას „ბონაპარტისტულს“ უწოდებდა.

კადრი ფილმიდან “ოქტომბერი”

 

ჯერ კიდევ 1923 წელს ზამიატინი თავის ესსეში („ლიტერატურაზე, რევოლუციაზე, ენტროპიასა და სხვა საკითხებზე“) ამბობს, რომ „როგორც ბოლო, უკანასკნელ რიცხვს ვერ დამისახელებთ, ასევე ვერ ილაპარაკებთ საბოლოო რევოლუციაზე“[16]. ეიზენშტეინიც თავის ფილმში მსგავს იდეას ავითარებს - რეჟისორის დაკვირვებით, რევოლუციის გზით ერთი დესპოტის ჩამოგდებას მეორის აღმართვა მოჰყვება; ამ უკანასკნელის ჩამოგდებას - მესამის და ასე დაუსრულებლივ. ამას გენიოსი საკუთარ ფილმში ალექსანდრე III-ის ქანდაკების ჯერ დაქცევით და მერე მაგიური ძალით ისევ აღდგენით გამოხატავს. მაშინ როდესაც ის სანქტ-პეტერბურგში ერთი დესპოტიზმის დამხობას აშუქებდა, პარალელურად მოსკოვში სტალინის სახით მეორე იკიდებდა ფეხს. პროლეტარიატის გამოუცდელ თვალს უჭირდა ამის დანახვა. ამით აიხსნება ფართო მასების ერთადერთი უკმაყოფილება ფილმში ძალიან ბევრი „უმნიშვნელო“ დეტალის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბელადმა იცოდა ამ მეტაფორების მნიშვნელობა, ამიტომაც აკრძალა ფილმი, მას შემდეგ რაც საკუთარი ძალაუფლება გაამყარა. ეიზენშტეინმა კი, ისევ და ისევ, მხოლოდ დროის მოთხოვნების შესაბამისად ფილმის დასასრულს ნამდვილი მომავალი დესპოტის, სტალინის, ნაცვლად, რუსეთის საიმპერატორო ტახტზე გლეხის შვილი დასვა, რითაც დააკმაყოფილა ხალხის მოთხოვნა - დამყარებულიყო „პროლეტარიატის დიქტატურა“...

დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ოქტომბრის გადატრიალება (რევოლუცია) - ასეულობით მილიონი ადამიანისათვის ეს მეორედ მოსვლას ჰგავდა. კომუნისტების ლოზუნგები: მშვიდობა, პური და მიწა პროლეტარიატს ყველაზე მეტად სწყუროდა. თავად ეიზენშტეინიც რევოლუციას უმადლოდა საკუთარი პროფესიის არჩევას - როგორც საკუთარ მემუარებში წერს, ოქტომბერმა მას ფრთები შეასხა. თუმცა ძალიან მალე სტალინი მას, ისევე როგორც სხვა ნიჭიერ ხელოვანებს, ფრთებს მოაჭრის. ფილმის აკრძალვიდან ერთ წელიწადში, 1934 წელს, საბჭოთა მწერალთა კავშირის სხდომაზე იოსებ სტალინის მიერ ხელოვნების მთავარ მეთოდად გამოცხადებულმა „სოციალისტურმა რეალიზმმა“ საბოლოო ფორმა მიიღო და დაკანონდა ლიტერატურის უალტერნატივო ჟანრად[17]. უკვე 1932 წლიდან მწერლები საბჭოთა კავშირში დამოუკიდებელ ინდივიდებად აღარ აღიქმებოდნენ, მათ მისწრაფებებს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ისინი პოლიტიკური პროცესებით მოტივირებულნი უნდა ყოფილიყვნენ[18]. „ოქტომბერი“ საზოგადოებას ამ მოსალოდნელ და რეალურ საფრთხეს აუწყებდა - ფილმი, რომელიც სახალხო რევოლუციის პომპეზური ზეიმის გამოხატულება უნდა ყოფილიყო, რეალურად მის დასასრულად, „ნეპმენების“ აღსასრულად და, როგორც სტიუარდ ლიბმანი აღნიშნავს, ფილმის ისტორიაში „ყველაზე გულსატკენი, სამწუხარო“ (the “most dispiriting“) ეტაპის დაწყებად იქცა[19]. ის დავიდა მის ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდამდე - ხიდების აწევა, რომელმაც მმართველი კლასი ხალხს დააშორა.

როდესაც ეიზენშტეინს ამერიკელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ ვინ არის სცენარის ავტორი, რეჟისორმა დაუფიქრებლად უპასუხა - პარტია! ერთადერთი, რაც ეიზენშტეინს ჭეშმარიტად ეკუთვნის ამ ფილმში და ერთადერთი, რის გამოც ფილმი დღეს დიდად ფასობს ეს არის ინტელექტუალური მონტაჟი, ერთგვარი “კინოს ენა”, როგორც რეჟისორი მოიხსენიებს საკუთარ „კინოფორმის დრამატურგიაში“. ფილმი გადაღებული რევოლუციაზე თავად გახდა რევოლუციური. მეტაფორების რთულმა სისტემამ კინო ახალ საფეხურზე აიყვანა და პროპაგანდის, საკუთარი აზრის გამოთქმის, მასებზე ზემოქმედების ძლიერ იარაღად აქცია, რომელიც დღემდე აქტიურად გამოიყენება. იაპონური ენის იეროგლიფიკის ცოდნამ ეიზენშტეინში მრავალი ასოციაცია დაბადა. რეჟისორი სტატიაში „კადრს მიღმა“ ამბობს: იეროგლიფი დეტერმინანტებისგან შედგება, ოღონდ ის არ წარმოადგენს ამ დეტერმინანტების მექანიკურ ჯამს; ის უფრო მეტად მათი შერწყმით მიღებული სრულიად ახალი ფორმაა, რომელიც  განსხვავებულ განზომილებაში, განსხვავებულ საფეხურზე დგას. მაგალითად: ძაღლი + პირი = ყეფა; თვალი + წყალი = ტირილი; გული + დანა = მწუხარება და ა.შ. ამგვარად ეიზენშტეინი მაყურებელში იმ ცნებათა ასოციაციებს იწვევს, რომელთა გამოსახვაც გრაფიკულად შეუძლებელია. თუმცა პარტიამ ის ზედმეტად „ფორმალისტურად“ ჩათვალა და ეს „ნაკლი“ ფილმის  აკრძალვის ოფიციალურ მიზეზად გამოაცხადა. ებრაელ ინტელექტუალ რეჟისორს კი საქმიანობის გაგრძელება იმიტომ ვერ აეკრძალა, რომ ის მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული იყო. ასეთები სტალინს ნამდვილად არ ეშლებოდა...

ამრიგად, როგორც ვნახეთ, სერგეი ეიზენშტეინის „ოქტომბერი“, ერთი მხრივ, ემსახურებოდა დროის, პარტიის მოთხოვნებს და, მეორე მხრივ, კინოს ახალი ენით - მონტაჟით, სტალინს პირდაპირ აკრიტიკებდა. ზუსტადაც „ოქტომბრის“ ორმაგი შინაარსი, ორმაგი ბუნება გახდა მიზეზი იმისა, რომ ის სსრკ-ს კინოს ისტორიაში ყველაზე დიდ  წარუმატებლობად იქცა.

 

 

ბიბლიოგრაფია:

1. Fitzpatrick: Chapter 3 - "Class identities in NEP Society", p. 53, 69

2. Yevgeny Zamyatin - A Soviet Heretic_ Essays-The University of Chicago Press (1970), pp. 107

3. Boris Groys, The Total Art of Stalinism (New Jersy: Prinston University Press, 1992) pp. 36

4. Donald Rayfield, The Literature of Georgia: A History (London and New York: Routledge, 2000) pp. 262

5. TIME - რუსეთის რევოლუცია და სსრკ, გვ. 44

6. Шкловский В. За 60 лет. Работы о кино. М.: Искусство, 1985. С. 188.

7. Bernd Reinhardt, Sergei Eisenstein’s October: a monumental work, article (10 March 2012) https://www.wsws.org/en/articles/2012/03/ber4-m10.html

8. Shari Kizirian, 1927: October (Sergei Eisenstein) http://sensesofcinema.com/2017/soviet-cinema/1927-october-sergei-eisenstein/

9. Murray Sperber, Jump Cut: A Review of Contemporary Media, 1977, pp. 15-44, http://www.ejumpcut.org/archive/onlinessays/JC14folder/October.html

10.  https://1tv.ge/video/khanmokle-xx-saukune-1926/

11.  Провинциальная пресса о фильме «Октябрь» // Кино. Еженедельная газета ОДСК. 1928. 10 апреля. https://chapaev.media/articles/4372

12.  Frankfurter Zeitung, 1928, 5. Juni. https://chapaev.media/articles/4386

13.  Жан-Клод Конеса, «Октябрь»: кризис изображения, http://www.kinozapiski.ru/ru/article/sendvalues/583/

14.  Крупская Н. О фильме «Октябрь» // Правда. 1928. 9 февраля. https://chapaev.media/articles/4382

15.  В. Маяковский о кино // Кино. 1927. № 45. 7 ноября. https://chapaev.media/articles/4392

 

 


 

[1] უდოვკინის შეფასება (Шкловский В. За 60 лет. Работы о кино. М.: Искусство, 1985. С. 188). კომპარტიამ ოქტომბრის გადატრიალების მე-10 წლისთავთან დაკავშირებით 4 რეჟისორს დაავალა ფილმის გადაღება: ბარნეტის „მოსკოვი ოქტომბერში“, პუდოვკინის „სანქტ-პეტერბურგის აღსასრული“, შუბის „დიდი გზა“ და ეიზენშტეინის „ოქტომბერი“. თუმცა მათ შორის წარმატებული მხოლოდ ეს უკანასკნელი აღმოჩნდა.

[2]   «Хорош будильник, который на час опаздывает и стоит на миллион дороже». (https://chapaev.media/articles/4195  (Ковалов О. Юбилейное // Сеанс. 2013. № 55–56)

[3] ზუსტადაც რომ 1920-იან წლებში, ერთი მხრივ, ფიზიკოსმა ჰაიზენბერგმა ჩამოაყალიბა „განუზღვრელობის პრინციპი“, მეორე მხრივ, ფილოსოფოსმა ჰაიდეგერმა გამოსცა „ყოფიერება და დრო“ და, მესამე მხრივ, მწერალმა პრუსტმა დაამთავრა თავისი ეპოპეა „დაკარგული დროის ძიებაში“ წიგნით „დაბრუნებული დრო“. სამივე უტრიალებს ერთსა და იმავე საკითხს: რა არის დრო? არის თუ არა ის ცარიელი ჭურჭელი, რომელიც შეიძლება ფაქტებით გაავსო? და სამივე პასუხობს, რომ არა, დრო არაერთგვაროვანია.

[4] საინტერესოა, რომ ტროცკი და სტალინი ერთსა და იმავე წელს (1879) დაიბადნენ, მაგრამ ტროცკი დაიბადა 26 ოქტომბერს, იმ დღეს, როდესაც რევოლუცია მოხდა. ამიტომ ხშირად მას ისტორიკოსები რევოლუციის დემონადაც მოიხსენიებენ. https://1tv.ge/video/khanmokle-xx-saukune-1926/

[5] ნეპ (NEP) – „ახალი ეკონომიკური პოლიტიკა“, რომლის წყალობითაც სსრკ-მ 1920-იანებში ეკონომიკური კრიზისის ყველაზე მწვავე ფაზა დაძლია.

[6] Fitzpatrick: Chapter 3 - "Class identities in NEP Society", pp. 69

[7] ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს გაჩნდა ბოლშევიკთა მხარდამჭერებში უკმაყოფილება. მათ შორის  აღსანიშნავია 1919 წელს კრონშტადტის გარნიზონის აჯანყება. ფლოტის მეზღვაურთა ლოზუნგი იყო „საბჭოეთი ბოლშევიზმის გარეშე“. TIME - რუსეთის რევოლუცია და სსრკ, გვ. 44

[8] Fitzpatrick: Chapter 3 - "Class identities in NEP Society", pp. 53

[9] სინამდვილეში ზამთრის სასახლის მთავარი შესასვლელი გადატრიალებისას ღია იყო, მაგრამ ფილმში დაკეტილია, რათა რიგითმა მუშამ მასზე გადაძრომისას სიმბოლურად საკუთარი ჩექმა საიმპერატორო გვირგვინს დაადგას.

[10] პრუსტის „დაბრუნებული დრო“ მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში არისტოკრატიის ამოწყვეტაზე და შესაბამისად თავისუფალი დროის გაქრობაზეა დაწერილი. არისტოკრატია ერთადერთი მოცალე კლასი იყო. ის სერვისის კლასმა ჩაანაცვლა. ეს ყველაზე უკეთ სსრკ-ში გამოიკვეთა.

[11] მაიაკოვსკის შეფასება: http://www.kinozapiski.ru/ru/article/sendvalues/583/ https://chapaev.media/articles/4392

[12] ნადეჟდა კრუპსკაიას შეფასება ახალი კინოს დაბადებაზე: https://chapaev.media/articles/4382

[13] ჟურნალ-გაზეთების გამოხმაურება: https://chapaev.media/articles/4372  https://chapaev.media/articles/4386

[14] წიგნის - „ათი დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო“ - ავტორი. „ოქტომბერი“ ეიზენშტეინმა ამ ფილმის მიხედვით გადაიღო და თავიდან ფილმს წიგნის სახელი ერქვა.

[15] ფრ. Le Roi est mort, vive le Roi! - ტრადიციული ფრანგული ფრაზა, რომელსაც შუა საუკუნეებში დას. ევროპის ქვეყნებში ახალი მონარქის გამოცხადებისას ამბობდნენ.

[16] Yevgeny Zamyatin - A Soviet Heretic_ Essays-The University of Chicago Press (1970), pp. 107

[17] Boris Groys, The Total Art of Stalinism (New Jersy: Prinston University Press, 1992) pp. 36

[18] Donald Rayfled, The Literature of Georgia: A History (London and New York: Routledge, 2000) pp. 262

[19] http://sensesofcinema.com/2017/soviet-cinema/1927-october-sergei-eisenstein/