...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

დასახვრეტთა სიები სტალინის მითითებით დგებოდა – როგორ შექმნა დიქტატორმა რეპრესიული სისტემა

16 ოქტომბერი 2023


„შიშმა დაისადგურა 1937-38 წლების შემდეგ საბჭოთა ადამიანში. მანამ ამ შიშის რესურსი არსებობდა, სანამ საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენდა ხალხი, რომელმაც გამოიარა ეს შიში, მანამ არსებობდა საბჭოთა კავშირი“, – დიდი ტერორის წლების და მისგან დატოვებული შიშების ეს შეფასება საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორს, გიორგი მამულიას ეკუთვნის.

„სტალინის მთავარი გეგმა იყო ფიზიკურად მოესპო მისი მმართველობით უკმაყოფილო ყველა ელემენტი, რომელიც იყო კომუნისტურ პარტიაში. რატომ? იმიტომ, რომ ეშინოდა.

ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი პირი, რომელიც გაანადგურეს 1937-38 წლებში, იქნა განადგურებული სტალინის სიების მიხედვით. მათ განადგურებას და დახვრეტას უშუალოდ სტალინმა მოაწერა ხელი.

ერთადერთი პრივილეგია საქართველოს რაც ჰქონდა იმით, რომ სტალინი საქართველოდან იყო, საქართველო იყო მოწინავე ადგილზე რეპრესიების მხრივ“, – გვითხრა ინტერვიუსას მკვლევარმა.

დიდი ტერორის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს გიორგი მამულია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორი და კავკასიის ისტორიის მკვლევარი.

  • ბატონო გიორგი, დავიწყოთ ინტერვიუ მცირე ისტორიული ექსკურსით, რა წინაპირობები ჰქონდა დიდ ტერორს, როგორ მივედით 1937 წლის სტალინურ რეპრესიებამდე?

უშუალოდ 1937-38 წლის სტალინურ დიდ ტერორს წინ უძღოდა ის დამოკიდებულება, რაც სტალინს ჰქონდა ქართველების, ძველი ქართველი ბოლშევიკების და საქართველოს მიმართ.

უნდა ვიცოდეთ, რომ დამოკიდებულება სტალინსა და ძველ ქართველ ბოლშევიკებს შორის არ იყო ადვილი. იმიტომ, რომ ძველი ქართველი ბოლშევიკები, რომლებიც არ თვლიდნენ თავს დავალებულად უშუალოდ სტალინის მიერ, მოითხოვდნენ მეტ ავტონომიას, მეტ უფლებებს საქართველოსთვის და ამიერკავკასიის ფედერაციისთვის, ვიდრე ამას თანხმდებოდა მოსკოვი და სტალინი.

ჯერ კიდევ 1922 წელს დიდი კამათი გაიმართა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საბჭოთა კავშირი და კერძოდ, როგორი სახით უნდა შევიდნენ სამოკავშირეო რესპუბლიკები საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, სსრკ-ის შემადგენლობაში.

იმ დროინდელი ძველი ქართველი ბოლშევიკები, რომლებსაც საკუთარი მოსაზრება ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ საქართველოს რესპუბლიკა უნდა შევიდეს საბჭოთა კავშირში, როგორც სამოკავშირეო რესპუბლიკა, ანუ დამოუკიდებელი ტერიტორიული ერთეული და არა როგორც რუსეთის ნაწილი.

სტალინი მოითხოვდა, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკები უნდა შესულიყვნენ რუსეთის შემადგენლობაში, როგორც ავტონომიური ერთეულები. აი, სტალინის ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ 1991 წელს, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, არ გვექნებოდა საშუალება მოგვეთხოვა დამოუკიდებლობა.

ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ სწორედ იმ სტატუსის საფუძველზე, რომ ვიყავით საკავშირო რესპუბლიკა, რომელსაც ჰქონდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით უფლება გამოყოფისა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან.

სტალინს მზაკვრული გეგმა ჰქონდა, რომ საქართველოც, აზერბაიჯანიც, სომხეთიც, შესულიყვნენ უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში და ყოფილიყო რუსეთის ავტონომია.

ამ შემთხვევაში ჩვენ, დღევანდელ სიტუაციაში, 1991 წლის შემდგომ გვექნებოდა იგივე ჩეჩნეთის, დაღესტნის და რუსეთის სხვა ავტონომიური ერთეულების სტატუსი.

ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართველი ბოლშევიკები და უნდა გითხრათ, რომ ლენინმაც კი დაუჭირა მხარი, როცა განაცხადა, რომ სტალინის ასეთი „ველიკოდერჟავული“ შოვინიზმი არის დაუშვებელი, რომ საქართველო უნდა შემოვიდეს სსრ კავშირის შემადგენლობაში, როგორც საკავშირო რესპუბლიკა.

სტალინი იძულებული იყო უარი ეთქვა თავის პირვანდელ გეგმაზე, მაგრამ საკუთარი მზაკვრული გეგმა ნაწილობრივ მაინც განახორციელა, როდესაც გაიტანა თავისი წინადადება, რომ საქართველოს კომუნისტური პარტია ყოფილიყო არა დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, არამედ რუსეთის კომუნისტური პარტიის РКП(б)-ს შემადგენელი ნაწილი.

სწორედ ამით მოხდა სსრ კავშირის დაცემენტება. არსებობდა მეექვსე თავი, რომელიც კომუნისტურ პარტიას ანიჭებდა ერთპიროვნულ მმართველობას და ამ შემთხვევაში საქართველოს პარტია არ იყო დამოუკიდებელი, ის იყო რუსეთის კომუნისტური პარტიის შემადგენელი ნაწილი.

თუმცა საქართველომ შეინარჩუნა თავისი სტატუსი, როგორც სამოკავშირეო რესპუბლიკამ.

1921-36 წლებში საქართველო შედიოდა ე.წ. ამიერკავკასიის ფედერაციაში აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად. 1921-1931 წლებში ამ ამიერკავკასიის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მთლიანად ეკუთვნოდა სერგო ორჯონიკიძის კლანს, ანუ მათთან დაახლოებულ ბოლშევიკებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, კომუნისტები იყვნენ, მაგრამ ჰქონდათ საკუთარი შეხედულება და საკუთარი აზრი იმ ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა ჰქონოდა ამიერკავკასიის რესპუბლიკას ცენტრთან.

ისინი მოითხოვდნენ მეტ ავტონომიას, მათ მიაჩნდათ, რომ ყველა გადაწყვეტილება საქართველოს და ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების შესახებ უნდა იქნას მიღებული მხოლოდ თბილისში, თბილისი ცენტრი იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკის. შესაბამისად ურჩობას იჩენდნენ კიდეც სტალინის ასეთი ცენტრალიზატორული პოლიტიკის მიმართ.

ეს ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა 30-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სტალინმა დაამყარა ერთპიროვნული, დიქტატორული მმართველობა, მოიშორა თავისი ყველა კონკურენტი, მათ შორის ტროცკი და მოითხოვა პირდაპირი დამორჩილება, ანუ თბილისის მიერ მოსკოვის დირექტივების უშუალო შესრულება.

  • თუკი წინააღმდეგობა არსებობდა, როგორ შეძლო სტალინმა საკუთარი კურსის გატარება?

უპირველეს ყოვლისა მანიპულაციებით. იმიტომ, რომ სტალინი იყო დიდი ოსტატი იმპერიული მანიპულაციების.

კოლექტივიზაციის ჩარჩოებში, რომელიც დაიწყო 1930 წელს და გრძელდებოდა 1932 წლამდე, მან ამიერკავკასიელ ბოლშევიკებს მისცა არარეალური გეგმა პურის და სიმინდის დამზადების შესახებ.

სპეციალურად გააკეთა ისე, რომ უნდა ჩატარებულიყო მასობრივი კოლექტივიზაცია, რის წინააღმდეგაც მასობრივად გამოდიოდა გლეხობა, ქართველი გლეხობაც და განსაკუთრებით აზერბაიჯანელი და სომხური გლეხობაც, რამაც გამოიწვია დიდი უკმაყოფილება.

ამიერკავკასიელ ბოლშევიკებს არ ჰქონდათ საშუალება უშუალოდ წინააღმდეგობა გაეწიათ სტალინისადმი, მაგრამ ჰქონდათ საშუალება, როგორღაც შეესუსტებინათ ასეთი გავლენა.

საბჭოთა კავშირის ცეკას პირველმა მდივანმა, სამსონ მამულიამ, ჩემმა ბაბუამ, მიმართა სტალინს წერილით და პირდაპირ განუცხადა, რომ „ჩვენ არ გვაქვს საშუალება საქართველოში ჩავატაროთ მასობრივი კოლექტივიზაცია და უზრუნველვყოთ პურის და სიმინდის დამზადების ის ტემპები, რასაც ჩვენგან მოითხოვს მოსკოვი. ჩვენ ვართ მცირემიწიანი რესპუბლიკა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სპეციფიკა და შესაბამისად, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ“.

მართლაც, საკავშირო მოსკოვი იძულებული იქნა შეემცირებინა საკუთარი მოთხოვნები, მაგრამ სტალინმა ისარგებლა ამით, რათა მთლიანად მოეხდინა ძველი ბოლშევიკების ჩამოშორება ხელისუფლებისგან.

ჩამოვიდა პირადად თბილისში, შეხვდა მათ შორის სამსონ მამულიასაც და სხვებსაც და პირდაპირ ჰკითხა – როგორ მიდის თქვენთან კოლექტივიზაცია?

მან მიიღო ადგილობრივი ბოლშევიკებისგან პასუხი, რომ კოლექტივიზაცია კარგად ვერ მიდის, იმიტომ, რომ გლეხობა არის კატეგორიული წინააღმდეგი, ჩვენ არ შეგვიძლია პურის დამზადების ის ტემპები განვახორციელოთ, რასაც ჩვენგან ცენტრი და მოსკოვი მოითხოვს. ამან გამოიწვია სტალინის აღშფოთება, რა თქმა უნდა ფარისევლური – „როგორ, ე.ი. თქვენ ცუდი კომუნისტები ხართ, თქვენ არ შეგიძლიათ გაატაროთ ის პოლიტიკა, რასაც მოითხოვს თქვენგან მოსკოვი, სად არის გენერალური ხაზის მორჩილება რომელსაც მე მოვითხოვ?“

ამის საფუძველზე ძველი ბოლშევიკები მოხსნეს პოსტებიდან და გაფანტეს მთელს საბჭოთა კავშირში მეორეხარისხოვან თანამდებობებზე. ზოგი ციმბირში გადაიყვანეს, ზოგი – უკრაინაში.

ფაქტობრივად სტალინმა გაუხსნა გზა ლავრენტი ბერიას, რომელიც, მოგეხსენებათ, მანამდე იყო ამიერკავკასიის ჩეკას გეპეუს ხელმძღვანელი. მანამ, სანამ ძველი ბოლშევიკები ხელისუფლებაში იყვნენ, მლიქვნელობას იჩენდა მათ მიმართ, მაგრამ ამავე დროს ატარებდა საკუთარი ხაზს. რეგულარულად აწვდიდა ცნობებს სტალინს ადგილობრივი ხელისუფლების ე.წ. შეცდომების შესახებ.

როგორც ჩანს გრძნობდა, რომ სტალინი იყო უკმაყოფილო ძველი ბოლშევიკებით და იმედი ჰქონდა, რომ სტალინი დააწინაურებდა.

მართლაც, 1931 წელს ბერია დაინიშნა ამიერკავკასიის ენკავედეს უფროსად და ამავე დროს საქართველოს ცეკას პირველ მდივნად. ამის შემდეგ იწყება პირდაპირი გზა სტალინურ რეპრესიამდე, იმიტომ, რომ სტალინი ითვალისწინებდა ერთ რამეს – მართალია ,ძველი ბოლშევიკები მოხსნილები არიან საკუთარი თანამდებობებიდან, მაგრამ ისინი უარყოფენ იმ თეზას, რის დამკვიდრებასაც ის ცდილობდა საბჭოთა კავშირში – რომ სტალინი არის ხალხთა მამა, რომ სტალინი არის ერთადერთი და შეუცდომელი, მარქსიზმის ერთადერთი სწორი ინტერპრეტატორი…

შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ უკვე 1934 წლის შემდეგ სტალინის მთავარი გეგმა იყო არამხოლოდ მოეხსნა თანამდებობიდან, რაც მან განახორციელა კიდევაც 1930-31 წლებში, არამედ ფიზიკურად მოესპო მისი მმართველობით უკმაყოფილო ყველა ელემენტი, რომელიც იყო კომუნისტურ პარტიაში.

რატომ? იმიტომ, რომ ეშინოდა.

იცოდა, რომ ძველი ბოლშევიკები იყვნენ დამოუკიდებელი ადამიანები. მათ თავად შექმნეს საკუთარი კარიერა და გარდა ამისა, მათ ჰქონდათ საკმაოდ სოლიდური გამოცდილება მმართველობის. დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოსა და ამიერკავკასიის მმართველობაში.

შესაბამისად, თუკი სტალინს გაურთულდებოდა სიტუაცია, სრული პოტენციალი ჰქონდათ, რომ ამ შემთხვევაში მოეხდინათ გამოწვევა მისი ცენტრალისტური პოლიტიკისადმი.

ფაქტობრივად, 1937 წლის რეპრესიებს საბაბი დაუდო კიროვის მკვლელობამ, რომელიც მოხდა 1934 წელს მოსკოვში და რომელიც ორგანიზებული იყო უშუალოდ სტალინის მიერ.

სტალინმა დაგეგმა კიროვის მკვლელობა და ამან მისცა საბაბი ელაპარაკა იმაზე, რომ კომუნისტურ პარტიაში არის შეთქმულება, რომ შეთქმულებს სურთ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის, უშუალოდ სტალინის და მისი უახლოესი გარემოცვის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და გენერალური ხაზის შეცვლა.

  • ვინ იყო სერგეი კიროვი და რა როლი ჰქონდა მას სტალინის გარემოცვაში, რომ მისი მკვლელობა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორის საფუძველი გახდა?

სერგეი კიროვი იყო ცეკას ერთ-ერთი მდივანი, სტალინთან დაახლოებული პირი, მაგრამ გამოირჩეოდა დამოუკიდებლობით და ძალიან პოპულარული იყო რუსეთში.

ხრუშჩოვი თავის მემუარებში იმასაც კი ამტკიცებდა, რომ კიროვი უფრო პოპულარული იყო, ვიდრე სტალინი, რომ თითქოსდა და პლენუმების დროს კიროვს უფრო მეტი ხმა ჰქონდა მიღებული, ვიდრე სტალინს.

ამიტომ სტალინის მთავარი მიზანი იყო მოეშორებინა კიროვი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან კარგად იცნობდა ამიერკავკასიას, იმიტომ, რომ კიროვი იყო საბჭოთა რუსეთის პირველი ელჩი ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში. შემდგომში იგი ამიერკავკასიის გასაბჭოების უშუალო ხელმძღვანელიც კი იყო.

სტალინმა ამ ერთი დარტყმით ფაქტობრივად ორ მიზანს მიაღწია – მოიშორა კიროვი და ოპოზიციას დააბრალა კიროვის მკვლელობა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ უნდა ითქვას, რომ სტალინმა ასეთი მზაკვრული გეგმა გამოიმუშავა. ქართველი კომუნისტები ორ ბანაკად დაყო. პირველ ბანაკში იყვნენ ე.წ. ტროცკისტები და მეორე ბანაკში – ე.წ. მემარჯვენეები. ეს იყო ხალხი, რომელიც გაერთიანებული იყო ბუდუ პოლიკარპ მდივანის გარშემო. რატომ? – იმიტომ, რომ 1922 წელს, სწორედ ბუდუ მდივანის გარშემო გაერთიანებული ბოლშევიკები წინააღმდეგობას უწევდნენ სტალინს საქართველოს რუსეთში ავტონომიური სტატუსით შესვლაზე.

ეს სტალინმა ბუდუ მდივანს და მის გარემოცვას არ აპატია.

ე.წ. მემარჯვენეებში იყო ყველა ის ძველი ქართველი ბოლშევიკი, რომელიც შედიოდა უშუალოდ სერგო ორჯონიკიძის კლანში.

რეპრესიები დაიწყო 1937 წლიდან, როდესაც საკავშირო ცეკას პლენუმზე სტალინი გამოვიდა და განაცხადა, რომ პარტიაში არის დიდი შეთქმულება, რომ ფაქტობრივად ხალხის მტრებმა შეძლეს ყველა პარტიულ ორგანიზაციაში, ყველა თანამდებობებზე და ფაქტობრივად ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ არსებობს რაღაცა თანამდებობები და პოზიციები, რომელიც არ შეიძლება იყვნენ ინფილტრირებული ე.წ. ხალხის მტრების მიმართ.

ანუ სტალინი ფაქტობრივად ამზადებდა დიდ ტერორს და პარტიის ტოტალურ წმენდას.

რისთვის? – რომ ძველი ბოლშევიკები მოეშორებინა და მათ ადგილზე საკუთარი უსახური და საკუთარი ნების შემსრულებლები დაესვა. ბერიას ტიპის მაგალითად, რომელიც იყო კარიერისტი, თან ახალგაზრდა კაცი იყო და სურდა კარიერა, სურდა ისიც, რომ საქართველოში მოწინავე პოზიციებზე საკუთარი კლიენტურა დაესვა და ამის გამო იყო, ფაქტობრივად, სტალინის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი.

აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1937 წლის ოქტომბრამდე ძირითადი საქმეები ძველი ქართველი ბოლშევიკების წინააღმდეგ არ განიხილებოდა უშუალოდ სამეულის სხდომებზე. ამ საკითხებს უშუალოდ წყვეტდა საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გასვლითი სხდომა.

ანუ უშუალოდ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ იგზავნებოდა წარმომადგენლები საქართველოში და ამიერკავკასიაში და უშუალოდ ისინი აწარმოებდნენ ძველი ბოლშევიკების დაკითხვას.

მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ამ ორგანოს არ შეუძლია რეპრესიების ისეთი ტემპების უზრუნველყოფა, რასაც მოითხოვდა სტალინი.

სტალინი მოითხოვდა ათასობით ადამიანის დახვრეტას და განადგურებას.

ამიტომ 1937 წლის ოქტომბერში ბერიამ უშუალოდ მიმართა სტალინს და ცენტრალურ ცეკას იმისთვის, რომ ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანის საქმე ყოფილიყო განხილული იმ დროისთვის უკვე შექმნილი სამეულების მიერ, „ენკავედეს“ განსაკუთრებული სამეულების მიერ.

  • რა იყო ეს სამეული, ვისგან შედგებოდა და რა ძალაუფლება ჰქონდა?

„ენკავედეს“ ანუ შინსახკომის განსაკუთრებულ სამეული იყო სპეციალური ორგანო, რომელიც შექმნილი იყო სტალინური ხელისუფლების მიერ, დიდი ტერორის რეპრესიების გატარებისთვის, რომელიც ატარებდა სრულიად ანტიკონსტიტუციურ ხასიათს.

იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაც კი, რომელიც სრულებითაც არ იყო დემოკრატიული, არ ითვალისწინებდა სამეულის არსებობას.

სამეული შედგებოდა რესპუბლიკის შინსახკომის თავმჯდომარისგან, მისი მოადგილისგან და რესპუბლიკის პროკურორისგან.

პირველ ეტაპზე საქართველოში სამეულს თავმჯდომარეობდა შინსახკომის თავმჯდომარის მოადგილე ავქსენტი რაფავა, მისივე კოლეგა შალვა წერეთელი და რესპუბლიკის პროკურორი ილარიონ ტალახაძე.

1937 ოქტომბერში, ლავრენტი ბერიამ მიიღო სტალინისგან თანხმობა იმაზე, რომ ძველ ბოლშევიკთა საქმეები, რომლებიც შედიოდნენ ე.წ. სტალინურ სიებში, წაეყვანა სწორედ სამეულს.

  • რა იყო სტალინური სიები და როგორ შედგა ის?

1937 წლის თებერვალში სტალინმა გამოიძახა ბერია მოსკოვში. რაზე ისაუბრეს ცნობილი არაა, ჩვენ გვაქვს მხოლოდ მისი მოადგილის, სერგი გოგლიძის ჩვენებები, რომელიც ამტკიცებს, რომ სტალინმა გამოიძახა ბერია და დაავალა უშუალოდ, მისივე მითითებით, შეედგინა იმ ძველ კომუნისტთა სიები და არამარტო მათი, არამედ ყველა იმ ადამიანის სია, რომელთაც 1921-31 წლებში რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა ამიერკავკასიის ფედერაციაში. არამხოლოდ ცეკას პირველი მდივნების ან მათი მოადგილეების, არამედ ქარხნის დირექტორების, სამმართველოს უფროსების და სხვა ადამიანების განადგურება დაავალა.

მან მოინდომა მთლიანად საქართველოს სახელმწიფო აპარატის და პარტიული აპარატის გაწმენდა 20-იანი წლების ძველი მუშაკებისაგან.

სტალინური სიების შედგენა უშუალოდ მიმდინარეობდა სტალინის მითითებით.

ბერიას არ ჰქონდა არავითარი ავტონომია. სტალინი ავალებდა, ბერია ადგენდა ამ სიებს და დასამტკიცებლად აგზავნიდა მოსკოვში.

ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი პირი, რომელიც გაანადგურეს 1937-38 წლებში, იქნა განადგურებული ამ სიების მიხედვით. დახვრეტას უშუალოდ სტალინმა მოაწერა ხელი. ეს სიები არსებობს, გამოქვეყნებულია კიდევაც “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ და ამტკიცებს იმას, რომ თავიდან ბოლომდე რეპრესიები იმართა სტალინის მიერ. ბერიას არ ჰქონდა ამ შემთხვევაში თითქმის არავითარი ავტონომია.

რა თქმა უნდა, ბერიას შეეძლო ეს გამოეყენებინა ანგარიშის გასასწორებლად პირად მტრებთან, მაგრამ ამ მტრების პოზიციები უნდა ყოფილიყო საკმაოდ დაბალი, რომ სტალინი არ ყოფილიყო ამით დაინტერესებული. ყველა მნიშვნელოვან პირის გადასახლებასა და დახვრეტაზე სანქციას იძლეოდა სტალინი.

  • როგორ მუშაობდა სამეული და საბოლოოდ, რა ბედი ეწიათ მის წევრებს?

სამეულის ყველა წევრი დახვრიტეს ხრუშოვის დროს როგორც ბერიას უშუალო ქვეშევრდომები და ბერიასთან დაახლოებული პირები, 1953-56 წლებში.

სერგო გოგლიძე და შალვა წერეთელი, როგორც ბერიას უშუალო დამქაშები და უახლოესი პირები, ბერიასთან ერთად დახვრიტეს 1953 წელს.

1955 წელს დახვრიტეს ავქსენტი რაფავა, რომელიც იყო შინსახკომის კომისარი ანუ მინისტრი.

რაც შეეხება ილარიონ ტალახაძეს, რომელიც იყო პროკურორი, მას ემუქრებოდა პარტიიდან გარიცხვა, როგორც კონსტიტუციის დამრღვევს და არაკონსტიტუციურ ორგანოში მომუშავეს.

რა თქმა უნდა, ტალახაძე იყო ძალიან შეშინებული და ამიტომ ცდილობდა თავი გაემართლებინა.

მან დაწერა უნიკალური მემუარები, თუმცა მემუარები პირობითად ჰქვია, ესაა მოხსენებითი ბარათი იმის შესახებ, როგორ ხდებოდა სამეულის ფუნქციონირება. აღმოჩნდა, რომ სამეული იკრიბებოდა ძირითადად ღამის პირველ საათზე, უშუალოდ შინსახკომის კომისრის, ანუ მინისტრის, სერგო გოგლიძის კაბინეტში.

კრებები იმართებოდა სამი-ოთხი საათის განმავლობაში და თითო კრება განიხილავდა 150-200 საქმეს. ანუ ყოველი საქმის განხილვა იკავებდა ერთ-ორ წუთს.

რა ხდებოდა – შემოდიოდნენ უშუალოდ შინსახკომის განყოფილების უფროსები, ახსენებდნენ სამეულის წევრებს თუ რის საფუძველზე იქნა დაპატიმრებული ესა თუ ის პიროვნება და რა ბრალი ჰქონდა წაყენებული მას.

სამეული იყო ფორმალური ორგანო, რადგან წინასწარი განაჩენი გამოტანილი იყო სტალინის მიერ, რადგან სტალინს უკვე ჰქონდა ხელი მოწერილი ამ ხალხის დახვრეტის ან გადასახლების შესახებ.

დახვრეტა – ეს იყო პირველი კატეგორია, გადასახლება – მეორე კატეგორია, რაც ითვალისწინებდა ათი წლით რესპუბლიკიდან გასახლებას ძალიან მძიმე პირობებში. ბევრი არც დაბრუნებულა, ძირითადად ჩრდილოეთ ყაზახეთში მიმდინარეობდა გასახლება.

ტალახაძე წერს: „მე, როგორც რესპუბლიკის პროკურორს, არ მქონდა საშუალება წინასწარ გავცნობოდი საქმეებს ან რაიმე მეთქვა. შემოდიოდა ადამიანი, ამბობდა, რომ ამ ადამიანს ბრალი წარდგენილი აქვს ამა და ამ მუხლის მიხედვით, ამის შემდეგ საკითხი წყდებოდა ხმების უმრავლესობით“.

ხმების უმრავლესობაც ფორმალური იყო, რადგან მათ წინასწარ იცოდნენ სტალინის მიერ გამოტანილი განაჩენი და შტამპური წესით ამტკიცებდნენ ამ განაჩენებს.

და, აი, ამ სტალინური სიების მიხედვით 1937-38 წლებში რეპრესირებული იქნა 3600 ადამიანი. მათგან 3500 – პირველი კატეგორიით, ანუ დახვრეტით და მხოლოდ ასი ადამიანი, ძირითადად ქალები, იყვნენ გადასახლებულები, რომელთა უმეტესობა დაიღუპა გადასახლებაში.

სტალინის სიებით ჩატარებული რეპრესიების მიხედვით საქართველო იყო ერთ-ერთ პირველ ადგილზე საკავშირო რესპუბლიკებს შორის.

პროცენტულად, სტალინის სიებით, საქართველო იყო მესამე ადგილას რუსეთის და უკრაინის შემდეგ. სად რუსეთის და უკრაინის მასშტაბი და სად საქართველო. და თუ გავითვალისწინებთ სტალინის სიების შეფარდებას პროცენტულად მოსახლეობის რაოდენობასთან , საქართველო იყო პირველ ადგილზე.

უკვე ამით შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ საქართველოში რეპრესიები აღწევდა უზარმაზარ მასშტაბს.

ეს იყო განპირობებული პირადად სტალინის დამოკიდებულებით ძველი ქართველი ბოლშევიკების და უშუალოდ ქართველი ხალხისადმი. მას სურდა მოესპო არამხოლოდ ძველი ქართველი ბოლშევიკები, არამედ ყველა ადამიანი, ვინც მათთან იყო დაკავშირებული: მათი ნათესავები, მეგობრები, მათ მიერ თანამდებობებზე დაწინაურებული ხალხი. მთლიანად, დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი იქნა განადგურებული საქართველოში სტალინური რეპრესიების ჩარჩოებში.

ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ სტალინის პერიოდში საქართველო სარგებლობდა რაღაცა პრივილეგიებით, რომ რაღაც უპირატესობა ჰქონდა სხვა რესპუბლიკებთან, არის უბრალოდ სამარცხვინო და სასაცილო.

ერთადერთი პრივილეგია საქართველოს რაც ჰქონდა იმით, რომ სტალინი საქართველოდან იყო, საქართველო იყო პირველ ადგილზე რეპრესიების მხრივ.

სსრ კავშირი იყო ფაქტობრივად სახელმწიფო, რომელიც იმართებოდა დამნაშავე რეჟიმის მიერ, ეს დამნაშავე რეჟიმი იყო კომუნისტური რეჟიმი.

უშუალოდ სტალინის ბრალი არის უზომო, იმიტომ, რომ სტალინმა შექმნა ის სსრ კავშირი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ.

მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ თვითონ კომუნიზმის და კომუნისტური იდეოლოგიის დამნაშავე ბუნება, იმიტომ, რომ კომუნისტური იდეოლოგია, რომელიც ეფუძნებოდა ე.წ. კლასთა ბრძოლას, უარყოფდა ისეთ ელემენტარულ ცნებებს, როგორიც არის კერძო საკუთრება, პიროვნების ხელშეუხებლობა… აწამებდა და სიკვდილით სჯიდა ადამიანს არა მის მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის მიხედვით, არამედ უბრალოდ განზრახვის მიხედვით.

კომუნისტებისთვის არ იყო აუცილებელი, ადამიანს, რომელსაც სიკვდილზე აგზავნიდნენ, ჩადენილი ჰქონოდა რამე კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. საკმარისი იყო უბრალოდ არალოიალური ყოფილიყო.

1937-38 წლებში სჯიდნენ რეჟიმისადმი არალოიალურ ხალხს. უნდოდათ იმდენად დაეშინებინათ მოსახლეობა, რომ შემდგომში აზრადაც არავის მოსვლოდა წინააღმდეგობა გაეწიათ კომუნისტური რეჟიმისთვის.

შიშმა დაისადგურა 1937-38 წლების შემდეგ საბჭოთა ადამიანში. მანამ ამ შიშის რესურსი არსებობდა, სანამ საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენდა ხალხი, რომელმაც გამოიარა აი, ეს შიში, მანამ არსებობდა საბჭოთა კავშირი.

საკმარისი იყო ის თაობა წასულიყო და მოსულიყო ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ეს ტერორი, ეს შიში და ეს ყველაფერი გამოვლილი არ ჰქონდა, საბჭოთა კავშირის დღეები დათვლილი იყო. იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი იყო არაბუნებრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, არაბუნებრივი და ბუნების საწინააღმდეგო საფუძველზე დაფუძნებული. ამან გამოიწვია ის, რომ 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დაშლა მოხდა ისე ადვილად, როგორც არავინ არ მოელოდა.

უბრალოდ იმიტომ, რომ შიშის რესურსი, რომელიც ხალხს გამოჰყვა 1937-38 წლების რეპრესიების შემდეგ, დასრულდა. უბრალოდ, აღარ იყო.

  • სტალინისტებში გავრცელებულია მითი, რომ რეპრესიების შესახებ „სტალინმა არ იცოდა“. სინამდვილეში რამდენად იყო რეპრესიებში სტალინი ჩართული, რა იყო მისი როლი?

სტალინის როლი იყო ცენტრალური.

სტალინმა ჩაატარა უზარმაზარი წმენდა კომუნისტურ პარტიაში, გაწმინდა პარტია იმ ხალხისგან, ვინც უკმაყოფილო იყო მისი გენერალური ხაზით და მისი პოლიტიკით და ჩაანაცვლა ისინი უსახური, მლიქვნელი, ყველაფერზე წამსვლელი ახალგაზრდა კარიერისტებით.

სტალინი ამ რეპრესიების დამკვეთი და შემსრულებელი იყო.

ყველა ადამიანი, რომელიც დაიხვრიტა, დაიხვრიტა სტალინის მითითებით. ეს არის უპრეცედენტო, იმიტომ, რომ ფაქტობრივად უზარმაზარი საბჭოთა იმპერიის მოსკოვში მჯდომი ლიდერი, ცეკას პირველი მდივანი, აწერს ხელს რეპრესიებს, დავუშვათ, საქართველოში რომელიღაც ქარხნის დირექტორის ან რომელიღაც სამმართველოს უფროსის დახვრეტის შესახებ.

ეს ამტკიცებს, რამდენად იყო დაინტერესებული სტალინი, რომ მთლიანად გაეწმინდა საქართველო თავისი მოწინააღმდეგეებისგან.

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ სტალინური სიებით გასამართლებულ, დახვრეტილ და გადასახლებულ ადამიანებზე და რამდენი იყო ადამიანი, რომელიც თან გადაჰყვა ამას ყველაფერს… ამ ხალხის ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, პროფესიონალები, რომლებიც იყვნენ დაწინაურებული მათ მიერ და ასევე გადაჰყვნენ ამ რეპრესიებს.

  • როგორ მიაღწია ამ ტერორმა რიგით ადამიანებამდე, უდანაშაულო გლეხობამდე?

კვოტების მიხედვით. იმიტომ, რომ სტალინი უშუალოდ აძლევდა დახვრეტის კვოტებს. მიაჩნდა, რომ საქართველოში უნდა დაიხვრიტოს მაგალითად, 20 ათასი ადამიანი. კვოტების შესავსებად შინსახკომი ხშირად დაავლებდა ხელს უდანაშაულო ადამიანს, მიაწერდა რაღაცა სისულელეს და ხვრეტდა.

ბევრი ადამიანი დახვრეტილი იქნა მარტო იმიტომ, რომ უბრალოდ კვოტები შეესრულებინათ.

აქ უნდა ვისაუბროთ იმ მეთოდებზე, რასაც იყენებდნენ „ენკავედეს“ გამომძიებლები მსხვერპლის მიმართ. არსებობდა ყოველდღიური კვოტები. შინსახკომს ჰქონდა კვოტა, ყოველდღე უნდა დაესრულებინა ათი საქმე, რომელიც ადამიანების დახვრეტას ითვალისწინებდა.

ვინაიდან ძალიან ძნელი იყო ადამიანისგან მიეღოთ ინფორმაცია, რომ ის არის მართლა მტერი, რომ აპირებდა საბჭოთა კავშირის დამხობას, სტალინის ან ბერიას მოკვლას, ერთადერთი გამოსავალი იყო წამება.

წამებამ მიიღო მასობრივი ხასიათი. თითო გამომძიებელს რომ ეიძულებინა ათი ადამიანი დაებრალებინათ რაღაც, ერთადერთი გამოსავალი იყო წამება, რომ მსხვერპლს ბოლოს და ბოლოს ეთქვა – დახვრეტა მირჩევნია ამ წამების გაგრძელებას.

ბევრი ოქმი მინახავს, რომელიც არის სრულიად აბსურდული, სრულიად ფალსიფიცირებული, სიმართლესთან არაფერი საერთო რომ არ აქვთ და ხელმოწერილია. ზოგი ხელმოწერა ნამდვილია, ზოგი არის ფალსიფიცირებული. ხანდახან თვითონ გამომძიებლებიც აწერდნენ ხელს და აყალბებდნენ.

  • დღეს ამ ინტერვიუს ვწერთ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ IDFI-ის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე – „სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები“. რა მნიშვნელობა აქვს ამ ტიპის კონფერენციას საბჭოთა წარსულის გააზრებისათვის?

ამ ტიპის კონფერენციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთია, როცა ვლაპარაკობთ თეორიულად, როცა წარვადგენთ რეპრესიების სტატისტიკას, რომელიც შეიძლება არის საზარელი და საშინელი, მაგრამ ცალკე სტატისტიკა და ცალკე თემაა, როდესაც ვხედავთ სამარხებს და მსხვერპლებს.

ჩვენ ერთი წუთით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი ამ მსხვერპლთა როლში, რას გრძნობდა ადამიანი, რომელიც მიჰყავდათ დახვრეტაზე და რომელსაც ხვრეტდნენ კეფაში ტყვიით…

ამ კონფერენციაზე ეს ყველაფერი ძალიან კარგად იქნა ნაჩვენები. ჩემი აზრით, აუცილებელია ამ სახის კონფერენციების გაგრძელება, აუცილებელია მუშაობა სხვა სამარხების აღმოჩენაზე. მარტო თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე, აი, ამ მიდამოებში იქნა დახვრეტილი ათასამდე მსხვერპლი. ყოველ შემთხვევაში ასეთია ვარაუდი. ეს ადამიანები არსად არ წასულან, ისინი მიწაში არიან და ელოდებიან იმ დღეს, როდესაც მოხდება სამართლიანობის აღდგენა და როცა გამოამზეურებენ დანაშაულს, რომელიც სტალინურმა საბჭოთა კავშირმა და საბჭოთა კავშირმა ზოგადად, ჩაიდინა ქართველი ხალხისა და სხვა ხალხთა წინააღმდეგ.

 

კონფერენცია "სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები (1937-1938) საქართველოში, ქ. ბათუმში“ განხორციელდა პოლონეთის იულიუშ მიეროშევსკის სახელობის დიალოგის ცენტრის (Centrum Dialogu im. Juliusza Mieroszewskiego) ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: "ბათუმელები"