საარქივო და მეხსიერების კვლევები

1937 წლის 22 ნოემბრის “სტალინური სია”

22 ნოემბერი 2023

1937 წლის 22 ნოემბრის ე.წ. „სტალინური სია” გამორჩეული დოკუმენტია “დიდი ტერორის” ისტორიაში, რომელიც საქართველოს სსრ-ისთვის დამტკიცდა. განსასჯელთა რაოდენობით (439 ადამიანი), 22 ნოემბრის სია მხოლოდ 1937 წლის 10 აგვისტოს სიას ჩამოუვარდება, რომელშიც 555 ადამიანია შეყვანილი. სიაში აღმოჩნდნენ საზოგადო მოღვაწეები, მაღალი თანამდებობის პირები და უბრალო ხალხიც. წინამდებარე სტატია წარმოადგენს სიის რაოდენობრივ და შინაარსობრივ ანალიზს. 

 

“დიდი ტერორის” ისტორიაში 1937 წლის 22 ნოემბრის საქართველოს სია პირველი დოკუმენტია, რომელზეც პოლიტბიურო დათანხმდა ლავრენტი ბერიას წინადადებას - მსჯავრდადებულთა საქმეები საქართველოში განეხილა ე.წ. “განსაკუთრებულ სამეულს” (სამეული/ Тройка) და არა სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გასვლითი სესიას, ვინაიდან დაკავების და გასამართლების ტემპები ერთმანეთს ჩამორჩებოდა. მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით საქართველო იყო ერთადერთი გამონაკლისი, სადაც “სტალინურ სიაში” მოხვედრილ ადამიანებს ასამართლებდა განსაკუთრებული სამეული.

 

 

დასკვნა: 

 

1937 წლის 22 ნოემბრის სია წარმოადგენს ჰანა არენდტის მიერ დამკვიდრებული ტერმინის - „ბოროტების ბანალურობის“ ნათელ მაგალითს. სიაში მოხვედრილი ადამიანების მიმართ ბრალდებები გაჯერებულია „აგენტომანიით“, ყველა სფეროში ჯაშუშებისა და რეზიდენტების ძებნისა და გამოვლენის სურვილით, რაც ჩაკეტილი საზღვრებისა და ინფორმაციის გადაცემის შეზღუდული საშუალებების პირობებში არარეალური იყო განხორციელებულიყო საბჭოთა საქართველოში. 

 

1937-1938 წლების “დიდი ტერორის” რეალურ მიზნებს შორის საკითხის სპეციალისტები გამოყოფენ ხელისუფლების კონსოლიდაციას, სავარაუდო პოლიტიკური ოპოზიციისა და ძველი ბოლშევიკების სრულ განეიტრალებას, ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგეების გაჩუმებას, იდეოლოგიური ერთფეროვნების დამკვიდრებას და მრავალ სხვა მიზეზს. უშუალოდ “სტალინური სიებით” გასამართლების მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, ამ სიას შეგვიძლია დავამატოთ შიშის, ტერორის და საყოველთაო უნდობლობის დანერგვა, ავტორიტეტების მსხვრევა და “საბჭოთა ადამიანის” ფორმირების პროცესის საბოლოო გადაწყვეტა. სტალინმა მასობრივი რეპრესიებით ყველა ჩამოთვლილ მიზანს მიაღწია. 

 

ინტენსიური რეპრესიების ეპოქის შემდეგაც, საბჭოთა საზოგადოებაში შიშისა და უნდობლობის მემკვიდრეობა შენარჩუნდა. რეპრესიით გამოწვეული ტრავმა გავლენას ახდენდა ინდივიდებსა და საზოგადოებაზე თაობების განმავლობაში. რეპრესიულმა პოლიტიკამ ჩამოაყალიბა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური კულტურა, ხელი შეუწყო „ავტორიტეტისადმი“ შესაბამისობისა და მორჩილების გარემოს, რამაც ხანგრძლივი გავლენა იქონია სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაზე პოსტსაბჭოთა ეპოქაში.

 

რთულია, 1937 წლის 22 ნოემბრის სიაში მოხვედრილი ზოგიერთი პიროვნების საქმიანობის სფეროსა და ბრალდებას შორის ურთიერთკავშირის მოძებნა: მაგალითად, სამკურნალო-სანიტარული სამმართველოს იურისტ-კონსულტანტი, დიმიტრი ესტატეს ძე ღამბაშიძე, რომელსაც ბრალად დასდეს ამერიკული და ინგლისური სადაზვერვო სამსახურების აგენტობა. ბუღალტერი ხარაზოვი - რომელიც ამერიკის დაზვერვის აგენტობაში დასდეს ბრალი, მაკარონის ფაბრიკის პარტკომის მდივანი და სასადილოს გამგე თომა ცერცვაძე - რომელიც ბრალდების თანახმად გესტაპოს აგენტი და ფაშიზმის აგიტატორი “აღმოჩნდა”, ასევე გესტაპოს აგენტობაში დასდეს ბრალი, ლუდის მხარშავ ქრისტოფორ ქრისტოფორის ძე ფორერს. რამდენიმე ათეული ადამიანი გასამართლდა სტალინისა და ბერიას მიმართ ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით. 

 

…და, კიდევ რამდენიმე სტატისტიკური ინფორმაცია: 439-დან 62 ადამიანის ბრალდების ერთ-ერთ დასაბუთებას ვინმეს მიერ ჩვენებით „მხილება“ წარმოადგენს. 46 მათგანი ამზადებდა ტერაქტს ლავრენტი ბერიას, ხოლო 2 -  ვასილ გიორგის ძე ჟუჟუნავა და ივანე ვოლკოვსკი (ფომიჩევი) გიორგის ძე - თავად ბელადის, სტალინის წინააღმდეგ. 3 რეპრესირებული ჯაშუშობდა იაპონიის სასარგებლოდ…