...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

სერგო ფარაჯანოვის რეაბილიტაცია

10 იანვარი 2024


2023 წლის 20 დეკემბერს, უკრაინის რეაბილიტაციის ეროვნულმა კომისიამ რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მისი 100 წლის იუბილეზე, 2024 წლის 9 იანვარს გამოცხადდა.

 

სერგო ფარაჯანოვის რეაბილიტაცია შესაძლებელი გახდა 2018 წელს, უკრაინის კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ფარაჯანოვი არ ყოფილა გასამართლებული ე.წ. “პოლიტიკური მუხლით”, კანონი მისი რეაბილიტაციის საშუალებას არ იძლეოდა. უკრაინის კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების შემდეგ, რეაბილიტაცია სხვა მუხლებით გასამართლების შემთხვევაშიც გახდა შესაძლებელი - თუ კი დამტკიცდებოდა სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური დევნის მოტივი. როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის სახელმწიფო არქივის დირექტორმა, ანდრიი კოჰუტმა IDFI-ისთან საუბარში განაცხადა, ფარაჯანოვის შემთხვევაში, რეჟიმის მხრიდან დევნა საარქივო დოკუმენტებით მარტივად დადგინდა. შესაბამისი კომისიის სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა, სიახლე კი რეჟისორის დაბადების დღეს გაჟღერდა. 

 

“სერგეი ფარაჯანოვის იურიდიული რეაბილიტაცია - ეს არაჩვეულებრივი, აღსანიშნი მოვლენაა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სიკეთე და სამართლიანობა, თუნდაც მხოლოდ სტრატეგიული გადმოსახედიდან, ადრე თუ გვიან მაინც გაიმარჯვებს. კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის, ისევე როგორც ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლებს აქვთ უფლება და შესაძლებლობა, რეაბილიტირდნენ ღირსეულად და სამართლიანად. ძალიან ამაღელვებელია, რომ ეს რეაბილიტაცია სერგეი ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს დაემთხვა.” - აღნიშნა უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანტონ დრობოვიჩმა. 

 

სერგო ფარაჯანოვი დაიბადა 1924 წლის 9 იანვარს თბილისში, მისი ფილმები, ძირითადად, კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს. იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა უკრაინული კინემატოგრაფისთვისაც: მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი - “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები” (1964) - უკრაინულ კულტურის შესახებაა.

 

სერგო ფარაჯანოვი უკრაინის სსრ უშიშროების კომიტეტმა (КГБ) 1973 წელს, ვინმე მიხაილოვის საჩივრის საფუძველზე დააპატიმრა. როგორც უკრაინის უკრაინის უშიშროების სამსახურის სახელმწიფო არქივში დაცული აღრიცხვის ბარათში ფარაჯანოვის შესახებ აღნიშნულია, რომ  ის “ცილს სწამებდა საბჭოთა ხელისუფლებას, ახორციელებდა ძვირფასეულობითა და ანტიკვარიატით სპეკულაციას, ეწეოდა გარყვნილ ცხოვრებას, იყო ჰომოსექსუალი”. 

 

                 

დოკუმენტი დაცულია უკრაინის უშიშროების სამსახურის სახელმწიფო არქივში

 

თუმცა, რეალურად ფარაჯანოვის დაპატიმრება და გასამართლება მისი სხვა აქტიურობით იყო გამოწვეული. მათ შორის, მაგალითად, მან ხელი მოაწერა უკრაინის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისათვის მიწერილ “ძიუბას წერილს”, რომელშიც დაგმობილი იყო უკრაინის რუსიფიკაცია და ეროვნული კულტურის შევიწროება. რეჟისორი ღიად აკრიტიკებდა საბჭოთა ხელისუფლებას, გამოდიოდა “სოცრეალიზმისათვის საფლავის გათხრისა” და “კინოდან წითელი კომისრების გაყრის” მოწოდებებით, აკრიტიკებდა ხელოვნების თავისუფლების შეზღუდვას. უკრაინის КГБ-ის თავმჯდომარე ხაზს უსვამდა ფარაჯანოვის მეგობრობას უკრაინელ მწერლებთან და დისიდენტებთან. ასევე, აღნიშნული იყო, რომ რეჟისორმა სცადა მასშტაბური დემონსტრაციების ორგანიზებას 1972-1973 წლებში მათ წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესების გასაპროტესტებლად.

 

ფარაჯანოვს 5 წლით შრომა-გასწორების ბანაკში გადასახლება მიესაჯა. КГБ აქტიურად ავრცელებდა ფარაჯანოვის რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციას, რათა მისი მხარდამჭერები დაედუმებინა. თუმცა მსოფლიოში ცნობილი კულტურული მოღვაწეები შეუერთდნენ ფარაჯანოვის გათავისუფლების საერთაშორისო კამპანიას, მაგალითად, როგორებიც არიან კინორეჟისორები ფედერიკო ფელინი და ჟან-ლუკ გოდარი. 

 

ფარაჯანოვი 1977 წელს გაათავისუფლეს პატიმრობის ვადის დასრულებამდე ერთი წლით ადრე. გათავისუფლების შემდეგ მან დატოვა უკრაინა და  მშობლიურ ქალაქში, თბილისში დაბრუნდა.

 

სერგო ფარაჯანოვი 1990 წლის 20 ივლისს, ერევანში გარდაიცვალა.