...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

თეზისების კრებული - საერთაშორისო კონფერენცია “სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის (1937-1938) მასობრივი სამარხები ბათუმში, საქართველოში”

07 თებერვალი 2024


2023 წლის 5-6 ოქტომბერს, ბათუმში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), იულიუშ მიეროშევსკის დიალოგის ცენტრის (Centrum Dialogu im. Juliusza Mieroszewskiego) ფინანსური მხარდაჭერით, გამართა საერთაშორისო კონფერენცია - “სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის (1937-1938) მასობრივი სამარხები ბათუმში, საქართველოში”. 

 

კონფერენცია ეხებოდა 2019 წელს ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში აღმოჩენილ მასობრივ სამარხებს, რამაც ბათუმი და, ზოგადად, აჭარა, რეპრესირებულთა საკითხის შესწავლის კუთხით საქართველოში უმნიშვნელოვანეს რეგიონად აქცია. 2022 წელს IDFI-ს, პოლონელი ექსპერტებისა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ერთობლივი ძალისხმევით, მე-6 სამარხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება, ნეშტების ექსჰუმაცია და ანთროპოლოგიური კვლევა გახდა შესაძლებელი - ამ პროცესში მონაწილე არქეოლოგებმა და ანთროპოლოგებმა კონფერენციაზე შესაბამისი სამეცნიერო ანგარიშები წარმოადგინეს. ქართულ საზოგადოებაში დღემდე არსებობს იდეოლოგიური დაპირისპირება კომუნისტური წარსულის მიმართ პოზიტიურად განწყობილ ადამიანებსა და იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ამ პერიოდს უარყოფითად აღიქვამენ. კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ საკითხის განხილვა, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისათვის კომუნიზმისა და სტალინიზმის რეალური, ტოტალიტარული სახის ჩვენება იყო. 

 

კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ აკადემიური წრის გამორჩეული წევრები და დარგის ექსპერტები საქართველოდან, პოლონეთიდან, მოლდოვიდან, ჩეხეთიდან, ყაზახეთიდან და გერმანიიდან. მონაწილეთა შორის იყო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2022 წლის ლაურეატი ორგანიზაციის, საზოგადოება “საერთაშორისო მემორიალის” თავმჯდომარე, იან რაჩინსკი, რომელმაც საბჭოთა რეპრესიების კვლევის სირთულესა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 

გარდა მასობრივი სამარხების თემისა, კონფერენცია ტოტალიტარული წარსულის მქონე ქვეყნების მეხსიერების პოლიტიკასა და, ამ კუთხით, არქივების მნიშვნელობას შეეხებოდა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ პრაქტიკებზე, გამოცდილებაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე  ისაუბრეს.  

 

კონფერენციასა და მისი მონაწილეების მიერ განხილული თემების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, IDFI აქვეყნებს მომხსენებელთა მიერ მოწოდებული თეზისების კრებულს. 

 

კონფერენციის მომხსენებელთა თეზისები იხილეთ აქ