...
10 მარტი 2023
გორის დრამატულ თეატრში პროექტის - „აღმოაჩინე გორი“ პრეზენტაცია გაიმართა
სიახლეები

 

2023 წლის 14 თებერვალს, გორში, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში პროექტის - „აღმოაჩინე გორი“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

პროექტმა „აღმოაჩინე გორი“ ქალაქის კულტურული იდენტობის უკეთ წარმოსაჩენად, გორში არსებული ისეთი ლოკაციები და პერსონები გააცოცხლა, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალაქის მნიშვნელობას ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში.

 

პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებულ სხვადასხვა ისტორიულ და მივიწყებულ ლოკაციებსა და სახლ-მუზეუმებთან აღიმართა საინფორმაციო დაფები, რომლებიც ქალაქის მივიწყებულ ისტორიებს ჰყვება, შეიქმნა „იდენტობის რუკა“ და ვებგვერდი www.gorimaps.ge, სადაც რეგიონის შესახებ საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალასა და საარქივო დოკუმენტია ატვირთული.

 

ახალი მიმართულებების გაცნობის შესაძლებლობა 14 თებერვალს ისტორიკოსებს, გიდებს, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქალაქის ალტერნატიული ტურის ფარგლებში მიეცათ.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის, ანტონ ვაჭარაძის განცხადებით, გორში ალტერნატიული მარშრუტების განვითარება ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ტურისტული პოტენციალის, ასევე მისი შემოსავლების ზრდას.

 

„პროექტს ორი მიზანი აქვს: პირველი, ვაჩვენოთ ტურისტებს, რომ გორს ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი და, მეორე, ამ გზით გავზარდოთ გორის ტურისტული პოტენციალი, როგორც შიდა, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის” - აცხადებს ის.

 

ტურის ფარგლებში, სტუმრებს გადაეცათ ქალაქის განახლებული რუკა, რომელზეც ყველა ახალი ლოკაციაა დატანილი. ქალაქზე ალტერნატიული ისტორიების მოძიება კი შესაძლებელია ვებგვერდზე: www.gorimaps.ge.

 

პროექტი „აღმოაჩინე გორი“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, USAID-ისა და Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

 

პროექტი, ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ფარგლებში, ფინანსურად უზრუნველყო USAID-მა, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით.