სიახლეები

ეროვნული გმირის წოდება 1923 წელს დახვრეტილი "სამხედრო ცენტრის" წევრებისთვის

01 ივნისი 2023

2023 წლის 26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, 1923 წელს “საქართველოს სამხედრო ცენტრის” დახვრეტილ წევრებს მიენიჭოთ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

 

საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და ორდენი დაწესდა 2004 წლის 24 ივნისს და დღემდე მინიჭებული აქვს 24 ადამიანს. პრეზიდენტის ინიციატივით, ამ რიცხვს კიდევ 15 ადამიანი დაემატება სამხედრო ცენტრიდან.

 

2016 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივითა და მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით „სამხედრო ცენტრის“ წევრთა გმირობის უკვდავსაყოფად ქ. თბილისში განთავსდა მემორიალური დაფები მათი საცხოვრებელი მისამართების მიხედვით.

 

IDFI მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა არის დროული და მნიშვნელოვანი გზა იმისათვის, რომ სათანადო პატივი მივაგოთ ქვეყნის თავგანწირულ გმირებს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილ „საქართველოს სამხედრო ცენტრის“ წევრთა ხსოვნას. 

 

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა საბჭოთა წარსულის გააზრების კუთხით უფრო ფართო გამოწვევებთან გამკლავება. საბჭოთა სახელმწიფოს განდიდება და სტალინის კულტის დაბრუნება პუტინის რუსეთის ერთ-ერთი ინსტრუმენტია წარმოებულ ჰიბრიდულ ბრძოლაში. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიების ერთ-ერთი გზაგამტარი საქართველოში სწორედ ზემოაღნიშნული მეთოდებია.

 

აღსანიშნავია, რომ რეპრესირებულ პირთა ხსოვნასთან მიმართებით არაერთ პრობლემას ვაწყდებით საქართველოში, მათ შორისაა:

 

- 7 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისთვის;

 

- ბათუმში აღმოჩენილი პირველი მასობრივი სამარხის გარშემო ინტერესის ნაკლებობა;

 

- მეხსიერების პოლიტიკის არარსებობა საჯარო სივრცეებში, სკოლის სახელმძღვანელოებში და ა.შ.



ეს ის პრობლემებია, რომლებზეც IDFI მუდმივად საუბრობს და ადვოკატირების კამპანიებს ახორციელებს, თუმცა ქმედითი ღონისძიებები საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ არ გაუტარებია.