სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია - “ახალი საზღვრები: სამხრეთ კავკასია ახალი გამოწვევების ფონზე”

26 ივნისი 2023

 

2023 წლის 22-23 ივნისს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მე-9 წლიური კონფერენცია - “ახალი საზღვრები: სამხრეთ კავკასია ახალი გამოწვევების ფონზე” გაიმართა.

 

აღნიშნული კონფერენციაზე, მრგვალი მაგიდის დისკუსიის - “საარქივო ხელმისაწვდომობა და ღიაობა კავკასიასა და ევრაზიაში” ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მოხსენება წარადგინა, სადაც ყურადღება გაამახვილა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონისა და საჯაროობის სტანდარტების შესახებ. აღნიშნა, რომ ახალი კანონით არსებითად შეიცვალა პერსონალური მონაცემების დაცვისა და ინფორმაციის გამჭვირვალობის ბალანსი და დადგინდა საჯაროობის ახალი სტანდარტები, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. ამავდროულად, ხაზი გაუსვა, რომ ახალი კანონი ითვალისწინებს საარქივო დოკუმენტების ღიაობის საკითხის მოწესრიგებასაც, თუმცა საჭიროა კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, პრაქტიკული განხორციელების დაკვირვებაც.

 

დისკუსიას უძღვებოდა ტიმოთი ბლაუველთი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: კატრიონა კელი (კემბრიჯის უნივერსიტეტი), ევგენია პრუსსკაია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი), ჰარისონ კინგი (ბერკლის უნივერსიტეტი), არამ გუგასიანი (პრინსტონის უნივერსიტეტი).

 

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მე-9 წლიურ კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებმა თავიანთი კვლევები წარადგინეს, რომლებიც მოიცადა თემების ფართო სპექტრს, მათ შორის: კონფლიქტი, ადამიანთა მიგრაცია, პოლიტიკა, მედიის როლი, სამოქალაქო საზოგადოება და აქტივიზმი. დისკუსიის ფარგლებში, განხორციელდა კვლევის მეთოდებთან დაკავშირებული შეხედულებებისა და იდეების განხილვა.